არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბოლო დღეების ნიშანი

ბოლო დღეების ნიშანი

თავი 111

ბოლო დღეების ნიშანი

სამშაბათია; ნაშუადღევია; იესო ზეთისხილის მთაზე ზის და ტაძარს გადაჰყურებს; ამ დროს მასთან მიდიან პეტრე, ანდრია, იაკობი და იოანე. ისინი სწუხან ტაძარზე, რადგან იესომ ახლახან იწინასწარმეტყველა, რომ იქ ქვა ქვაზე არ დარჩებოდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი უფრო მეტზე ფიქრობენ, როცა იესოსთან მიდიან. რამდენიმე კვირის წინ, ის ლაპარაკობდა თავის ‘თანდასწრებაზე’, იმ დროზე, როცა ‘კაცის ძე გამოჩნდებოდა’. ადრე ის მათ „წუთისოფლის აღსასრულის“ შესახებ ელაპარაკა. ამიტომ მოწაფეებს ძალიან აინტერესებთ ეს საკითხი.

«გვითხარი, — ეუბნებიან ისინი, — როდის მოხდება ეს [იერუსალიმისა და მისი ტაძრის დანგრევა] და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის [„თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის“, აქ] ნიშანი?»

ფაქტიურად, მათი კითხვა სამი ნაწილისგან შედგება. პირველი, მათ სურთ, იცოდნენ იერუსალიმისა და მისი ტაძრის დანგრევის, შემდეგ, იესოს სამეფო ძალაუფლებით თანდასწრებისა და ბოლოს, მთელი სისტემის აღსასრულის შესახებ.

იესო ვრცლად პასუხობს ამ კითხვის სამივე ნაწილზე. მას მოჰყავს ნიშანი, რომლის მიხედვითაც ამოიცნობა იუდეველთა სისტემის აღსასრული; მაგრამ ის უფრო მეტს ამბობს. ის იძლევა ნიშანს, რომელიც მის მომავალ მოწაფეებს გამოაფხიზლებს და ამგვარად მათ ეცოდინებათ, რომ მისი თანდასწრების დროს ცხოვრობენ და რომ ახლოა მთელი ამ სისტემის აღსასრული.

წლების განმავლობაში მოციქულები ხედავენ იესოს წინასწარმეტყველების შესრულებას. დიახ, მისი წინასწარმეტყველებების შესრულება მათ დღეებში იწყება. ამგვარად, 37 წლის შემდეგ, ახ. წ. 70 წელს, ქრისტიანებისთვის მოულოდნელი არ არის იუდეველთა სისტემისა და მისი ტაძრის განადგურება.

მაგრამ ქრისტეს თანდასწრება და ამ სისტემის აღსასრული ახ. წ. 70 წელს არ მომხდარა. მისი სამეფო ძალაუფლებით თანდასწრება ბევრად უფრო მოგვიანებით იწყება. მაგრამ როდის? ამას იესოს წინასწარმეტყველების განხილვა გვიჩვენებს.

იესო წინასწარმეტყველებს, რომ იქნება ‘ომები და ამბები ომების შესახებ’. „აღდგება ერი ერის წინააღმდეგ“, — ამბობს ის, და იქნება შიმშილი, მიწისძვრები და ეპიდემიები. მის მოწაფეებს შეიძულებენ და დახოცავენ. აღდგებიან ცრუ წინასწარმეტყველნი და მრავალს შეაცდენენ. გაიზრდება უკანონობა და მრავალს გაუნელდება სიყვარული. ამავე დროს, კეთილი ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ ექადაგება ყველა ხალხს დასამოწმებლად.

თუმცა იესოს წინასწარმეტყველება მცირე მასშტაბით სრულდება ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის დანგრევამდე, ის დიდი მასშტაბით შესრულდება მისი თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულისას. 1914 წლიდან მსოფლიო მოვლენების ყურადღებით გადახედვა გვიჩვენებს, რომ იესოს მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველების ძირითადი შესრულება ამ წლიდან დაიწყო.

იესოს მიერ მოცემული ნიშნის კიდევ ერთი ნაწილი არის ‘გატიალების სიბილწის’ გამოჩენა. ახ. წ. 66 წელს ეს სიბილწე ვლინდება იერუსალიმის გარშემო ‘დაბანაკებული რომაელების ლაშქრით’, რომელიც ძირს უთხრის ტაძრის კედელს. ‘გატიალების სიბილწე’ დგას იქ, სადაც არ უნდა იდგეს.

