გადაცემული და წაყვანილი
თავი 124
გადაცემული და წაყვანილი
როცა ნაწამები იესოს უსიტყვო ღირსებით აღძრული პილატე კვლავ მის გათავისუფლებას ცდილობს, მღვდელმთავრები კიდევ უფრო ბრაზდებიან. ისინი გადაწყვეტილებით არიან აღსავსენი და ყოველ ღონეს ხმარობენ თავიანთი ბოროტი განზრახვის შესასრულებლად. ამიტომ ისევ იწყებენ ყვირილს: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“
„თავად წაიყვანეთ და ჯვარს აცვით“, — პასუხობს პილატე. (მათი ადრინდელი მტკიცების საპირისპიროდ, იუდეველებს, ალბათ, აქვთ პიროვნების დასჯის უფლება საკმაოდ სერიოზული რელიგიური დანაშაულისთვის). შემდეგ პილატე, სულ მცირე, მეხუთეჯერ მაინც აცხადებს, რომ იესო უდანაშაულოა: „მე ვერ ვპოულობ მასში დანაშაულს“.
როცა იუდეველები ხედავენ, რომ მათ პოლიტიკურ ბრალდებას არავითარი შედეგი არ მოაქვს, უბრუნდებიან რელიგიურ ბრალდებას ღვთის გმობის შესახებ და რამდენიმე საათის წინ სინედრიონის სასამართლო გარჩევაზე მიღებულ განაჩენს იყენებენ. „ჩვენ გვაქვს რჯული, — ამბობენ ისინი, — და ჩვენი რჯულის მიხედვით იგი უნდა მოკვდეს, ვინაიდან თავი ღვთის ძედ გაიხადა“.
ეს განაჩენი ახალია პილატესთვის და ამიტომ კიდევ უფრო აძრწუნებს. ახლა ის ხვდება, რომ იესო ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, როგორც ამას აჩვენებს მისი ცოლის სიზმარი და იესოს განსაკუთრებული პიროვნული სიძლიერე. მაგრამ „ღვთის ძე“? პილატემ იცის, რომ იესო გალილეველია. ნუთუ ის ადრეც ცხოვრობდა? პილატეს კვლავ სასახლეში შეჰყავს იესო და ეკითხება: „საიდან ხარ?“
იესო დუმს. ადრე მან პილატეს უთხრა, რომ მეფეა, მაგრამ მისი სამეფო არ არის ამ წუთისოფლის ნაწილი. ახლა ყოველგვარი დამატებითი განმარტება უსარგებლო იქნებოდა. მაგრამ იესოს დუმილი ლახავს პილატეს პატივმოყვარეობას და გაცხარებით მიმართავს:
— მე არ მცემ ხმას? განა არ იცი, რომ ხელმწიფება მაქვს შენს [„გათავისუფლებასა და“, აქ] ჯვარცმაზე?
— არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა, — პატივისცემით პასუხობს იესო.
ის მიუთითებს ადამიანთა მმართველებზე, რომლებსაც ღმერთმა დართო ნება, მართონ მიწიერი საქმეები. შემდეგ ამატებს: „ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა შენ, უფრო დიდი ცოდვა აქვს“. მართლაც, მღვდელმთავარ კაიაფასა და მის თანამზრახველებს, აგრეთვე იუდა ისკარიოტელს, — ყველას იესოსადმი უსამართლოდ მოპყრობაში უფრო მეტი პასუხისმგებლობის ტვირთი აწევს, ვიდრე პილატეს.
იესოს პიროვნებით კიდევ უფრო მეტად აღფრთოვანებული და მისი ღვთიური წარმოშობის მოსალოდნელი ალბათობით შეშინებული პილატე ისევ ცდილობს მის გათავისუფლებას. მაგრამ იუდეველები პილატეს ეწინააღმდეგებიან. ისინი იმეორებენ თავიანთ პოლიტიკურ ბრალდებას და მზაკვრულად ემუქრებიან:
— თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ მეგობარი კეისრისა, რადგან, ვინც მეფედ ხდის თავს, კეისარს ეწინააღმდეგება.
