გაკვეთილი იესოს საცდურებიდან
თავი 13
გაკვეთილი იესოს საცდურებიდან
იესო ღვთის სულს მონათვლისთანავე იუდეის უდაბნოში მიჰყავს. მან ძალიან ბევრი უნდა იფიქროს, ვინაიდან მისი მონათვლის დროს „გაიხსნენ ცანი“ და, ამგვარად, მას შეეძლო ზეციერ საკითხებში წვდომა. მას, მართლაც, ბევრი საფიქრალი აქვს!
იესო 40 დღე და ღამე უდაბნოშია და ამ დროის განმავლობაში არაფერი უჭამია. და ახლა, როცა ის ძალიან მშიერია, ეშმაკი გამოსაცდელად მიდის მასთან და ეუბნება: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ“. მაგრამ იესომ იცის, რომ თავისი სასწაულებრივი ძალის პირადი სურვილების დასაკმაყოფილებლად გამოყენება არასწორია. ამიტომ ის უკუაგდებს ამ საცდურს.
მაგრამ ეშმაკი თავს არ ანებებს. ის სხვაგვარად უდგება. ის იესოს ეუბნება, რომ გადახტეს ტაძრის კედლიდან, რადგან ღვთის ანგელოზები უშველიან მას. მაგრამ იესო არ ცდება და არ მართავს მსგავს თეატრალურ სანახაობას. საღვთო წერილიდან ციტირებით იესო ცხადყოფს, რომ ღვთის ამგვარად გამოცდა არასწორია.
მესამე საცდურისას ეშმაკი სასწაულის გამოყენებით მსოფლიოს ყველა სამეფოს აჩვენებს იესოს და ეუბნება: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ“. მაგრამ იესო კვლავ არ ნებდება საცდურს, მოიქცეს არასწორად, და ღვთისადმი ერთგულებას ირჩევს.
ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ იესოს ამ საცდურებიდან. მაგალითად, აქედან ჩანს, რომ ეშმაკი, უბრალოდ, ბოროტება კი არ არის, როგორც ზოგს ჰგონია, არამედ ის არის რეალური უხილავი პიროვნება. იესოს საცდურები აგრეთვე ცხადყოფს, რომ მთელი მსოფლიოს მთავრობები ეშმაკის საკუთრებაა. სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა ეშმაკის შეთავაზება იესოსთვის ნამდვილი საცდური ყოფილიყო, თუ მსოფლიო მთავრობები ეშმაკის საკუთრება არ იქნებოდა?
დაუფიქრდი: ეშმაკმა თქვა, რომ მზად იყო, დაეჯილდოებინა იესო თაყვანისცემის ერთი აქტისთვის და წუთისოფლის ყველა სამეფოც კი მიეცა. ეშმაკს შეუძლია მსგავსი სახით ჩვენს შეცდენასაც შეეცადოს და პროვოცირება მოგვიწყოს შესაძლებლობებით, ვფლობდეთ მსოფლიო ავლა-დიდებას, ძალაუფლებას ან მდგომარეობას. მაგრამ რამდენად ბრძენნი ვიქნებოდით, თუ ნებისმიერი შესაძლო საცდურისას მივყვებოდით იესოს მაგალითს და ღვთისადმი ერთგული დავრჩებოდით! მათე 3:16; 4:1–11; მარკოზი 1:12, 13; ლუკა 4:1–13.
▪ უდაბნოში ყოფნის 40 დღის განმავლობაში, როგორც ჩანს, რაზე ფიქრობს იესო?
▪ როგორ ცდილობს ეშმაკი იესოს შეცდენას?
▪ რის სწავლა შეგვიძლია იესოს საცდურებიდან?