ამ ნიშნის უფრო ფართო მასშტაბით შესრულებისას გატიალების სიბილწე არის ერთა ლიგა და მისი მემკვიდრე, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ქრისტიანული სამყაროს შეხედულებით, ეს ორგანიზაცია მსოფლიოსთვის მშვიდობის მოტანის საკითხში ღვთის სამეფოს შემცვლელს წარმოადგენს. როგორი სიბილწეა! მაგრამ თავის დროზე პოლიტიკური მპყრობელები გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად მიუბრუნდებიან ქრისტიანულ სამყაროს (სიმბოლურ იერუსალიმს) და გაანადგურებენ მას.

ამგვარად, იესო წინასწარმეტყველებს: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება“. ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის დანგრევა, რასაკვირველია, დიდი გასაჭირია, რომლის დროსაც, ცნობების თანახმად, მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იესოს წინასწარმეტყველების ამ ნაწილის ფართო მასშტაბით შესრულება გაცილებით დიდი იქნება.

დაჯერებულობა ბოლო დღეების განმავლობაში

სამშაბათია; იწურება 11 ნისანი; იესო განაგრძობს მოციქულებთან საუბარს სამეფო ძალაუფლებით თავისი თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის ნიშნის შესახებ. ის აფრთხილებს მათ, მოერიდონ ცრუ ქრისტეების მიმდევრობას. იქნება იმის მცდელობა, — ამბობს ის, — რომ „რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ“. მაგრამ, შორსმხედველი არწივების მსგავსად, ეს რჩეულები იქ შეიკრიბებიან, სადაც სულიერი საზრდო მოიპოვება, კერძოდ, ჭეშმარიტ ქრისტესთან, მისი უხილავი თანდასწრების დროს. ისინი არ შეცდებიან და ცრუ ქრისტესთან არ შეიკრიბებიან.

ცრუ ქრისტეებს მხოლოდ ხილული გამოცხადება შეუძლიათ. ამის საპირისპიროდ, იესოს გამოცხადება უხილავი იქნება. იესო ამბობს, რომ დიდი გასაჭირის შემდეგ „მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს“. დიახ, ეს იქნება კაცობრიობის არსებობის ყველაზე შავბნელი პერიოდი. ეს ისე იქნება, თითქოს მზე დაბნელდა დღის საათებში და თითქოს მთვარე აღარ გამოსცემს შუქს ღამით.

„ციური ძალები შეირყევიან“, — განაგრძობს იესო. ის ამგვარად აჩვენებს, რომ ფიზიკური ცა ავისმომასწავებელი იქნება. ამ დროს გაბატონებული იქნება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი შიში და ძალმომრეობა.

შედეგად, — ამბობს იესო, — იქნება „ხალხთა შეჭირვება შფოთში, ზღვის ხმაურისა და აზვირთების გამო. ხალხს გული შეუწუხდება შიშით და ქვეყნად მომავალთა მოლოდინით“. მართლაც, როცა კაცობრიობის ისტორიაში ეს ყველაზე შავბნელი პერიოდი მიუახლოვდება თავის დასასრულს, „გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი“.

მაგრამ ყველა არ მოჰყვება მოთქმას ‘კაცის ძის გამოჩენისას დიადი ძალითა და დიდებით’, რათა გაანადგუროს ეს ბოროტი სისტემა. არც ‘რჩეულები’, 144 000, რომლებიც ქრისტესთან ერთად იმეფებენ მის ზეციერ სამეფოში, და არც მათი მეგობრები, რომლებსაც იესომ ადრე თავისი ‘სხვა ცხვრები’ უწოდა, არ მოჰყვებიან მოთქმას. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე შავბნელ პერიოდში ცხოვრობენ, ისინი ეხმაურებიან იესოს გამამხნევებელ სიტყვებს: „ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“.

ამიტომ, ბოლო დღეებში მცხოვრებ მოწაფეებს რომ შეძლებოდათ აღსასრულის მოახლოების განსაზღვრა, იესოს მოჰყავს თვალსაჩინო მაგალითი: „ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს მოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე, როდესაც თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება“.

