დევნისთვის მომზადება
თავი 50
დევნისთვის მომზადება
მოციქულებისთვის სამქადაგებლო მსახურების მეთოდების სწავლების შემდეგ იესო მათ მოწინააღმდეგეების შესახებ აფრთხილებს. ის ეუბნება: „აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. . . მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამსჯავროებში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ. წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო“.
მკაცრი დევნის მიუხედავად, რომელსაც მისი მიმდევრები შეხვდებიან, იესო დამაჯერებლად ჰპირდება: „როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ. ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში“.
იესო განაგრძობს: „ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს; აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ“. ის ამატებს: „ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“.
ქადაგება ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ სამუშაოს შესასრულებლად თავისუფლების შენარჩუნების მიზნით იესო ხაზს უსვამს კეთილგონიერების აუცილებლობას. „როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისაკენ გაიქეცით, — ეუბნება ის. — ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძეც მოვა“.
მართალია, იესოს ეს დარიგება, გაფრთხილება და გამხნევება მიმართულია თავისი 12 მოციქულისადმი, მაგრამ მას აგრეთვე მხედველობაში ჰყავდა ისინი, რომლებიც იესოს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ მიიღებდნენ მონაწილეობას მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობაში. ეს ვლინდება იესოს სიტყვებში, რომ მისი მოწაფეები „ყველასგან მოძულებულნი“ იქნებოდნენ და არა მხოლოდ ისრაელებისგან, ვისთანაც საქადაგებლად გაიგზავნენ მოციქულები. გარდა ამისა, მოციქულები, როცა იესომ გაგზავნა მოკლე სამქადაგებლო კამპანიის ჩასატარებლად, როგორც ჩანს, არასდროს წაუყვანიათ მთავრებსა და მეფეებთან. უფრო მეტიც, იმ დროს მორწმუნეები თავიანთი ოჯახის წევრებს მოსაკლავად არ გადაუციათ.
ამიტომ, როცა თქვა, რომ ვერ მოასწრებთ ყველა ქალაქის შემოვლას „რომ კაცის ძეც მოვა“, იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მისი მოწაფეები ვერ მოასწრებდნენ მთელი დასახლებული დედამიწის შემოვლას ქადაგებით ღვთის დამყარებული სამეფოს შესახებ, ვიდრე განდიდებული მეფე იესო ქრისტე არ მოვიდოდა არმაგედონისას, როგორც იეჰოვას განაჩენის შემსრულებელი.
იესო განაგრძობს მითითებას ქადაგებასთან დაკავშირებით და ამბობს: „მოწაფე მოძღვარზე მეტი არაა, არც მონაა თავის ბატონზე მეტი“. ამიტომ იესოს მიმდევრებსაც ისეთივე ცუდი დამოკიდებულებისა და დევნის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ, როგორსაც თვითონ იესო ხვდებოდა ღვთის სამეფოზე ქადაგების გამო. მაგრამ ის იძლევა რჩევას: „ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“.
იესომ, ამ მხრივ, მისაბაძი მაგალითი დატოვა. ყოვლადძლიერი იეჰოვა ღმერთის ერთგულების საკითხში კომპრომისზე წასვლის ნაცვლად, ის უშიშრად მოკვდა. დიახ, იეჰოვას შეუძლია პიროვნების „სულის“ (ამ შემთხვევაში იგულისხმება ცოცხალ სულად ყოფნის შესახებ მომავლის იმედი) მოსპობა ან პირიქით, შეუძლია პიროვნების აღდგენა მარადიული სიცოცხლით ტკბობისთვის. როგორი მოსიყვარულე, თანამგრძნობი ზეციერი მამაა იეჰოვა!
შემდეგ იესო ამხნევებს თავის მოწაფეებს და მოჰყავს იგავი, სადაც ყურადღება მახვილდება მათ მიმართ იეჰოვას მოსიყვარულე მზრუნველობაზე. „განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? — კითხულობს ის. — მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“.
სამეფოს შესახებ ცნობა, რომლის უწყებაც იესომ თავის მოწაფეებს დაავალა, დაყოფს ოჯახებს იმის შედეგად, რომ ზოგი მიიღებს ამ ცნობას, ზოგი კი — არა. „ნუ გგონიათ თითქოს დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. — განმარტავს ის. — მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი“. ამგვარად, ბიბლიის ჭეშმარიტების მიღება ოჯახის რომელიმე წევრისგან ვაჟკაცობას მოითხოვს. „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, — ამბობს იესო, — და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი“.
თავისი დარიგებების დასასრულს იესო განმარტავს, რომ, ვინც მის მოწაფეებს ღებულობს, მასაც ღებულობს. „ვინც დაალევინებს ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური“. მათე 10:16–42.
▪ რა გაფრთხილებას აძლევს იესო თავის მოწაფეებს?
▪ როგორ ამხნევებს და ანუგუშებს ის მათ?
▪ რატომ არის გამოსაყენებელი იესოს დარიგებები დღევანდელი ქრისტიანებისთვისაც?
▪ რა გაგებით არ არის იესოს მოწაფე მოძღვარზე მეტი?