არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი გაყრისა და ბავშვების სიყვარულის შესახებ

გაკვეთილი გაყრისა და ბავშვების სიყვარულის შესახებ

თავი 95

გაკვეთილი გაყრისა და ბავშვების სიყვარულის შესახებ

იესო და მისი მოწაფეები იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებიან; ისინი ახ. წ. 33 წლის პასექზე დასასწრებად მიდიან. ისინი კვეთენ მდინარე იორდანეს და პერეას გავლით მიდიან. რამდენიმე კვირის წინ იესო პერეაში იყო, მაგრამ თავისი მეგობრის, ლაზარეს, ავადმყოფობის გამო იუდეაში გამოიძახეს. პერეაში ყოფნის დროს იესო ფარისევლებს გაყრის შესახებ ელაპარაკა და ახლა ისინი კვლავ ამაზე იწყებენ ლაპარაკს.

გაყრის შესახებ ფარისევლები სხვადასხვაგვარად ასწავლიან. მოსემ თქვა, რომ ქმარს შეუძლია ცოლთან გაყრა, როცა „რაღაც სასირცხოს აღმოაჩენს მასში“. ზოგის აზრით, ეს ეხება მხოლოდ მათ, ვინც აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევა. მაგრამ სხვების აზრით, ‘რაღაც სასირცხოში’ ძალიან მცირე შეცდომებიც შედის. ამიტომ ფარისევლები გამოსაცდელად ეკითხებიან იესოს: „თუ არის ნებადართული კაცისათვის გაუშვას ცოლი ყოველგვარი მიზეზით?“ ისინი დარწმუნებული არიან, რომ რაც არ უნდა თქვას იესომ, მაინც წამოეჭრება სიძნელეები განსხვავებული თვალსაზრისის მქონე ფარისევლებთან.

იესო მოხერხებულად პასუხობს და არ ეხება არც ერთ ადამიანურ თვალსაზრისს, არამედ მიუთითებს ქორწინების შესახებ თავდაპირველ ჩანაფიქრზე: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, — ეკითხება ის, — რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: ‘ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.’ ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“.

როგორც იესო აჩვენებს, ღმერთის თავდაპირველი განზრახვა იყო, რომ დაქორწინებული წყვილი ერთად ყოფილიყო და არ განქორწინებულიყო. ფარისევლები პასუხობენ, თუ ეს ასეა „მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრილობის მოწმობის მიცემა და გაშვება?“

— მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, — პასუხობს იესო, — დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.

დიახ, როცა ღმერთმა ქორწინების ჭეშმარიტი ნორმები დაადგინა ედემის ბაღში, მას არ გაუთვალისწინებია განქორწინება.

იესო განაგრძობს ფარისევლებთან ლაპარაკს: „მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის [ბერძნულად „პორ·ნეიʹა“] მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს“. ამის საშუალებით იესო ცხადყოფს, რომ „პორ·ნეიʹა“, სექსუალური გახრწნილება, არის ღმერთის მიერ დაშვებული ერთადერთი საფუძველი განქორწინებისთვის.

რადგან ხვდებიან, რომ ქორწინება უნდა იყოს ხანგრძლივი კავშირი და მისი დარღვევა მხოლოდ ამ ერთადერთი მიზეზის გამო შეიძლება, მოწაფეები აღძრული არიან თქვან: „თუკი ასეთი მიზეზი აქვს კაცს ქალის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი“. ეჭვგარეშეა, რომ ყველამ, ვინც დაქორწინებას აპირებს, სერიოზულად უნდა შეხედოს ამას და გაითვალისწინოს ამ კავშირის მუდმივობა!

შემდეგ იესო დაუქორწინებლობაზე ლაპარაკობს. ის განმარტავს, რომ ზოგი ბიჭი საჭურისად იბადება და არ შეუძლია დაქორწინება, რადგან სქესობრივად განუვითარებელია. სხვებს ადამიანები ასაჭურისებენ, სქესობრივად უუნაროებს ხდიან. და ბოლოს, ზოგი ახშობს დაქორწინებისა და სექსუალური ურთიერთობით სიამოვნების მიღების სურვილს და ამგვარად მათ შეუძლიათ უფრო სრულად მიუძღვნან თავი ზეციერ სამეფოსთან დაკავშირებულ საქმეებს. „ვისაც შეუძლია [დაუქორწინებლობის] შეთვისება, შეითვისოს“, — ასკვნის იესო.

ახლა ხალხს პატარა ბავშვები მოჰყავს იესოსთან. მაგრამ მოწაფეები ბავშვებს ტუქსავენ და ცდილობენ, იქაურობას მოაშორონ, რა თქმა უნდა, იესოს ზედმეტი დატვირთვისგან დაცვის მიზნით. მაგრამ იესო ეუბნება: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ“.

რა შესანიშნავ გაკვეთილს იძლევა იესო! ღვთის სამეფოს დასამკვიდრებლად ჩვენ უნდა მივბაძოთ პატარა ბავშვების თავმდაბლობასა და ამთვისებლობას. მაგრამ იესოს მაგალითი აგრეთვე თვალსაჩინოდ გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მშობლებისთვის, დრო გამოუყონ თავიანთ შვილებს. ახლა იესო თავის სიყვარულს პატარებისადმი იმით ავლენს, რომ ხელში იყვანს და ლოცავს მათ. მათე 19:1–15; მეორე რჯული 24:1; ლუკა 16:18; მარკოზი 10:1–16; ლუკა 18:15-17.

▪ რა განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ ფარისევლებს გაყრის შესახებ და, ამიტომ როგორ სცდიან ისინი იესოს?

▪ როგორ უმკლავდება იესო ფარისევლების მიერ მისი გამოცდის მცდელობას და რას ასახელებს ის განქორწინების ერთადერთ მიზეზად?

▪ რატომ ამბობენ იესოს მოწაფეები, რომ უმჯობესია დაუქორწინებლობა და რას ურჩევს იესო?

▪ რას გვასწავლის იესო პატარა ბავშვებისადმი მოპყრობით?