ათი კეთროვნის განკურნება იერუსალიმში იესოს საბოლოო მოგზაურობის დროს
თავი 92
ათი კეთროვნის განკურნება იერუსალიმში იესოს საბოლოო მოგზაურობის დროს
იესო იერუსალიმის დატოვებით ხელს უშლის სინედრიონის მცდელობას, მოკლან ის და მიემგზავრება ქალაქ ეფრემში, რომელიც იერუსალიმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 24 კილომეტრითაა დაშორებული. ის იქ, მტრებისგან მოშორებით, მოწაფეებთან ერთად იმყოფება.
მაგრამ ახლოვდება ახ. წ. 33 წლის პასექი და მალე იესო კვლავ გზას ადგება. ის სამარიის გავლით გალილეაში მიემგზავრება. ამ მხარეს იესო სიკვდილამდე უკანასკნელად ინახულებს. გალილეაში ყოფნისას, ალბათ, თავის მოწაფეებთან ერთად უერთდება სხვებს, რომლებიც პასექის აღსანიშნავად იერუსალიმში მიდიან. მათ გზად უნდა გაიარონ პერეას მხარე, რომელიც მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით მდებარეობს.
მოგზაურობის დასაწყისში, როცა იესო სამარიის ან გალილეის ერთ-ერთ სოფელში შედის, ხვდება ათ კეთროვან მამაკაცს. ეს საშინელი დაავადება თანდათანობით ჭამს სხეულის ნაწილებს — ხელისა და ფეხის თითებს, ყურებს, ცხვირსა და ტუჩებს. დაინფიცირებისგან სხვების დაცვის მიზნით ღვთის რჯული კეთროვნის შესახებ ამბობს: „პირამდე შებურვილი უნდა იყოს და ყვიროდეს: უწმიდური, უწმიდური: რამდენ ხანსაც წყლულია მასზე, იმდენ ხანს იქნება უწმიდური. . . განცალკევებით უნდა ცხოვრობდეს“.
ეს ათი კეთროვანი იცავს რჯულის შეზღუდვებს, რომლებიც მათ ეხებათ და, ამიტომ იესოსთან ახლოს არ მიდიან. მაგრამ ხმამაღლა ყვირიან: „შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!“
როცა იესო ხედავს, რომ ისინი მოშორებით დგანან, უბრძანებს: „წადით, ეჩვენეთ მღვდლებს“. იესო ამას იმიტომ ამბობს, რომ ღვთის რჯული მღვდლებს აძლევს უფლებამოსილებას, განკურნებულად გამოაცხადონ მორჩენილი კეთროვნები. ამგვარად, მათ ეძლევათ ჯანმრთელ ადამიანებთან კვლავ ცხოვრების უფლება.
ამ ათ კეთროვანს სწამს იესოს სასწაულებრივი ძალა. ამიტომ ისინი მღვდლის სანახავად მიისწრაფიან, თუმცა ჯერ არ არიან განკურნებულები. გზაში იესოსადმი მათი რწმენა ჯილდოვდება. ისინი ხედავენ და გრძნობენ, რომ ჯანმრთელობა უბრუნდებათ!
განწმენდილებიდან ცხრა განაგრძობს თავის გზას, ხოლო ერთი მათგანი, სამარიელი, იესოსთან ბრუნდება. რატომ? ის დიდი მადლიერების გრძნობითაა გამსჭვალული მომხდარის გამო. ის ხმამაღლა განადიდებს ღმერთს და, როცა იესოს პოულობს, მის ფეხებთან ემხობა და მადლობას უხდის.
პასუხად იესო ეუბნება: „ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრანი სადღა არიან? როგორ მოხდა, რომ უცხოტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?“
შემდეგ ის სამარიელს ეუბნება: „ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა“.
როცა ვკითხულობთ იესოს მიერ ათი კეთროვნის განკურნების შესახებ გულამდე უნდა მივიტანოთ გაკვეთილი, რომელიც ჩადებულია კითხვაში: „ცხრანი სადღა არიან?“ უმადურება, რომელიც ცხრა განკურნებულმა გამოავლინა, სერიოზული ნაკლია. ვიქნებით თუ არა სამარიელის მსგავსად მადლიერები იმისათვის, რასაც ღვთისგან ვღებულობთ, მის ახალ, სამართლიან ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლის მტკიცე აღთქმის ჩათვლით? იოანე 11:54, 55; ლუკა 17:11–19; ლევიანნი 13:16, 17, 45, 46; გამოცხადება 21:3, 4.
▪ როგორ უშლის ხელს იესო მისი მოკვლის მცდელობას?
▪ სად მიდის შემდეგ იესო და რა მიზნით?
▪ რატომ დგანან კეთროვნები მოშორებით და რატომ ეუბნება იესო მათ, რომ მღვდლებთან წავიდნენ?
▪ რა უნდა ვისწავლოთ ამ შემთხვევიდან?