არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დგება გადამწყვეტი დღე

დგება გადამწყვეტი დღე

თავი 105

დგება გადამწყვეტი დღე

ორშაბათ საღამოს იესო იერუსალიმიდან ბეთანიაში ბრუნდება, რომელიც ზეთისხილის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობს. დასრულდა მისი საბოლოო მსახურების ორი დღე იერუსალიმში. იესო, ეჭვგარეშეა, ღამეს ისევ თავის მეგობარ ლაზარესთან ათევს. ის პარასკევს ჩამოვიდა იერიხონიდან და ეს მეოთხე ღამეა, რაც ბეთანიაშია.

ახლა, 11 ნისანს, სამშაბათს, დილით ადრე, ის და მისი მოწაფეები ისევ გზას ადგანან. იესოს მსახურებაში ეს არის გადამწყვეტი, ყველაზე მეტად დატვირთული დღე. ტაძარში მისი გამოჩენის ბოლო დღე. წამებისა და სიკვდილით დასჯის წინ მისი საჯარო მსახურების ბოლო დღე.

იესო და მისი მოწაფეები იმავე გზით, ზეთისხილის მთის გავლით, მიდიან იერუსალიმში. ბეთანიიდან მომავალ გზაზე პეტრე შენიშნავს ხეს, რომელიც გასულ დილას იესომ დაწყევლა. „რაბი, — წამოიძახებს ის, — აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა“.

მაგრამ რატომ გაახმო იესომ ხე? მიზეზს ნათელყოფს მისი სიტყვები: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც [ზეთისხილის მთას, სადაც ისინი იმყოფებიან] რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება. ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“.

ამიტომ ხის გახმობით იესო თავის მოწაფეებს შთამბეჭდავ გაკვეთილს აძლევს იმის შესახებ, რომ მათთვის აუცილებელია ღვთისადმი რწმენა. როგორც ის ამბობს: „ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და მოგეცემათ“. რა მნიშვნელოვანი გაკვეთილია მათთვის, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ მძიმე განსაცდელებს, რომლებიც მალე დადგება! მაგრამ არსებობს კიდევ ერთი კავშირი ლეღვის ხის გახმობასა და რწმენის სიმტკიცეს შორის.

ისრაელ ერს, ლეღვის ხის მსგავსად, მაცდური გარეგნობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის ღმერთთან კავშირშია და შეიძლება გარეშეების თვალში ისე ჩანს, რომ იცავს მის მცნებებს, დაამტკიცა, რომ არა აქვს რწმენა და არ გამოაქვს კარგი ნაყოფები. რწმენის უქონლობის გამო ის მზად არის, ღვთის საკუთარი ძეც კი უარყოს! მაშასადამე, უნაყოფო ლეღვის ხის გახმობით იესომ თვალსაჩინოდ აჩვენა, თუ რა იქნებოდა ამ უნაყოფო, ურწმუნო ერის ბოლო.

მალე იესო და მისი მოწაფეები იერუსალიმში შედიან და, ჩვეულებისამებრ, ტაძარში მიდიან, სადაც იესო იწყებს სწავლებას. მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესები, რომლებსაც, უეჭველია, ჯერ არ დავიწყებიათ წინა დღეს ფულის გადამცვლელების წინააღმდეგ იესოს მოქმედება, სცდიან მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“

პასუხად იესო ეუბნება: „მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან?“

მღვდლები და ხალხის უხუცესები თათბირობენ, თუ რა უპასუხონ. „თუ ვიტყვით: ზეციდანო, გვეტყვის, აბა, რატომ არ ერწმუნეთო მას? თუ ვიტყვით: კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე“.

წინამძღოლებმა არ იციან, რა უპასუხონ. ამიტომ ისინი იესოს ეუბნებიან: „არ ვიცით“.

იესოც, თავის მხრივ, ეუბნება: „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას“. მათე 21:19–27; მარკოზი 11:19–33; ლუკა 20:1–8.

▪ რა ხდება მნიშვნელოვანი 11 ნისანს, სამშაბათს?

▪ რა გაკვეთილს იძლევა იესო ლეღვის ხის გახმობით?

▪ რას პასუხობს იესო მათ, რომლებიც ეკითხებიან, თუ რომელი ხელმწიფებით აკეთებს ყოველივეს?