დამწუხრებულებისადმი თანაგრძნობა
თავი 57
დამწუხრებულებისადმი თანაგრძნობა
მას შემდეგ, რაც ფარისევლებს განსჯის ეგოისტური ტრადიციების გამო, იესო თავის მოწაფეებთან ერთად მიდის. ალბათ, გახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ მისი მცდელობა, მოწაფეებთან ერთად წასულიყო და ცოტა დაესვენა, ჩაიშალა, როცა უამრავმა ხალხმა იპოვა ისინი. ახლა თავის მოწაფეებთან ერთად, ის ტვიროსისა და სიდონის მხარეში მიემგზავრება, რომელიც ჩრდილოეთით მრავალი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ეს, როგორც ჩანს, ერთადერთი მოგზაურობაა, რომლის დროსაც იესო თავის მოწაფეებთან ერთად ისრაელის ფარგლებს სცდება.
როცა იესო პოულობს სახლს, სადაც დარჩებიან, ის აცხადებს, რომ მისი სურვილია, არავინ გაიგოს მათი ადგილსამყოფელი. მაგრამ ამ ტერიტორიაზეც კი, ისრაელის ფარგლებს გარეთ, ის შეუმჩნეველი არ რჩება. ბერძენი ქალი, რომელიც წარმოშობით სიროფინიკიელია, პოულობს მას და ემუდარება: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია“. მაგრამ იესო არაფერს პასუხობს.
ბოლოს მოწაფეები იესოს ეუბნებიან:
— გაუშვი იგი, ჩვენ რომ მოგვყვირის.
იესო მათ განუმარტავს, თუ რატომ არ აქცევს ქალს ყურადღებას და ეუბნება:
— მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან.
მაგრამ ქალი არ ეშვება. ის უახლოვდება იესოს, თაყვანს სცემს და ემუდარება:
— მიშველე, უფალო!
რამდენად უნდა მოელბო ქალის დაჟინებულ თხოვნას იესოს გული! მაგრამ ის კვლავ თავის პირველ პასუხისმგებლობაზე — ღვთის ხალხის, ისრაელის, მომსახურებაზე — ამახვილებს ყურადღებას. ამავე დროს, როგორც ჩანს, ის სცდის ქალის რწმენას და მოჰყავს იუდეველთა წინასწარაკვიატებული აზრი სხვა ერების მიმართ და ამტკიცებს:
— არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და [„პატარა“, აქ] ძაღლებს გადაუგდო.
ხმის ტონითა და სახის გამომეტყველებით იესო, უეჭველად, თავის ნაზ გრძნობებს ავლენს არაიუდეველთა მიმართ. ის არბილებს კიდეც წარმართების შედარებას ძაღლებთან, როცა მათზე ლაპარაკობს, როგორც ‘პატარა ძაღლებზე’, ანუ ლეკვებზე. განაწყენების ნაცვლად ქალი ეჭიდება იესოს მიერ მოყვანილ იუდეველთა წინასწარაკვიატებულ აზრს და თავმდაბლურად აღნიშნავს:
— დიახ, უფალო, მაგრამ [„პატარა“, აქ] ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონის სუფრიდან რომ ცვივა.
— ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, — პასუხობს იესო. — მოგეცეს, როგორც შენ გსურს.
და ასეც ხდება. სახლში დაბრუნებულს თავისი გოგო სრულიად განკურნებული ხვდება საწოლში.
სიდონის სანაპიროდან იესო და მისი მოწაფეები კვეთენ ქვეყანას და მიემართებიან მდინარე იორდანის სათავის მიმართულებით. ისინი, როგორც ჩანს, გადადიან იორდანეზე, სადღაც გალილეის ზღვის ზემოთ და შედიან ათქალაქში, რომელიც ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობს. აქ ისინი ადიან მთაზე, მაგრამ ხალხი პოულობს მათ და იესოსთან მიჰყავთ თავიანთი კოჭლები, ხეიბრები, ბრმები, მუნჯები და მრავალი სხვა დაავადებით შეპყრობილი და დამახინჯებული ადამიანები. ისინი, პირდაპირ რომ ვთქვათ, იესოს ფეხებთან ყრიან ამ ავადმყოფებს და ის კურნავს მათ. ხალხი გაოცებულია, როცა ხედავს, რომ მუნჯები ლაპარაკობენ, კოჭლები დადიან, ბრმები ხედავენ და განადიდებენ ისრაელის ღმერთს.
იესო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ერთ ყრუ და ენაბლუ მამაკაცს. ყრუები ხშირად ძალიან მორცხვები არიან, განსაკუთრებით კი ხალხში. იესო, ალბათ, ამჩნევს ამ კაცის განსაკუთრებულ აფორიაქებას. ამიტომ თანაგრძნობით გაჰყავს ცალკე, ხალხისგან მოშორებით. როცა მარტო რჩებიან, იესო აჩვენებს, თუ რის გაკეთებას უპირებს. ყურებში თითებს უცობს და დაფურთხების შემდეგ ენაზე ეხება. შემდეგ ზეცაში იხედება, ღრმად ამოიოხრავს და ამბობს: „განიხსენ“. მამაკაცს მაშინვე უბრუნდება სმენა და იწყებს გამართულად ლაპარაკს.
ადამიანები მადლიერებით ეხმაურებიან იესოს მიერ ავადმყოფების განკურნებას და ამბობენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს: ყრუებს სმენას აძლევს და მუნჯებს ალაპარაკებს“. მათე 15:21–31; მარკოზი 7:24–37.
▪ რატომ არ კურნავს იესო მაშინვე ბერძენი ქალის შვილს?
▪ სად მიჰყავს იესოს თავისი მოწაფეები ამის შემდეგ?
▪ როგორ კურნავს იესო თანაგრძნობით ყრუ და ენაბლუ მამაკაცს?