გულმოწყალების გაკვეთილი
თავი 40
გულმოწყალების გაკვეთილი
იესო, შესაძლოა, ჯერაც ნაინშია, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ გააცოცხლა ქვრივის ვაჟი ან შესაძლოა ის მეზობელ ქალაქშია. ერთ ფარისეველს, სახელად სიმონს, ძალიან სურს, ახლოს ნახოს პიროვნება, რომელიც ასეთ სასწაულებრივ საქმეებს აკეთებს. ამიტომ ის სადილზე სახლში პატიჟებს იესოს.
იესო ამ შემთხვევას უყურებს როგორც იქ დამსწრეთა მომსახურების შესაძლებლობას და ღებულობს მიწვევას, როგორც ეს გააკეთა მაშინ, როცა მიიღო მიწვევა, ეჭამა მებაჟეებსა და ცოდვილებთან. მაგრამ, როცა ის სიმონის სახლში შედის, იესოს არ ხვდებიან ისეთი გულისხმიერებით, როგორსაც, ჩვეულებრივ, სტუმრების მიმართ იჩენენ.
მტვრიან გზებზე სიარულისგან სანდლებში ფეხები ხურდება და ჭუჭყიანდება, ამიტომ სტუმართმოყვარეობის ნიშნად მიღებულია სტუმრისთვის ფეხების ცივი წყლით დაბანა. მაგრამ იქ მისვლისას იესოს ფეხებს არ ბანენ. ჩვეულებისამებრ, კოცნითაც არავინ ხვდება და სტუმართმოყვარეობის გამოსახატავად ზეთსაც არავინ სცხებს თმაზე.
სადილობისას, როცა სტუმრები მაგიდასთან არიან წამოწოლილები, ოთახში შეუმჩნევლად შემოდის დაუპატიჟებელი ქალი. ის ქალაქში ცნობილია თავისი ამორალური ცხოვრებით. ალბათ, მან მოისმინა იესოს სწავლებები, რომელშიც შედის მიწვევა, რომ ‘მასთან მისულიყო ყველა მაშვრალი და ტვირთმძიმე, რათა ეპოვა სულის სიმშვიდე’, და მოსმენილითა და ნანახით ღრმად შეძრულმა, მოძებნა იესო.
ქალი უკნიდან უახლოვდება მაგიდასთან მყოფ იესოს და მის ფეხებთან ჩაიჩოქებს. ქალი თავის ცრემლებს, რომელიც იესოს ფეხებზე იღვრება, საკუთარი თმითვე უმშრალებს. ის აგრეთვე იღებს ალებასტრონის ჭურჭელს ნელსაცხებლით, ნაზად უკოცნის ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებს. სიმონი გამკიცხავი მზერით უყურებს. ის ფიქრობს: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი“.
იესო ხვდება მის აზრებს და ეუბნება:
— რაღაც მაქვს შენთან სათქმელი, სიმონ.
— თქვი, მოძღვარო, — პასუხობს ის.
— ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა, — იწყებს იესო: — ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს — ორმოცდაათი. მაგრამ რაკი არ ჰქონდათ რით გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი?
— მე ვფიქრობ, — ამბობს სიმონი, შესაძლოა, გულგრილი გამომეტყველებით, ვინაიდან კითხვა უადგილოდ ეჩვენება, — რომელსაც უფრო მეტი მიუტევა.
— სწორად განსაჯე, — ეუბნება იესო. შემდეგ ქალზე უთითებს და ეუბნება: — ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფეხებისათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიხოცა. შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემი ფეხების კოცნა. შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფეხებს.
ამგვარად, ქალმა აშკარად აჩვენა, რომ გულწრფელად ინანიებს თავის ამორალურ წარსულს. ამიტომ იესო შემდეგი სიტყვებით ამთავრებს:
— ამის გამო გეუბნები: მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა. ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს.
იესო არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს ან არ ხუჭავს თვალს უზნეობაზე. უფრო სწორად, ეს შემთხვევა აჩვენებს თანაგრძნობით აღსავსე გაგებას იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ცხოვრებაში შეცდომებს უშვებენ, მაგრამ შემდეგ ინანიებენ და ამგვარად ქრისტესთან მიდიან სანუგეშებლად. იესო ქალს ნამდვილ სულის სიმშვიდეს ჰგვრის, როცა ეუბნება: „მიგეტევა შენი ცოდვანი. . . შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით“. ლუკა 7:36–50; მათე 11:28–30.
▪ როგორ ღებულობს იესოს მისი მასპინძელი სიმონი?
▪ ვინ ეძებს იესოს და რატომ?
▪ რა თვალსაჩინო მაგალითი მოჰყავს იესოს და როგორ იყენებს ის ამ მაგალითს?