დაბადებიდან ბრმის განკურნება
თავი 70
დაბადებიდან ბრმის განკურნება
როცა იუდეველები იესოს ჩაქოლვას ცდილობენ, ის არ ტოვებს იერუსალიმს. მოგვიანებით, შაბათს, ის და მისი მოწაფეები ქალაქში მიდიან, სადაც ისინი ხვდებიან დაბადებიდან ბრმა მამაკაცს. მოწაფეები იესოს ეკითხებიან: „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“
შეიძლება მოწაფეებს, ზოგი რაბინის მსგავსად, სჯერათ, რომ პიროვნებამ შეიძლება შესცოდოს დედის მუცელშივე. მაგრამ იესო პასუხობს: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში“. ამ მამაკაცის სიბრმავის მიზეზი არ არის არც მისი და არც მისი მშობლების მიერ ჩადენილი განსაკუთრებული შეცდომა ან ცოდვა. პირველი მამაკაცის, ადამის, ცოდვამ მთელ კაცობრიობას არასრულყოფილება მოუტანა და ამგვარად გამოიწვია ისეთი ნაკლი, როგორიცაა ბრმად დაბადება. მამაკაცის ეს ნაკლი იესოს შესაძლებლობას აძლევს, ცხადყოს ღვთის საქმენი.
იესო ხაზს უსვამს ამ საქმეების კეთების აუცილებლობას. „ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმის საქმენი, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა, — ამბობს ის. — მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შეძლებს კეთებას. სანამ წუთისოფელში ვარ, წუთისოფლის ნათელი ვარ“. მალე სიკვდილი იესოს ჩაძირავს საფლავის სიბნელეში, სადაც ვეღარაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს. მანამდე კი ის არის წუთისოფლის განათლების წყარო.
ამის თქმის შემდეგ იესო მიწაზე აფურთხებს და ფურთხისგან ტალახს ზელს, ბრმას თვალებზე უსვამს და ეუბნება: „წადი და დაიბანე სილოამის აუზში“. მამაკაცი ემორჩილება. და, როცა ამას აკეთებს, თვალები ეხილება! რა გახარებული ბრუნდება, რადგან თავის ცხოვრებაში პირველად ხედავს.
მეზობლები და სხვები, ვინც მას იცნობენ, გაოცებული არიან.
— ეს ის არაა, რომ იჯდა და მათხოვრობდა? — კითხულობენ ისინი.
— ეს სწორედ ისაა, — პასუხობს ზოგი.
— არა, მაგრამ იმასა ჰგავს, — ვერ იჯერებენ სხვები.
— მე ვარ, — ეუბნება მამაკაცი.
— როგორ აგეხილა თვალები? — აინტერესებს ხალხს.
— კაცმა, იესო რომ ჰქვია, მოზილა ტალახი, წამისვა თვალებზე და მითხრა: წადი სილოამს და მოიბანეო; წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები.
— სადაა იგი? — ეკითხებიან ისინი.
— არ ვიცი, — პასუხობს ის.
ხალხს ყოფილი ბრმა მიჰყავს თავიანთ რელიგიურ წინამძღოლებთან, ფარისევლებთან. ისინიც ეკითხებიან, თუ როგორ აეხილა თვალები. „ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ“, — განუმარტავს მამაკაცი.
რა თქმა უნდა, ფარისევლებს უნდა გახარებოდათ მათხოვრის განკურნება! მაგრამ ამის ნაცვლად ისინი განსჯიან იესოს. „ეს კაცი არ არის ღვთისაგან“, — ამბობენ ისინი. რატომ ამბობენ ისინი ამას? „რაკი შაბათს არ იცავს“. მაგრამ სხვა ფარისევლებს აინტერესებთ: „როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?“ ასე რომ, მათ შორის უთანხმოება ხდება.
ამიტომ ისინი მამაკაცს ეკითხებიან:
— შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?
— წინასწარმეტყველია იგი, — პასუხობს ის.
ფარისევლებს არ სურთ ამის დაჯერება. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ამ კაცსა და იესოს შორის რაღაც საიდუმლო შეთანხმებაა, რათა ხალხი გაასულელონ. ამიტომ საკითხის გამოსარკვევად ისინი იბარებენ მათხოვრის მშობლებს, რათა დაჰკითხონ. იოანე 8:59; 9:1–18;
▪ რა არის მამაკაცის სიბრმავის მიზეზი და რა არა?
▪ რა არის ღამე, რომლის დროსაც ვეღარავინ შეძლებს საქმიანობას?
▪ როგორ რეაგირებენ ნაცნობები მამაკაცის განკურნებაზე?
▪ რა დაყოფა ხდება ფარისევლებს შორის მამაკაცის განკურნებასთან დაკავშირებით?