არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ამაყები და თავმდაბლები

ამაყები და თავმდაბლები

თავი 39

ამაყები და თავმდაბლები

იოანეს ღირსებების მოხსენიების შემდეგ იესო ყურადღებას ამახვილებს მის ირგვლივ მყოფ ამაყ, მერყევ ხალხზე. „ეს მოდგმა, — აცხადებს ის, — წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და მოუხმობენ თავიანთ ამხანაგებს. და ეუბნებიან: ‘სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, ვგოდებდით და არ იგლოვეთ’“.

რას გულისხმობს იესო? ის განმარტავს: „მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო. მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი, რომელსაც უყვარს ჭამა და ღვინის სმა, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი“.

შეუძლებელია, ამ ხალხს ასიამოვნო. მათ არაფერი მოსწონთ. როგორც ანგელოზმა თქვა იოანეს შესახებ, ის ‘ღვინოსა და სათრობელს არ სვამს’, არამედ, როგორც მოწმიდარი, თავდადებულ, ასკეტურ ცხოვრებას ეწევა. მაგრამ ხალხი ამბობს, რომ ის დემონებითაა შეპყრობილი. მეორე მხრივ, იესო სხვა ადამიანებივით ცხოვრობს, არ მისდევს ასკეტიზმს და თავაშვებულობაში ადანაშაულებენ.

რამდენად რთულია, ასიამოვნო ამ ხალხს! ისინი იმ მეგობარი ბავშვების მსგავსნი არიან, რომელთაგან ზოგი არ ცეკვავს, როცა სხვები სალამურს უკრავენ, ან გოდებით არ ეხმაურება ამხანაგების ტირილს. მიუხედავად ამისა, იესო ამბობს: „სიბრძნე საქმეებითაა გამართლებული“. დიახ, ფაქტები, — საქმეები, — ნათელს ხდის, რომ ბრალდებები როგორც იოანეს, ისე იესოს წინააღმდეგ, არასწორია.

შემდეგ იესო იწყებს სამი ქალაქის: ქორაზინის, ბეთსაიდისა და კაპერნაუმის ყვედრებას, სადაც მან მოახდინა თავისი ძლევამოსილი საქმეების უმრავლესობა. იესო ამბობს, რომ ეს საქმეები ფინიკიის ქალაქ ტვიროსსა და სიდონში რომ გაეკეთებინა, ისინი ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ. კაპერნაუმის განსჯისას, რომელიც, როგორც ჩანს, მისი მსახურების ძირითადი ადგილია, იესო აცხადებს: „სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ“.

შემდეგ იესო საჯაროდ განადიდებს თავის ზეციერ მამას. ამის გაკეთებისკენ მას აღძრავს ის ფაქტი, რომ ღმერთი სულიერი ჭეშმარიტებების განძს უფარავს ბრძენ და ინტელექტუალურ ადამიანებს და ამ სასწაულებრივ საკითხებს თავმდაბლებს, ასე ვთქვათ, ბავშვებს უხსნის.

ბოლოს იესო იძლევა გულითად მოწვევას: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“.

როგორ შეუძლია იესოს მოასვენოს, ანუ გამოაცოცხლოს, ადამიანები? ადამიანების გათავისუფლებით რელიგიური წინამძღოლების მიერ მძიმე ტვირთად დადებული ტრადიციების მონობისგან, რაშიც შედის, მაგალითად, შაბათის დაცვასთან დაკავშირებული წესი. მან შემსუბუქების გზა უჩვენა მათაც, რომლებსაც დამთრგუნველ ტვირთად აწევთ პოლიტიკური ბატონობა და რომლებსაც ცოდვების გამო სინდისი ქენჯნით. ის ასეთ, სინდისით შეწუხებულ, ადამიანებს აჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ცოდვების მიტევება და ღმერთთან ძვირფასი ურთიერთობით ტკბობა.

იესოს მიერ შემოთავაზებული სასიამოვნო უღელი არის ღვთისადმი სრული მიძღვნა, რომელიც გვაძლევს ჩვენი თანამგრძნობი, გულმოწყალე ზეციერი მამისადმი მსახურების შესაძლებლობას. მსუბუქი ტვირთი კი, რომელსაც იესო მასთან მიმსვლელებს სთავაზობს, არის სიცოცხლის მისაღწევად ღვთის იმ მოთხოვნებისადმი მორჩილება, რაც მას თავის სიტყვაში, ბიბლიაში აქვს ნაბრძანები. და ეს მორჩილება სულაც არ არის დამამძიმებელი. მათე 11:16–30; ლუკა 1:15; 7:31–35; 1 იოანე 5:3.

▪ რით ჰგავს იესოს დროინდელი თაობის ამაყი და მერყევი ხალხი ბავშვებს?

▪ რატომ არის იესო აღძრული თავისი ზეციერი მამის განსადიდებლად?

▪ რა გაგებით არის ხალხი გადატვირთული და რა შემსუბუქებას სთავაზობს იესო?