არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დედამიწაზე იესოს მოსვლის მიზეზი

დედამიწაზე იესოს მოსვლის მიზეზი

თავი 24

დედამიწაზე იესოს მოსვლის მიზეზი

თავის ოთხ მოწაფესთან ერთად კაპერნაუმში ყოფნისას იესოს გადატვირთული დღე ჰქონდა, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში კაპერნაუმის მოსახლეობის მიერ მოყვანილი ავადმყოფების განკურნებით დასრულდა. მას დრო არ ჰქონია განმარტოებისთვის.

ახლა მეორე დღის ადრიანი დილაა. გათენებამდე იესო დგება და განმარტოების მიზნით გარეთ გადის. ის მიდის ისეთ ადგილას, სადაც შესაძლებლობა ექნება, განცალკევებით ილოცოს თავისი მამის მიმართ. მაგრამ მისი განმარტოება ხანმოკლეა, ვინაიდან, როცა პეტრე და სხვები ხედავენ, რომ იესო მათთან არ არის, მის მოსაძებნად მიდიან.

როცა იესოს პოულობენ, პეტრე ეუბნება: „ყველა შენ გეძებს“. კაპერნაუმის მოსახლეობას სურს, რომ იესო მათთან დარჩეს. დიახ, რა მადლიერები არიან ისინი იმის გამო, რაც მათ იესომ გაუკეთა! მაგრამ იესო დედამიწაზე მხოლოდ ასეთი სასწაულებრივი განკურნებისთვის მოვიდა? რას ამბობს თვითონ იესო ამის შესახებ?

ბიბლიის ერთ-ერთი ცნობის თანახმად, იესო ასე პასუხობს თავის მოწაფეებს: „წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული“. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მთელი გულით სთხოვს, დარჩეს მათთან, იესო ეუბნება: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღვთის სასუფეველი, ვინაიდან ამისთვის ვარ მოვლენილი“.

დიახ, იესო, ძირითადად იმისათვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ექადაგა ღმერთის სამეფოს შესახებ, რომელიც განწმენდდა თავისი მამის სახელს და სამუდამოდ გადაჭრიდა მთელი კაცობრიობის ჯანმრთელობის საკითხს. მაგრამ იმის ნათელსაყოფად, რომ ის ღვთისგანაა მოვლენილი, იესო ახდენს სასწაულებრივ განკურნებებს. საუკუნეების წინ მოსე მსგავსად ახდენდა სასწაულებს, რათა განემტკიცებინა თავისი, როგორც ღვთის მსახურის, უფლებამოსილება.

ახლა, როცა იესო კაპერნაუმს ტოვებს, რათა სხვა ქალაქებშიც იქადაგოს, მისი ოთხი მოწაფეც თან მიჰყვება. ეს ოთხნი არიან: პეტრე და მისი ძმა ანდრია, იოანე და მისი ძმა იაკობი. ალბათ, გაგახსენდება, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ, პირველი მოგზაურობისას, იესომ ისინი თანამშრომლებად მიიწვია.

იესოს სამქადაგებლო მოგზაურობამ გალილეაში ოთხ მოწაფესთან ერთად შესანიშნავ წარმატებას მიაღწია! ფაქტიურად, ცნობა მისი საქმიანობის შესახებ მთელ სირიაშიც კი ვრცელდება. გალილეიდან, იუდეიდან და მდინარე იორდანეს გაღმიდან უამრავი ხალხი მიჰყვება იესოსა და მის მოწაფეებს. მარკოზი 1:35–39; ლუკა 4:42, 43; მათე 4:23–25; გამოსვლა 4:1–9, 30, 31.

▪ რა ხდება იესოს კაპერნაუმში ყოფნისას გადატვირთული დღის მეორე დილას?

▪ რატომ გამოიგზავნა იესო დედამიწაზე და რა მიზანს ემსახურება მისი სასწაულები?

▪ ვინ ახლავს თან იესოს გალილეაში სამქადაგებლო მოგზაურობისას და რა გამოხმაურებას პოულობს მისი საქმიანობა?