დაკარგულის ძებნა
თავი 85
დაკარგულის ძებნა
იესო ძალიან მონდომებულია, ეძებოს და იპოვოს ისინი, რომლებსაც ღვთისადმი თავმდაბლურად მსახურება სურთ. ამიტომ მათ ძებნაში ყველას, ცნობილ ცოდვილებსაც კი, სამეფოს შესახებ ესაუბრება. ახლა მის მოსასმენად ასეთი პიროვნებები მიდიან.
ამის დანახვაზე ფარისევლები და მწიგნობრები აკრიტიკებენ იესოს, მათი აზრით, უღირს ხალხთან ურთიერთობის გამო. ისინი ბუზღუნებენ: „ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამს“. რამდენად შეუფერებელია ეს მათი ღირსებისთვის! ფარისევლები და მწიგნობრები უბრალო ხალხს მათ ფეხქვეშ არსებული ტალახის მსგავსად ეპყრობიან. ისინი იყენებენ ებრაულ გამოთქმა „‛ამ ჰა·’აʹრეც“-ს, „მიწის ხალხი“, რითაც მათ მიმართ ზიზღს გამოხატავენ.
იესო კი ყველას ღირსეულად, კეთილად და თანაგრძნობით ეპყრობა. შედეგად, მრავალი ამ თავმდაბალი ადამიანებიდან, იმათი ჩათვლით, რომლებიც თავიანთი ცუდი საქმეებით არიან ცნობილი, მზად არიან მის მოსასმენად. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ფარისევლების კრიტიკაზე იესოს მიერ ძალისხმევის გამოვლენისთვის მათ სასარგებლოდ, რომლებსაც ისინი უღირსებად მიიჩნევენ?
იესო თავის მოწინააღმდეგეებს იგავის გამოყენებით პასუხობს. ის ლაპარაკობს ფარისევლების თვალსაზრისიდან გამომდინარე, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ მართალნი არიან და გარანტირებული აქვთ ღვთის ფარაში ყოფნა, მაშინ როცა, მათი აზრით, საზიზღარი „‛ამ ჰა·’აʹრეც“-ი გზასაცდენილია და უიმედო მდგომარეობაში იმყოფება. მოვუსმინოთ, თუ რას ეკითხება ის:
„რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის? რომ იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს. შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებს, მეზობლებს და ეტყვის: თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო“.
იესო მაშინვე ხსნის იგავის მნიშვნელობას: „თქვენ გეუბნებით: რომ ასევე უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ“.
ფარისევლები საკუთარ თავს მართლებად მიიჩნევენ და ჰგონიათ, რომ მათ მონანიება არ სჭირდებათ. როცა ორი წლის წინ ერთ-ერთი მათგანი იესოს აკრიტიკებდა მებაჟეებთან და ცოდვილებთან სადილობის გამო, იესომ უთხრა: „მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი“. თავდაჯერებულ ფარისევლებს, რომლებიც ვერ ხედავენ მონანიების აუცილებლობას, არ მოაქვთ სიხარული ზეცაში. მაგრამ გულწრფელად მომნანიებელ ცოდვილებს — მოაქვთ.
იმ აზრის განსამტკიცებლად, რომ გზააბნეული ცოდვილების მობრუნება დიდი სიხარულის მიზეზია, იესოს კიდევ ერთი იგავი მოჰყავს: „ანდა დედაკაცი, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს სანთელს და არ გამოგვის სახლს და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის? როცა იპოვის, დაუძახებს დობილებს და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, ვინაიდან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო“.
შემდეგ იესო იმავე ახსნა-განმარტებას ურთავს. ის განაგრძობს: „ასევე იქნება სიხარული ღვთის ანგელოზებთან ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო“.
რამდენად შესანიშნავია ღვთის ანგელოზების ეს მოსიყვარულე მზრუნველობა გზააბნეული ცოდვილების შემოსაბრუნებლად! ეს განსაკუთრებით შესანიშნავია, რადგან ერთ დროს უბრალო და ათვალწუნებული „‛ამ ჰა·’აʹრეც“-ი საბოლოოდ ღვთის ზეციერი სამეფოს წევრი გახდა. შედეგად, ისინი ისეთ მდგომარეობას ღებულობენ ზეცაში, რომელიც თვით ანგელოზების მდგომარეობაზე მაღალია! მაგრამ ანგელოზებს შურის ან შეურაცხყოფის გრძნობები კი არ აღძვრიათ, არამედ თავმდაბლურად სცნობენ, რომ ამ ცოდვილ ადამიანებს ცხოვრებაში შეხვდათ და გადალახეს ისეთი სიტუაციები, რომლებმაც ისინი აღჭურვა, თანამგრძნობ და გულმოწყალე ზეციერ მეფეებად და მღვდლებად მსახურებისთვის. ლუკა 15:1–10; მათე 9:13; 1 კორინთელთა 6:2, 3; გამოცხადება 20:6.
▪ რატომ აქვს იესოს ცნობილ ცოდვილებთან ურთიერთობა და ამის გამო როგორ აკრიტიკებენ ფარისევლები?
▪ რა თვალსაზრისი აქვთ ფარისევლებს უბრალო ხალხზე?
▪ რომელ იგავებს იყენებს იესო და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
▪ რატომ არის ანგელოზების სიხარული შესანიშნავი?