ამგვარად, როცა მისი მოწაფეები დაინახავენ ამ ნიშნის სხვადასხვა ნაწილის შესრულებას, ისინი უნდა მიხვდნენ, რომ მოახლოებულია ამ სისტემის აღსასრული და ღვთის სამეფო მალე მოსპობს ყოველგვარ ბოროტებას. ნამდვილად, აღსასრული დადგება იმ ადამიანების სიცოცხლეში, რომლებიც ხედავენ იესოს ყველა წინასწარმეტყველების შესრულებას! იესო აფრთხილებს იმ მოწაფეებს, რომლებიც ბოლო დღეებში იცხოვრებდნენ და ეუბნება:

„გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად. ვინაიდან ის, როგორც მახე, დაეცემა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე. მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე“.

გონიერი და უგუნური ქალიშვილები

იესო პასუხობს თავის მოციქულებს კითხვაზე სამეფო ძალაუფლებით თავისი თანდასწრების ნიშნის შესახებ. ახლა მას მოჰყავს ნიშნის შემდგომი თავისებურებები სამ იგავში, ანუ თვალსაჩინო მაგალითში.

თითოეული იგავი იესოს თანდასწრების პერიოდში მცხოვრებთა თვალწინ შესრულდებოდა. ის პირველ იგავს შემდეგი სიტყვებით იწყებს: „მაშინ ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი — გონიერი“.

გამოთქმაში „ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს“, იესო არ გულისხმობს, რომ მათგან, რომლებიც ზეციერ სამეფოს დაიმკვიდრებენ, ნახევარი უგუნურია და ნახევარი — გონიერი! არა, არამედ ის გულისხმობს, რომ ზეციერ სამეფოსთან დაკავშირებით მსგავსი თავისებურება აღინიშნება, ანუ რომ სამეფოსთან დაკავშირებული მოვლენები ამის მსგავსი იქნება.

ათი ქალიშვილი ასიმბოლოებს ყველა იმ ქრისტიანს, რომლებიც დაიმკვიდრებენ ან რომლებიც აცხადებენ, რომ დაიმკვიდრებენ ზეციერ სამეფოს. ახ. წ. 33 წელს ქრისტიანულ კრებას აღეთქვა აღდგენილ, განდიდებულ ნეფეზე, იესო ქრისტეზე, დაქორწინება. მაგრამ ქორწინება ზეცაში განუსაზღვრელი დროის შემდეგ უნდა მომხდარიყო.

იგავში ათი ქალიშვილი მიდის, რათა ნეფეს შეხვდნენ და შეუერთდნენ საქორწილო პროცესიას. მისი მოსვლისას ისინი თავიანთი ლამპრებით გაანათებენ იმ გზას, რომლითაც პროცესია მიემართება და ამგვარად პატივს სცემენ ნეფეს, რომელმაც სახლი მოამზადა პატარძლის მისაღებად. მაგრამ იესო განმარტავს: „უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით. ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა“.

ნეფის ხანგრძლივი შეყოვნება ცხადყოფს, რომ ქრისტეს, როგორც მმართველი მეფის, თანდასწრება შორეულ მომავალში უნდა ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, 1914 წელს ის თავის სამეფო ტახტზე ადის. მის მოსვლამდე, ხანგრძლივი ღამის განმავლობაში, ყველა ქალიშვილს სძინავს. მაგრამ ისინი ამის გამო არ განისჯებიან. უგუნური ქალიშვილები განისჯებიან ჭურჭლებში ზეთის უქონლობის გამო. იესო ყვება, თუ როგორ ეღვიძებათ ქალიშვილებს სიძის მისვლამდე: „მაგრამ შუაღამისას გაისმა ყვირილი: ‘აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!’ მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები. უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: ‘გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება.’ გონივრებმა კი მიუგეს პასუხად: ‘არც ჩვენ რომ არ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის’“.

