გალილეის ზღვასთან
თავი 130
გალილეის ზღვასთან
მოციქულები ახლა გალილეაში ბრუნდებიან, როგორც ადრე დაარიგა იესომ. მაგრამ არ იციან, თუ რა უნდა აკეთონ იქ. ცოტა ხნის შემდეგ პეტრე ეუბნება თომას, ნათანაელს, იაკობსა და მის ძმა იოანეს და აგრეთვე ორ სხვა მოციქულს:
— მე სათევზაოდ მივდივარ.
— ჩვენც წამოგყვებით, — პასუხობს ექვსივე.
მთელი ღამის განმავლობაში ისინი ვერაფერს იჭერენ. განთიადისას ნაპირზე ცხადდება იესო, მაგრამ მოციქულები ვერ ხვდებიან, რომ ეს იესოა. ის ხმამაღლა ეძახის:
— შვილებო, გაქვთ რაიმე საჭმელი?
— არა, — მოისმის ხმამაღალი პასუხი ზღვიდან.
— ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით, — ეუბნება ის.
ისინიც უჯერებენ და თევზის სიმრავლის გამო ბადე ვერ ამოაქვთ წყლიდან.
— ეს უფალია, — წამოიძახებს იოანე.
ამის გაგონებაზე პეტრე მოსასხამს წელზე შემოირტყამს და ზღვაში ეშვება. ის ნაპირამდე დაახლოებით 90 მეტრს მიცურავს. სხვა მოციქულები პატარა ნავით მიჰყვებიან მას და თევზით სავსე ბადეს მიათრევენ.
როცა ისინი ნაპირს აღწევენ, იქ ხვდებათ ნაკვერჩხლებზე დადებული თევზი და იქვე პურიც. „იმ თევზისა მოიტანეთ, ახლა რომ დაიჭირეთ“, — ეუბნება მათ იესო. პეტრე ჯდება ნავში და ხმელეთზე გამოათრევს ბადეს. მასში 153 დიდი თევზია!
— მოდით, ისაუზმეთ, — იწვევს იესო.
ვერც ერთი მათგანი ვერ ბედავს, ჰკითხოს: „ვინ ხარ“, ვინაიდან ყველამ იცის, რომ იესოა. ეს არის აღდგომის შემდეგ მეშვიდე გამოცხადება, ხოლო მოციქულების ჯგუფთან — მესამე. ამჯერად თითოეულ მათგანს პურითა და თევზით უმასპინძლდება.
როცა ჭამას ამთავრებენ, იესო, ალბათ, უყურებს იმ მრავალ თევზს, რომელიც დაიჭირეს და პეტრეს ეკითხება: „სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარვარ?“ ეჭვგარეშეა, მას მხედველობაში აქვს შემდეგი: ‘მეთევზეობა უფრო მეტად გიყვარს თუ ის საქმე, რომლისთვისაც მე მოგამზადე?’
— შენ იცი, რომ მიყვარხარ, — პასუხობს პეტრე.
— აძოვე ჩემი კრავები, — ეუბნება იესო.
— სიმონ იოანესავ, გიყვარვარ? — მეორედ ეკითხება ის.
— კი, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ, — დაბეჯითებით პასუხობს პეტრე.
— დამწყსე ჩემი ცხვრები, — ისევ უბრძანებს იესო.
— სიმონ იოანესავ, გიყვარვარ? — უკვე მესამედ ეკითხება ის.
ახლა უკვე პეტრე წუხს. ის შეიძლება ფიქრობს, ეჭვი ხომ არ ეპარება იესოს მის ურყევ ერთგულებაში. მან ხომ ამას წინათ, როცა იესოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, სამჯერ უარყო, რომ იცნობდა მას. ამიტომ პეტრე ეუბნება:
— უფალო, შენ ყველაფერი იცი: იცი, რომ მიყვარხარ!
— აძოვე ჩემი ცხვრები, — უბრძანებს იესო მესამედ.
ამგვარად, იესო მაგალითად იყენებს პეტრეს, რათა სხვებს ჩააგონოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელიც მისი ნების თანახმად უნდა გააკეთონ. ის მალე დატოვებს დედამიწას და სურს, რომ მათ საკუთარ თავზე აიღონ ხელმძღვანელობა და მოემსახურონ მათ, რომლებიც ღვთის ფარეხს შემოუერთდებიან.
როგორც იესო შებოჭეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს ღვთის დავალების შესრულებისთვის, ასევე, — ეუბნება ახლა ის, — პეტრესაც მოუწევს მსგავსი განსაცდელის ატანა. „სანამ ახალგაზრდა იყავი, — ეუბნება მას იესო, — შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა. როდესაც მოხუცდები, გაშლი ხელებს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს“. მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს წამებით სიკვდილი მოელოდა, იესო მოუწოდებს: „მომყევი“.
მობრუნებისას პეტრე ხედავს იოანეს და მის შესახებ ეკითხება:
— უფალო, ამას რა?
— თუ მე მსურს, რომ დარჩეს ჩემს მოსვლამდე, — პასუხობს იესო, — შენ რა? შენ მე გამომყევი.
იესოს ეს სიტყვები მრავალმა მოწაფემ ისე გაიგო, რომ მოციქული იოანე არასდროს მოკვდებოდა. მაგრამ, როგორც მოგვიანებით მოციქულმა იოანემ ახსნა, იესოს არ უთქვამს, რომ ის არ მოკვდებოდა, არამედ, უბრალოდ, თქვა: „თუ მე მსურს, რომ დარჩეს, ჩემს მოსვლამდე, შენ რაო?“
მოგვიანებით იოანემ შემდეგი მნიშვნელოვანი აზრი გამოთქვა: „კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, თვით ქვეყნიერებაც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს“. იოანე 21:1–25; მათე 26:32; 28:7, 10.
▪ რა ცხადყოფს, რომ მოციქულებმა არ იციან, თუ რა უნდა გააკეთონ გალილეაში?
▪ როგორ სცნობენ მოციქულები იესოს გალილეის ზღვასთან?
▪ უკვე მერამდენედ გამოცხადდა იესო თავისი აღდგენის შემდეგ?
▪ როგორ ამახვილებს იესო ყურადღებას იმაზე, თუ რა სურს, რომ გააკეთონ მისმა მოციქულებმა?
▪ როგორ მიუთითებს იესო, თუ როგორ მოკვდება პეტრე?
▪ იოანეს შესახებ იესოს რომელი ნათქვამი გაიგო მრავალმა მოწაფემ არასწორად?