არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აღდგომის იმედი

აღდგომის იმედი

თავი 90

აღდგომის იმედი

ბოლოს და ბოლოს, იესო ჩადის სოფელ ბეთანიაში, რომელიც დაახლოებით სამი კილომეტრითაა დაშორებული იერუსალიმიდან. მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული მას შემდეგ, რაც ლაზარე მოკვდა და დამარხეს. მისი დები მარიამი და მართა ჯერაც გლოვობენ და მრავალი მიდის მათ სანუგეშებლად.

როცა ისინი გლოვობენ, ვიღაცა მართას აუწყებს, რომ იესო მოდის. ამიტომ ის მასთან შესახვედრად ისწრაფის და, როგორც ჩანს, ამ ამბის შესახებ თავის დას არ ეუბნება. როცა იესოსთან მიდის, მართა იმეორებს იმ სიტყვებს, რომლებიც მას და მის დას, ალბათ, არაერთხელ უთქვამთ უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“.

მაგრამ მართა გადაკვრით გამოთქვამს იმედს, რომ იესოს შეუძლია მისი ძმისთვის რამის გაკეთება:

— ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს ღმერთი, — ეუბნება ის.

— აღდგება შენი ძმა, — ჰპირდება იესო.

მართას ჰგონია, რომ იესო ლაპარაკობს მომავალში დედამიწაზე აღდგენის შესახებ, რომელსაც აბრაამი და ღვთის სხვა მსახურებიც მოელოდნენ. ამიტომ ის პასუხობს: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“.

მაგრამ იესო დაუყოვნებელი დახმარების იმედს აძლევს: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“. ის მართას ახსენებს, რომ ღმერთმა მისცა სიკვდილზე ძალაუფლება და ეუბნება: „ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე“.

იესო მართას არ ეუბნება, რომ მათი თანამედროვე ერთგული ადამიანები არასდროს დაიხოცებიან. არა, მაგრამ ის მიუთითებს იმაზე, რომ მისადმი რწმენის გამომვლენნი მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს. ასეთი სიცოცხლით დატკბება უკანასკნელ დღეს აღმდგარ ადამიანთა უმეტესობა. მაგრამ სხვა ერთგულები გადაიტანენ დედამიწაზე ამ სისტემის აღსასრულს და იესოს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით ახდება მათზე. ისინი აღარასდროს დაიხოცებიან! ამ შესანიშნავი განცხადების შემდეგ იესო ეკითხება მართას:

— გწამს ეს?

— დიახ, უფალო, — პასუხობს ის, — მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა, რომელიც ამ წუთისოფლად მოდის.

შემდეგ მართა სახლისკენ მიისწრაფის, თავის დას უხმობს და განმარტოებით ეუბნება: „მოძღვარია აქ და შენ გიხმობს“. მარიამი მაშინვე ტოვებს სახლს. ამის დანახვაზე სხვები უკან მიჰყვებიან, რადგან დარწმუნებული არიან, რომ სამარხთან მიდის.

იესოსთან მისვლისას მარიამი ტირილით ემხობა მის ფეხებთან.

— უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა, — ეუბნება ის. იესო ღრმად შეძრა მარიამისა და მისი თანმხლები ხალხის ტირილმა.

— სად დაასვენეთ იგი? — ეკითხება ის.

— უფალო, მოდი და ნახე, — პასუხობენ ისინი.

იესოც ტირის, რის გამოც იუდეველები ამბობენ: „ნახე, როგორ ჰყვარებია!“

ზოგი იხსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ კარვობის დღესასწაულზე მან დაბადებიდან ბრმა ახალგაზრდა მამაკაცი განკურნა და კითხულობენ: „ნუთუ ბრმის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ ეს არ მომკვდარიყო?“ იოანე 5:21; 6:40; 9:1–7; 11:17–37.

▪ ბოლოს და ბოლოს, როდის ჩადის იესო ბეთანიაში და რა სიტუაციაა იქ?

▪ რის საფუძველზე აქვს მართას აღდგომის იმედი?

▪ როგორ მოქმედებს იესოზე ლაზარეს სიკვდილი?