ბეთანიაში, სიმონის სახლში
თავი 101
ბეთანიაში, სიმონის სახლში
იესო ტოვებს იერიხონს და ბეთანიაში მიდის. მგზავრობას სჭირდება თითქმის მთელი დღე, რადგან წინ რთული, 19 კილომეტრზე მეტი, აღმართიანი გზაა გასავლელი. იერიხონი ზღვის დონიდან დაახლოებით 250 მეტრით დაბლა მდებარეობს, ხოლო ბეთანია — 760 მეტრით მაღლა. ალბათ, გახსოვს, რომ ბეთანიაში ლაზარე და მისი დები ცხოვრობენ. ეს პატარა სოფელი იერუსალიმიდან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული და ზეთისხილის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობს.
პასექზე დასწრების მრავალი მსურველი უკვე ჩავიდა იერუსალიმში. ისინი ადრე იმ მიზნით ჩავიდნენ, რომ ცერემონიალურად განიწმინდონ. შეიძლება ისინი ცხედარს შეეხნენ ან ისეთი რამ გააკეთეს, რამაც ისინი გააუწმინდურა. ამიტომ განწმენდის პროცედურას ისინი იმ მიზნით ატარებენ, რომ სათანადოდ იზეიმონ პასექი. როცა ადრე ჩასულები ტაძარში იკრიბებიან, მრავალი ფიქრობს იმის შესახებ, მოვა თუ არა იესო პასექის აღსანიშნავად.
იერუსალიმი არის იესოს შესახებ პაექრობის კერა. ყველამ იცის, რომ რელიგიურ წინამძღოლებს სურთ მისი შეპყრობა და მოკვლა. სინამდვილეში, მათ უკვე გასცეს ბრძანება, რომ თუ ვინმემ იცის მისი ადგილსამყოფელი, შეატყობინოს მათ. ბოლო თვეების განმავლობაში სამჯერ — კარვობისა და მიძღვნის დღესასწაულებზე, აგრეთვე ლაზარეს აღდგენის შემდეგ — სცადეს ამ წინამძღოლებმა იესოს მოკვლა. ამიტომ ყველას აინტერესებს, გამოჩნდება თუ არა იესო ხალხში კიდევ ერთხელ? „როგორ ფიქრობთ“, — ეკითხებიან ისინი ერთმანეთს.
ამ დროს იესო ბეთანიაში პასექის დღესასწაულის დაწყებამდე ექვსი დღით ადრე ჩადის, რომელსაც იუდაური კალენდრის მიხედვით 14 ნისანს ზეიმობენ. იესო ბეთანიაში ჩადის პარასკევ საღამოს, 8 ნისანის დასაწყისში. მას არ შეეძლო ბეთანიაში გამგზავრება შაბათს, ვინაიდან იუდეველთა რჯულის თანახმად, შაბათს — პარასკევს მზის ჩასვლიდან შაბათს მზის ჩასვლამდე — მგზავრობა აკრძალულია. იესო, ალბათ, ლაზარესთან მიდის, როგორც ეს ადრე გააკეთა, და პარასკევ ღამეს იქ რჩება.
მაგრამ ბეთანიის კიდევ ერთი მკვიდრი იესოსა და მის თანამგზავრებს შაბათ საღამოს ვახშამზე იწვევს. ეს კაცი არის სიმონი, ყოფილი კეთროვანი, რომელიც შეიძლება იესომ განკურნა. მართა, თავისი შრომისმოყვარეობის შესაბამისად, სტუმრებს ემსახურება. მარიამი, ჩვეულებრივ, ყურადღებას ავლენს იესოს მიმართ, მაგრამ ამჯერად ისეთი სახით, რომ მისი მოქმედება კამათს იწვევს.
მარიამი ხსნის ალებასტრონის შუშას, ანუ ფლაკონს, რომელშიც არის დაახლოებით ნახევარი კილოგრამი სურნელოვანი ზეთი, ‘სუფთა ნარდი’. ეს ძალიან ძვირფასი ნელსაცხებელია. მართლაც, მისი ფასი დაახლოებით წლიური გასამრჯელოს ტოლია! როცა მარიამი იესოს ზეთს სცხებს თავსა და ფეხებზე და ფეხებს თავისი თმით უმშრალებს, სახლი ნელსაცხებლის სურნელებით ივსება.
მოწაფეები ბრაზდებიან და კითხულობენ: „ასე ფუჭად რატომ დახარჯა?“ შემდეგ იუდა ისკარიოტელი ამბობს: „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“ მაგრამ, სინამდვილეში, იუდას ღარიბები კი არ აინტერესებს, არამედ ფულს იპარავს ყულაბიდან, რომელიც მოწაფეებს აქვთ.
იესო იცავს მარიამს. „მოეშვით მაგას, — ბრძანებს ის, — რატომ არცხვენთ? მაგან ხომ სიკეთე მიყო. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით. მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს დასამარხავად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ წუთისოფელში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისივე მოსაგონებლად“.
იესო ბეთანიაში 24 საათზე მეტ ხანს იყო და მისი იქ ყოფნის ამბავი გავრცელდა. ამიტომ მის სანახავად ბევრი მიდის სიმონის სახლთან, მაგრამ ისინი ლაზარეს სანახავადაც მიდიან, რადგან ისიც იქ არის. ამიტომ მღვდელმთავრები წყვეტენ, მოკლან არა მარტო იესო, არამედ ლაზარეც, ვინაიდან მრავალმა ირწმუნა იესო მის მიერ მკვდრეთით აღდგენილი კაცის ნახვის გამო! მართლაც, როგორი ბოროტები არიან ეს რელიგიური წინამძღოლები! იოანე 11:55—12:11; მათე 26:6-13; მარკოზი 14:3–9; საქმეები 1:12.
▪ რაზეა ლაპარაკი იერუსალიმის ტაძარში და რატომ?
▪ რატომ უნდა მისულიყო იესო ბეთანიაში პარასკევს და არა შაბათს?
▪ სად რჩება, ალბათ, იესო შაბათს ბეთანიაში ჩასვლისას?
▪ მარიამის რომელი მოქმედება იწვევს კამათს და როგორ იცავს მას იესო?
▪ რა ცხადყოფს მღვდელმთავრების დიდ ბოროტებას?