არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გულმოწყალების გამო იუდეაში

გულმოწყალების გამო იუდეაში

თავი 89

გულმოწყალების გამო იუდეაში

რამდენიმე კვირის წინ, იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაულის განმავლობაში, იუდეველები ცდილობდნენ იესოს მოკვლას. ამიტომ ის წავიდა ჩრდილოეთით; როგორც ჩანს, ეს ადგილი გალილეის ზღვიდან არც ისე შორს იყო.

ახლახან ის კვლავ სამხრეთისკენ, იერუსალიმისკენ, გაემგზავრა და გზადაგზა ქადაგებდა პერეას სოფლებში, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით მდებარე მხარეში. მდიდრისა და ლაზარეს შესახებ იგავის მოყოლის შემდეგ ის თავის მოწაფეებს ასწავლის იმას, რასაც მათ ადრე, გალილეაში ყოფნის დროს, ასწავლიდა.

მაგალითად, ის ამბობს, რომ პიროვნებისთვის უმჯობესი იქნებოდა „წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ“, ვიდრე ღვთის ‘ერთი მცირეთაგანი’ დაებრკოლებინა. ის აგრეთვე ხაზს უსვამს მიტევების აუცილებლობას და განმარტავს: „დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს [ძმამ] და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე“.

მოწაფეების თხოვნაზე „მოგვიმატე რწმენა“, იესო პასუხობს: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებდათ“. ამგვარად, მცირე რწმენასაც კი შეუძლია დიდი საქმეების მოხდენა.

შემდეგ იესოს მოჰყავს ცხოვრებისეული მაგალითი, რომელიც თვალსაჩინოდ აჩვენებს ყოვლისშემძლე ღვთის მსახურის სწორ თვალსაზრისს. „რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს — მხვნელი ანდა მწყემსი, — ამბობს იესო, — მინდვრიდან დაბრუნებისას ნუთუ ეტყვის: წადი ჩქარა, სუფრას მიუჯექიო? განა არ ეტყვის: მომიმზადე ვახშამი და სარტყელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო. ნუთუ მადლობას ეტყვის მონას იმისათვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა? არა მგონია. ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უსარგებლო მონები ვართ, ვინაიდან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა“. ამგვარად, ღვთის მსახურებმა არასდროს უნდა იფიქრონ, რომ თავიანთი მსახურებით ღმერთს რაღაც სამსახურს უწევენ. პირიქით, მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის უპირატესობა, რომ მათ, როგორც ღვთის სახლეულის წევრებს, მინდობილი აქვთ მისადმი თაყვანისცემა.

როგორც ჩანს, ამ იგავის მოყოლიდან ცოტა ხნის შემდეგ მოდის მაცნე. ის იუდეის ბეთანიაში მცხოვრებმა მართამ და მარიამმა, ლაზარეს დებმა, გამოაგზავნეს. „უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს, ავადაა“, — აუწყებს მაცნე.

იესო პასუხობს: „ეს ავადმყოფობა სასიკვდილოდ არ არის, არამედ ღვთის სადიდებლადაა, რათა მისით განდიდდეს ღვთის ძე“. ორი დღით იქ დარჩენის შემდეგ იესო ეუბნება თავის მოწაფეებს:

— წავიდეთ კვლავ იუდეაში.

მაგრამ ისინი ახსენებენ:

— რაბი, იუდეველები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ?

— თორმეტი საათი არ არის დღეში? — კითხულობს იესო. — ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან ამ წუთისოფლის ნათელს ხედავს. ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, რადგან ნათელი არ არის მასში.

ცხადია, იესოს სურს თქვას, რომ ‘დღე’, ანუ ღვთის მიერ იესოს მსახურებისთვის განსაზღვრული დრო დედამიწაზე, ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და სანამ ის არ ამოიწურება, მანამ ხელს ვერავინ ახლებს. მან სრულად უნდა გამოიყენოს ‘დღის’ მოკლე დრო, ვინაიდან მოდის ‘ღამე’, რომლის დროსაც მისი მტრები მოკლავენ მას.

— ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა. მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ, — ამატებს იესო.

როგორც ჩანს, მოწაფეები ფიქრობენ, რომ ლაზარეს სძინავს, ესე იგი ისვენებს და ეს კარგის ნიშანია, ვინაიდან ძალებს აღიდგენს, ამიტომ ისინი პასუხობენ:

უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება.

— ლაზარე მოკვდა. მიხარია თქვენს გამო, იქ რომ არ ვიყავი, რათა თქვენ ირწმუნოთ. მაგრამ წავიდეთ მასთან, — პირდაპირ ეუბნება იესო.

თომას ესმის, რომ იესო შეიძლება მოკლან იუდეაში, და მისი მხარდაჭერის დიდი სურვილით აღძრული თანამორწმუნეებს მოუწოდებს: „ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ“. ასე რომ, მოწაფეები სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ და გულმოწყალებით აღძრულ იესოს იუდეაში მიჰყვებიან. ლუკა 13:22; 17:1–10; იოანე 10:22, 31, 40–42; 11:1–16.

▪ სად ქადაგებდა იესო ბოლო დროს?

▪ რომელ სწავლებებს იმეორებს იესო, რომელი ცხოვრებისეული მაგალითი მოჰყავს და რა საკითხის აღსანიშნავად?

▪ რა ახალ ამბავს გებულობს იესო და რას გულისხმობს ის ‘დღესა’ და ‘ღამეში’?

▪ რა აქვს თომას მხედველობაში, როცა ამბობს: „ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ“?