არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„აჰა, კაცი!“

„აჰა, კაცი!“

თავი 123

„აჰა, კაცი!“

იესოს ქცევით განცვიფრებული და მის უდანაშაულობაში დარწმუნებული პილატე სხვა გზებს ეძებს მის გასათავისუფლებლად. „ხომ გაქვთ ჩვეულება, — მიმართავს ის ხალხს, — რომ პასექზე ერთი გაგითავისუფლოთ“.

ამ დროისთვის დაპატიმრებულია ბარაბაც, ცნობილი მკვლელი, ამიტომ პილატე ეკითხება: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?“

მღვდელმთავრების მიერ დაჯერებული გაღიზიანებული ხალხი მოითხოვს ბარაბას გათავისუფლებას და იესოს მოკვლას. პილატე მაინც არ ნებდება და კვლავ ეკითხება:

— ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?

— ბარაბა, — ყვირიან ისინი.

— იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს? — ეკითხება შეცბუნებული პილატე.

— ჯვარცმულ იქნეს! — გამაყრუებელი ხმით ყვირიან ისინი. — ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგ.

პილატეს ესმის, რომ ისინი უდანაშაულო კაცის მოკვლას მოითხოვენ და იცავს მას: „რა ბოროტება ჩაიდინა მან? მე ვერაფერი სასიკვდილო დანაშაული ვერ ვპოვე მასში. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ“.

მისი მცდელობის მიუხედავად, თავიანთი რელიგიური წინამძღოლებისგან წაქეზებული გაშმაგებული ბრბო, განაგრძობს ყვირილს: „ჯვარცმულ იქნეს!“ მღვდლების მიერ აღძრულ, გააფთრებულ ბრბოს სისხლი სწყურია. წარმოიდგინე, სულ ხუთიოდე დღის წინ ზოგი მათგანი, შესაძლოა, მათ შორის იმყოფებოდა, ვინც ზეიმით შეხვდა იერუსალიმში იესოს, როგორც მეფის, შესვლას! ამ დროის განმავლობაში იესოს მოწაფეები, თუ ისინი აქ ესწრებიან, ჩუმად და შეუმჩნევლად არიან.

პილატე, როცა ხედავს, რომ მისი მიმართვა კარგი შედეგის ნაცვლად შფოთს იწვევს, იღებს წყალს, ბრბოს წინაშე ხელებს იბანს და ამბობს:

— უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან. თქვენ იცით.

ამაზე ხალხი პასუხობს:

— ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი.

ამიტომ მათი მოთხოვნის შესაბამისად — და იმის სურვილით, რომ დააკმაყოფილოს უფრო მეტად ბრბოს მოთხოვნა, ვიდრე იმის მიხედვით იმოქმედოს, რასაც სამართლიანად მიიჩნევს — პილატე ათავისუფლებს ბარაბას. იესო კი მიჰყავს და ბრძანებს, რომ გააშიშვლონ და გაშოლტონ. ეს არ იყო ჩვეულებრივი გამათრახება. ერთ-ერთ ჟურნალში აღწერილია, თუ როგორ შოლტავდნენ რომაელები:

„ჩვეულებრივ იარაღი იყო მოკლე შოლტი (მათრახი), რომელიც რამდენიმე ცალკეული ან დაწნული სხვადასხვა სიგრძის ტყავის თასმისგან შედგება, რომლებშიც პატარა რკინის ბურთულები ან ცხვრის ძვლების ბასრი ნატეხები გარკვეული ინტერვალებითაა მიმაგრებული. . . რადგანაც რომაელი ჯარისკაცები მთელი ძალით არაერთხელ არტყამდნენ მსხვერპლს ზურგზე, რკინის ბურთულები იწვევდა ღრმა დაჟეჟილობას, ტყავის შოლტი და ცხვრის ძვლები ჭრიდა კანსა და კანქვეშა ქსოვილს. შემდეგ, როცა გაროზგვა გრძელდებოდა, ჭრილობა აღწევდა ამ ქსოვილების ქვემოთ მდებარე ჩონჩხის კუნთებში და ხორცს სისხლმდენ ნაფლეთებად აქცევდა“ (The Journal of the American Medical Association).

ამ საშინელი დასჯის შემდეგ იესო სამთავრობო სასახლეში მიჰყავთ და კრებენ მთელ რაზმს. აქ ჯარისკაცები დასცინიან მას, ეკლისგან წნავენ გვირგვინს და თავზე ჩამოაცვამენ. მარჯვენა ხელში ლერწამს აძლევენ და სამეფო ძოწეულით მოსავენ. შემდეგ დაცინვით ეუბნებიან: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“ ისინი აგრეთვე აფურთხებენ და სახეში ურტყამენ. ხელიდან ართმევენ მაგარ ლერწამს და თავში ურტყამენ ისე, რომ მისი დამამცირებელი „გვირგვინის“ ბასრი ეკლები თავის ქალას კანის ქვეშაც კი აღწევს.

იესოს საოცარი ღირსება და სიმტკიცე ამ ცუდი მოპყრობის დროს იმხელა შთაბეჭდილებას ახდენს პილატეზე, რომ კიდევ ერთხელ ცდილობს მის გათავისუფლებას. „აჰა, მე გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ მასში“, — ეუბნება ის ბრბოს. შეიძლება ის ფიქრობს, რომ ნაწამები იესოს ნახვა მათ გულებს მოულბობს. როცა იესო ეკლის გვირგვინით, ძოწეულით შემოსილი და ტკივილებისგან გაფითრებული დასისხლიანებული სახით დგას ამ უგულო ბრბოს წინაშე, პილატე წამოიძახებს: „აჰა, კაცი!“

მიუხედავად იმისა, რომ ნაცემი და ნაწამებია, ის არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი პიროვნება, ნამდვილად ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი! დიახ, იესო ავლენს უსიტყვო ღირსებასა და სიმშვიდეს, რაც მოწმობს მის დიდებულებაზე, და ამას პილატეც კი აღიარებს, რადგან მის სიტყვებში, როგორც ჩანს, შერეულია პატივისცემაც და სიბრალულიც. იოანე 18:39—19:5; მათე 27:15–17, 20–30; მარკოზი 15:6–19; ლუკა 23:18–25.

▪ როგორ ცდილობს პილატე იესოს გათავისუფლებას?

▪ როგორ ცდილობს პილატე საკუთარი თავის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას?

▪ რა შედის გაშოლტვაში?

▪ როგორ დასცინიან იესოს გაშოლტვის შემდეგ?

▪ რა შემდგომ მცდელობას ავლენს პილატე იესოს გასათავისუფლებლად?