არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ასისთავის დიდი რწმენა

ასისთავის დიდი რწმენა

თავი 36

ასისთავის დიდი რწმენა

იესო მთაზე ქადაგებას წარმოთქვამს თავისი საჯარო მსახურების დაახლოებით შუა პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე მსახურების დასასრულებლად მას მხოლოდ წელიწადი და ცხრა თვე რჩება.

ახლა იესო შედის ქალაქ კაპერნაუმში, თავისი მოღვაწეობის ძირითად ადგილას. აქ მასთან თხოვნით მიდის რამდენიმე იუდეველი უხუცესი. ისინი გამოგზავნა წარმართმა, არაიუდეველმა, რომის ჯარის ასისთავმა.

ასისთავის საყვარელი მონა სერიოზულად არის დაავადებული, სიკვდილის პირასაა და ასისთავის სურვილია, იესომ განკურნოს ის. იუდეველები დაბეჯითებით სთხოვენ ასისთავისთვის: „იგი ღირსია, რომ ეს გაუკეთო, ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა მან აგვიშენა“.

იესო უყოყმანოდ მიჰყვება მამაკაცებს. მაგრამ, როცა ისინი უკვე ახლოს არიან, ასისთავი თავის მეგობრებს აგზავნის იესოსთან, რათა უთხრან: „უფალო, ნუ გაირჯები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად“.

როგორი თავმდაბლობის გამოვლენაა ასისთავის მხრიდან, რომელიც სხვებზე მბრძანებლობასაა მიჩვეული! მაგრამ, შესაძლოა, ის იესოზეც ფიქრობს, რადგან ესმის, რომ იუდეველთა ჩვეულება კრძალავს ურთიერთობას არაიუდევლებთან. ერთხელ პეტრემაც თქვა: „თქვენ უწყით, რომ იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან“.

შესაძლოა, ასისთავს სურს, აარიდოს იესოს ამ ჩვეულების დარღვევის შედეგები და თავის მეგობრებს აბარებს თხოვნას: „მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: წადი! და მიდის. და სხვას: მოდი! და მოდის. ჩემს მონას: გააკეთე ეს! და აკეთებს“.

იესოს აოცებს ამის მოსმენა. „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, — ამბობს ის: — ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა“. ასისთავის მონის განკურნების შემდეგ იესო სარგებლობს შემთხვევით და ჰყვება, თუ როგორ მიიღებენ კეთილგანწყობილებასა და კურთხევას მორწმუნე არაიუდეველები, რომლებიც უარყოფილი არიან ურწმუნო იუდეველების მიერ.

„მრავალნი, — ამბობს იესო, — მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში. ხოლო სასუფევლის ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა“.

‘გარესკნელის სიბნელეში გადაყრილი სასუფევლის ძენი’ არიან დაბადებით იუდეველები, რომლებმაც ხელიდან გაუშვეს ქრისტეს თანამმართველებად ყოფნის შესაძლებლობა, რომელიც პირველად მათ შესთავაზეს. აბრაამი, ისაკი და იაკობი ღვთის სამეფოს ღონისძიებას წარმოადგენენ. ამით იესო აჩვენებს, რომ წარმართები მოწვეული იქნებოდნენ ზეციერ სუფრასთან, ანუ „ცათა სასუფეველში“. ლუკა 7:1–10; მათე 8:5–13; საქმეები 10:28.

▪ რატომ სთხოვენ იუდეველები წარმართი ასისთავისთვის?

▪ რით შეიძლება აიხსნას, რომ ასისთავი სახლში არ იწვევს იესოს?

▪ რის თქმა სურს იესოს დასკვნითი შენიშვნებით?