ზეთი ასიმბოლოებს ისეთ რამეს, რაც ჭეშმარიტ ქრისტიანებს შესაძლებლობას აძლევს, ანათებდნენ როგორც მნათობები. ეს არის ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვა, რომელსაც ქრისტიანები მყარად ეჭიდებიან, და აგრეთვე სულიწმიდა, რაც მათ ეხმარება ამ „სიტყვის“ გაგებაში. სულიერი ზეთი გონიერ ქალიშვილებს შესაძლებლობას აძლევს, სინათლეს აფრქვევდნენ ნეფესთან შეგებებისას საქორწილო ნადიმისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ უგუნურ ქალიშვილთა კლასს თავიანთ ჭურჭლებში არა აქვთ აუცილებელი სულიერი ზეთი. ასე რომ, იესო აღწერს, თუ რა ხდება:

„როცა ისინი [უგუნური ქალიშვილები] წავიდნენ [ზეთის] საყიდლად, მოვიდა ნეფე; გამზადებულნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.’ ხოლო მან მიუგო პასუხად: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გიცნობთ!’“

თავის ზეციერ სამეფოში ქრისტეს მოსვლის შემდეგ ჭეშმარიტი ცხებული ქრისტიანების გონიერ ქალიშვილთა კლასი იღვიძებს თავისი უპირატესობისთვის: სინათლეს აფრქვევდეს ამ შავბნელ წუთისოფელში ნეფის დაბრუნების განსადიდებლად. მაგრამ უგუნური ქალიშვილებით წარმოდგენილი პიროვნებები მოუმზადებელნი არიან ამ განმადიდებელი მისალმებისთვის. ამიტომ, როცა დრო დგება, ქრისტე არ უღებს მათ საქორწილო ნადიმის კარს ზეცაში. ის მათ გარეთ, წუთისოფლის შავბნელ ღამეში, ტოვებს, რათა ყველა ბოროტმოქმედთან ერთად გაანადგუროს. „ჰოდა, იფხიზლეთ, — ამთავრებს იესო, — ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე“.

იგავი ტალანტებზე

იესო განაგრძობს ზეთისხილის მთაზე თავის მოციქულებთან იგავების მოყოლას და მოჰყავს სამი იგავიდან მეორე. რამდენიმე დღის წინ, იერიხონში ყოფნის დროს, მან მოიყვანა იგავი მნებზე, რათა ეჩვენებინა, რომ სამეფოს მოსვლა ჯერ კიდევ შორეულ მომავალში იყო. იგავი, რომელსაც ის ახლა ყვება, მრავალ მსგავს თავისებურებას შეიცავს და აღწერს იმ საქმეებს, რომლებიც ხდება ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით თანდასწრების განმავლობაში, რითაც სრულდება ეს იგავი. ის გვიჩვენებს, რომ იესოს მოწაფეებმა, სანამ დედამიწაზე არიან, უნდა იმუშაონ იქამდე, ვიდრე არ გაზრდიან ‘მის ქონებას’.

იესო იწყებს: „ვინაიდან ეს [სამეფოსთან დაკავშირებული მდგომარეობა] იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება“. იესო არის კაცი, რომელიც ზეცაში გამგზავრების წინ ქონებას აბარებს თავის მსახურებს — მოწაფეებს, რომლებსაც ზეციერი სამეფოს დამკვიდრების იმედი აქვთ. ის არ არის მატერიალური ქონება, არამედ ის ასიმბოლოებს დამუშავებულ მინდორს [ტერიტორიას], რომელზეც მან შექმნა კეთილსასურველი პირობები ახალი მოწაფეების მოსამზადებლად.

იესო თავის ქონებას ზეცაში ასვლამდე ცოტა ხნის წინ ანდობს მონებს. როგორ აკეთებს ის ამას? ის მიუთითებს მათ, განაგრძონ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება დამუშავებულ ტერიტორიებზე დედამიწის შორეულ კუთხეებშიც კი. როგორც იესო ამბობს: „ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი და სხვას — ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა“.

რვა ტალანტი — ქრისტეს ქონება — მონებს მათი უნარის ანუ სულიერი შესაძლებლობის მიხედვით გაუნაწილდათ. მონები ასიმბოლოებენ მოწაფეების კლასებს. პირველ საუკუნეში ხუთი ტალანტის მიმღებ კლასში, როგორც ჩანს, შედიოდნენ მოციქულები. იესო განაგრძობს მოყოლას, რომ როგორც ხუთი, ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მონებმა სამეფოს შესახებ ქადაგებითა და მოწაფეების მომზადებით გააორმაგეს ისინი. მაგრამ ერთი ტალანტის მიმღებმა მონამ მიწაში ჩაფლა ის.