ამ საშინელი გადაკვრით ნათქვამის მიუხედავად პილატეს კიდევ ერთხელ გამოჰყავს იესო.
— აჰა, თქვენი მეფე, — კვლავ მიმართავს მათ.
— შორს, შორს, ჯვარს აცვი!
— თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს? — ეკითხება სასოწარკვეთილი პილატე.
იუდეველები გაღიზიანებული არიან რომაელთა მმართველობით. დიახ, მათ სძულთ რომაელთა ბატონობა! მაგრამ მღვდელმთავრები თვალთმაქცურად ეუბნებიან: „ჩვენ არ გვყავს მეფე, კეისრის გარდა!“
პილატე უფრთხილდება თავის პოლიტიკურ მდგომარეობასა და რეპუტაციას და, ბოლოს და ბოლოს, ნებდება იუდეველთა დაჟინებულ მოთხოვნას. ის მათ გადასცემს იესოს. ჯარისკაცები იესოს ძოწის მოსასხამს ხდიან და თავისივე სამოსელს აცმევენ. როცა იესო მიჰყავთ, რათა ძელზე გააკრან, მას თვითონვე ატარებინებენ თავის წამების ძელს.
ახლა პარასკევია, 14 ნისანი; შეიძლება შუადღე ახლოვდება. იესოს არ უძინია ხუთშაბათის ადრიანი დილიდან და ამ დროის განმავლობაში ის იტანჯებოდა ხან ერთი და ხან მეორე საშინელი მდგომარეობით. გასაგებია, რომ ძელის სიმძიმე მალე ძალას აცლის მას. ამიტომ ვინმე გამვლელ აფრიკელ სიმონ კვირინელს ატარებინებენ ამ ძელს. გზაზე მათ მრავალი ადამიანი მოჰყვება, მათ შორის არიან ქალები, რომლებიც მწუხარებისგან გულში იცემენ ხელებს და იესოზე მოთქვამენ.
იესო ქალებისკენ ბრუნდება და ეუბნება: „იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენ შვილებზე იტირეთ. რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ‘ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უკვებიათ!’ . . ვინაიდან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?“
იესო მიუთითებს იუდეველი ერის ხეზე, რომელშიც ჯერ კიდევ არის სიცოცხლის სინოტივე, ვინაიდან იესო მათ შორის იმყოფება და არსებობს იუდეველებიდან დარჩენილი ნაწილი, რომლებსაც სწამთ მისი. მაგრამ, როცა ერს ყოველივე ეს წაერთმევა, მაშინ დარჩება მხოლოდ სულიერად მკვდარი ხე, დიახ, გამხმარი ეროვნული ორგანიზაცია. ოჰ, რამხელა მიზეზი იქნება მაშინ მოთქმისთვის, როცა რომაელთა ჯარები, რომლებსაც ღმერთი დამსჯელებად იყენებს, გაანადგურებენ იუდეველთა ერს! იოანე 19:6–17; 18:31; ლუკა 23:24–31; მათე 27:31, 32; მარკოზი 15:20, 21.
▪ რაში სდებენ ბრალს რელიგიური წინამძღოლები იესოს, როცა მათ პოლიტიკურ ბრალდებას შედეგი არ მოაქვს?
▪ რატომ იზრდება პილატეს შიში?
▪ ვის ადევს უფრო დიდი ცოდვა იმაში, რასაც იესოს უკეთებენ?
▪ ბოლოს და ბოლოს, როგორ ახერხებენ მღვდლები, რომ პილატემ დასასჯელად გადასცეს მათ იესო?
▪ რას ეუბნება იესო ქალებს, რომლებიც მასზე მოთქვამენ, და რა აქვს მხედველობაში, როცა მიუთითებს ხეზე, რომელიც ჯერ ‘ნედლია’ და შემდეგ ‘ხმება’?