გაცემა და დაპატიმრება
თავი 118
გაცემა და დაპატიმრება
შუაღამე კარგა ხნის გადასულია, როცა იუდა მოუძღვება ჯარისკაცების, მღვდელმთავრების, ფარისევლებისა და სხვა ადამიანებისგან შემდგარ უამრავ ხალხს გეთსემანიის ბაღში. მღვდლები იუდას მოურიგდნენ, რომ, თუ იესოს გასცემდა, 30 ვერცხლს გადაუხდიდნენ.
ადრე, როცა იუდა საპასექო სერობიდან გაუშვეს, როგორც ჩანს, ის პირდაპირ მღვდელმთავრებთან წავიდა. მათ კი მაშინვე შეკრიბეს მსახურები და სხვა ჯარისკაცთა ჯგუფები. იუდამ, შეიძლება, ისინი პირველად იმ ადგილზე მიიყვანა, სადაც იესომ და მისმა მოციქულებმა პასექი იზეიმეს. როცა ნახეს, რომ ისინი წასულები იყვნენ, უამრავი ხალხი იარაღით, ჩირაღდნებითა და ლამპრებით იუდას იერუსალიმის გარეთ მიჰყვება და ჭრის კედრონის ველს.
რადგან იუდას ეს ხალხი ზეთისხილის მთაზე აჰყავს, დარწმუნებულია, თუ სად ეძებოს იესო. გასული კვირის განმავლობაში ბეთანიასა და იერუსალიმს შორის მოგზაურობის დროს, იესო და მისი მოციქულები დასასვენებლად და სასაუბროდ ხშირად ჩერდებოდნენ ხოლმე გეთსემანიის ბაღში. მაგრამ ახლა ზეთისხილის ხეების ქვეშ მყოფი იესო შეიძლება ვერ დაინახონ ღამის სიბნელეში და როგორ გაარჩევენ მას ჯარისკაცები? მათ შეიძლება ადრეც არასდროს უნახავთ ის. ამიტომ იუდა აძლევს ნიშანს: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ“.
იუდას უამრავი ხალხი მოჰყავს ბაღში, ნახულობს იესოს თავის მოციქულებთან ერთად და მაშინვე მასთან მიდის.
— გიხაროდეს, რაბი! — ეუბნება ის და ნაზად კოცნის.
— რისთვის მოსულხარ, მეგობარო? — ეუბნება იესო.
შემდეგ თვითონ პასუხობს საკუთარ კითხვაზე და ეუბნება:
— იუდა, ამბორით გასცემ კაცის ძეს?
მაგრამ ამ სიტყვებითაც საკმარისია ნათქვამი მისი გამცემის შესახებ. იესო წინ გამოდის ჩირაღდნებისა და ლამპრების შუქზე და ეკითხება:
— ვის ეძებთ?
— იესო ნაზარეველს, — ისმის პასუხი.
— მე ვარ, — პასუხობს ის და ვაჟკაცურად დგას მათ წინაშე.
მისი გულადობით განცვიფრებულები და გაურკვევლები იმაში, თუ რას უნდა მოელოდნენ, მამაკაცები უკან იხევენ და მიწაზე ემხობიან.
— გითხარით, მე ვარ-მეთქი, — მშვიდად განაგრძობს იესო, — მე თუ მეძებთ, ესენი გაუშვით, წავიდნენ.
ცოტა ხნის წინ ზემოთა ოთახში ყოფნისას იესომ მამას ლოცვაში უთხრა, რომ მან დაიცვა ერთგული მოციქულები და არც ერთი მათგანი არ დაკარგულა „დაღუპვის ძის გარდა“. ამიტომ, შეიძლება, ამ სიტყვების შესასრულებლად ის სთხოვს, რომ მისი მიმდევრები გაუშვან.
როცა ჯარისკაცებს წონასწორობა უბრუნდებათ, დგებიან და იწყებენ იესოს გათოკვას, მოციქულები ხვდებიან საქმის ვითარებას. „უფალო, დავსცეთ მახვილი?“ — ეკითხებიან ისინი. იესოს პასუხის მოსმენამდე პეტრე იშიშვლებს მოციქულების მიერ მოტანილი მახვილებიდან ერთ-ერთს და თავს ესხმის მღვდელმთავრის მონას, მალქოზს. პეტრეს დარტყმა ასცდება მონის თავს, მაგრამ მარჯვენა ყურს ათლის.
„თავი დაანებეთ, კმარა!“ — საქმეში ერევა იესო. ის მალქოზს ყურზე ეხება და კურნავს მის ჭრილობას. შემდეგ პეტრესადმი ბრძანებით ის იძლევა ძალიან მნიშვნელოვან გაკვეთილს: „თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება. იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე მომგვაროს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც?“
იესოს სურს, რომ დააპატიმრონ, რადგან ის განმარტავს: „აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“ და ამატებს: „ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?“ ის სავსებით ეთანხმება ღვთის ნებას მასთან დაკავშირებით!
შემდეგ იესო ხალხს მიმართავს: „თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად? ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე. ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულდეს წინასწარმეტყველთა წერილები“.
მაშინ რაზმი, ათასისთავი და იუდეველთა მსახურები იპყრობენ იესოს და ბოჭავენ. ამის დანახვაზე მოციქულები ტოვებენ იესოს და გარბიან. მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცი — შეიძლება, მოწაფე მარკოზი — ბრბოში რჩება. ის, შეიძლება, იმ სახლში იყო, სადაც იესომ პასექი იზეიმა და შემდეგ ხალხს გამოჰყვა. მაგრამ ახლა მას სცნობენ და ცდილობენ დაიჭირონ. ის კი ხელში შეატოვებს მოსასხამს მათ და გარბის. მათე 26:47–56; მარკოზი 14:43–52; ლუკა 22:47–53; იოანე 17:12; 18:3–12.
▪ რატომ არის იუდა დარწმუნებული, რომ იესოს გეთსემანიის ბაღში იპოვიან?
▪ როგორ ავლენს იესო თავისი მოციქულებისადმი მზრუნველობას?
▪ რას აკეთებს პეტრე იესოს დასაცავად, მაგრამ რას ეუბნება იესო ამის შესახებ?
▪ როგორ ცხადყოფს იესო, რომ სავსებით ეთანხმება ღვთის ნებას მასთან დაკავშირებით?
▪ ვინ რჩება იქ, როცა მოციქულები ტოვებენ იესოს და რა მოსდის ამ პიროვნებას?