„კარგა ხნის შემდეგ, — განაგრძობს იესო, — მოვიდა იმ მონების ბატონი და მათ ანგარიში მოჰკითხა“. ქრისტეს დაბრუნება ანგარიშის მისაღებად არ მომხდარა მე-20 საუკუნემდე, 1900 წლის გასვლამდე; ასე რომ, ის მართლაც „კარგა ხნის შემდეგ“ მოხდა. შემდეგ იესო განმარტავს:

„მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: ‘ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე.’ უთხრა მას მისმა ბატონმა: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში’“. ორი ტალანტის მიმღებმა მონამაც გააორმაგა თავისი ტალანტები და მსგავსი ქება და ჯილდო მიიღო.

მაგრამ როგორ შედიან ეს ერთგული მონები თავიანთი ბატონის სიხარულში? მათი ბატონის, იესო ქრისტეს, სიხარული არის მამასთან ზეცაში მისვლის შემდეგ სამეფოს სამფლობელოს მიღება. რაც შეეხება თანამედროვე ერთგულ მონას, ისინი დიდად ხარობენ იმით, რომ მათ ანდობენ სამეფოსთან დაკავშირებულ უფრო მეტ პასუხისმგებლობებს და თავიანთი მიწიერი ცხოვრების დამთავრებისთანავე მათი სიხარული კულმინაციას მიაღწევს, რადგან აღდგენილი იქნებიან ზეციერ სამეფოში. მაგრამ რა შეიძლება ითქვას მესამე მონის შესახებ?

„ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ, — ჩივის ეს მონა. — შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს“. მონა განზრახ უარყოფს დამუშავებულ ტერიტორიაზე ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებას. ამიტომ ბატონი მას ‘ბოროტ და ზარმაც’ მონას უწოდებს და უცხადებს განაჩენს: „ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი. . . ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა“. ამ ბოროტი მონის კლასის წარმომადგენლებს გარეთ ყრიან, სადაც მათ არა აქვთ არავითარი სულიერი სიხარული.

ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია ყველასთვის, ვინც საკუთარ თავს ქრისტეს მიმდევრად თვლის. თუ მათ სურთ, მიიღონ მისგან ქება და ჯილდო და თავიდან აიცილონ გარესკნელის სიბნელეში გადაყრა და საბოლოო განადგურება, ქადაგებაში სრული მონაწილეობით უნდა იზრუნონ თავიანთი ზეციერი ბატონის ქონების გაზრდაზე. ხარ თუ არა გულმოდგინე ამ მხრივ?

როცა ქრისტე მოვა სამეფო ძალაუფლებით

იესო ჯერ კიდევ ზეთისხილის მთაზე იმყოფება თავის მოციქულებთან ერთად. მისი თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის ნიშნის შესახებ მათ თხოვნაზე საპასუხოდ ახლა იგავთა სერიიდან მესამე, ბოლო, იგავი მოჰყავს. „ხოლო, როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, — იწყებს იესო, — მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე“.

ქრისტე მოდის მაშინ, როცა ძალიან ახლოს არის ამ სისტემის აღსასრული. მაგრამ რა მიზნით? იესო განმარტავს: „შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს — მარცხნივ“.

როცა აღწერს, თუ რა მოუვათ მათ, რომლებიც პრივილეგირებულ მხარეს არიან დაყენებული, იესო ამბობს: „მაშინ ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი“. ამ იგავში აღწერილი ცხვრები არ იმმართველებენ ქრისტესთან ერთად ზეცაში, მაგრამ დაიმკვიდრებენ სამეფოს იმ გაგებით, რომ მისი მიწიერი ქვეშევრდომები იქნებიან. ‘წუთისოფლის დასაბამი’ იყო მაშინ, როცა ადამსა და ევას ეყოლათ შვილები, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლათ ღვთის ღონისძიებით კაცობრიობის გამოსასყიდად.

მაგრამ რატომ დააყენა მეფემ ცხვრები პრივილეგირებულ, მარჯვენა მხარეს? „ვინაიდან მშიოდა, — პასუხობს მეფე, — და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ“.

რადგან ცხვრები დედამიწაზე არიან, აინტერესებთ, თუ როგორ შეეძლოთ ასეთი სიკეთის გაკეთება თავიანთი ზეციერი მეფისთვის. „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? — ეკითხებიან ისინი. — ან მწყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?“

„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, — პასუხობს მეფე, — რაც-კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“. ქრისტეს ძმები არიან 144 000-დან დარჩენილი ნაწილის წარმომადგენლები, რომლებიც მასთან ერთად იმმართველებენ. ასე რომ, მათთვის გაკეთებულ სიკეთეს, როგორც თვითონ ამბობს, იესო თავისთვის გაკეთებულად მიიჩნევს.

შემდეგ მეფე მიმართავს თხებს: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით; მწყუროდა და არ მასვით; უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მომინახულეთ“.

მაგრამ თხები ჩივიან: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?“ თხები იმავე საფუძველზე ღებულობენ ცუდ განაჩენს, რა საფუძველზეც ცხვრებმა მიიღეს კარგი განაჩენი. „როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგან [ჩემი ძმებიდან], — პასუხობს იესო, — არც მე გამიკეთეთ“.

ამგვარად, იესოს სამეფო ძალაუფლებით თანდასწრებაში შედის სასამართლოს დროც, რომელიც წინ უძღვის ამ ბოროტი სისტემის აღსასრულს დიდ გასაჭირში. „წავლენ ესენი [თხები] საუკუნო სატანჯველში [მარადიულად მოიკვეთებიან], ხოლო მართალნი [ცხვრები] — საუკუნო სიცოცხლეში“. მათე 24:2—25:46; 13:40, 49; მარკოზი 13:3–37; ლუკა 21:7–36; 19:43, 44; 17:20–30; 2 ტიმოთე 3:1–5; იოანე 10:16; გამოცხადება 14:1–3.

▪ რა აღძრავს მოციქულებს, დასვან კითხვა, მაგრამ, როგორც ჩანს, კიდევ რას ფიქრობენ ისინი?

▪ იესოს წინასწარმეტყველების რომელი ნაწილი სრულდება ახ. წ. 70 წელს, მაგრამ რომელი არ სრულდება იმ დროს?

▪ როდის შესრულდა იესოს წინასწარმეტყველება პირველად და როდის შესრულდება ის დიდი მასშტაბით?

▪ რა არის ‘გატიალების სიბილწე’ პირველი და საბოლოო შესრულებისას?

▪ რატომ არ არის იერუსალიმის დანგრევა დიდი გასაჭირის საბოლოო შესრულება?

▪ რომელი მსოფლიო ვითარება ცხადყოფს ქრისტეს თანდასწრებას?

▪ როდის დაიწყებს „მოთქმას დედამიწის ყველა ტომი“, მაგრამ რას გააკეთებენ ქრისტეს მიმდევრები?

▪ რა იგავებს ყვება იესო თავისი მომავალი მოწაფეებისთვის აღსასრულის მოახლოების ამოცნობაში დასახმარებლად?

▪ რა შეგონებას აძლევს იესო ბოლო დღეებში მცხოვრებ თავის მოწაფეებს?

▪ ვის ასიმბოლოებს ათი ქალიშვილი?

▪ როდის აღუთქვა ქრისტიანთა კრებას ნეფეზე დაქორწინება, მაგრამ როდის მოდის სიძე პატარძლის საქორწილო ნადიმზე წასაყვანად?

▪ რას ასიმბოლოებს ზეთი და რის გაკეთება შეუძლიათ გონიერ ქალიშვილებს იმის გამო, რომ ზეთი აქვთ?

▪ სად იმართება საქორწილო ნადიმი?

▪ რა დიდ ჯილდოს კარგავენ უგუნური ქალიშვილები და რა მოელით მათ?

▪ რა შეიძლება ვისწავლოთ ტალანტების შესახებ იგავიდან?

▪ ვინ არიან მონები და რა ქონება მიანდეს მათ?

▪ როდის მოდის ბატონი ანგარიშის მისაღებად და რა ხვდება მას?

▪ რა სიხარულში შედიან ერთგული მონები და რა მოსდის მესამე, ბოროტ მონას?

▪ რა სასამართლო საქმეს აწარმოებს ქრისტე თავისი თანდასწრების განმავლობაში?

▪ რა გაგებით იმკვიდრებენ ცხვრები სამეფოს?

▪ როდის იყო ‘წუთისოფლის დასაბამი’?

▪ რის საფუძველზე განისჯებიან ადამიანები ცხვრებად ან თხებად?