არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დემონით შეპყრობილი ბიჭი განიკურნა

დემონით შეპყრობილი ბიჭი განიკურნა

თავი 61

დემონით შეპყრობილი ბიჭი განიკურნა

იმ დროს, როცა იესო, პეტრე, იაკობი და იოანე, ალბათ, ჯერ კიდევ ხერმონის მთის ქედზე არიან, სხვა მოწაფეები განსაცდელში ცვივდებიან. დაბრუნებისას იესო მაშინვე ამჩნევს, რომ რაღაც მოხდა. მის მოწაფეებს მწიგნობრები ეკამათებიან და მათ გარშემო ხალხს მოუყრია თავი. იესოს დანახვაზე ხალხი ძალიან ოცდება და მისასალმებლად გარბის.

— რაზე ედავებით ამათ? — ეკითხება ის.

ხალხიდან გამოდის ერთი მამაკაცი, იესოს წინაშე იჩოქება და უხსნის:

— მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელიც უტყვი სულით არის შეპყრობილი. სადაც კი შეიპყრობს, ძირს ანარცხებს, და გადმოსდის დუჟი, კბილებს აღრჭენს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს.

მწიგნობრები, როგორც ჩანს, აზვიადებენ მოწაფეების წარუმატებლობას ბიჭის განკურნებაში და შეიძლება დასცინიან კიდეც მათ მცდელობას. სწორედ ამ კრიტიკულ დროს მოდის იესო.

— ჰოი, ურწმუნო მოდგმავ! — ამბობს ის, — როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ თქვენ?

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იესო მიმართავს ყველა დამსწრეს, მაგრამ, ეჭვგარეშეა, ძირითადად ეს მწიგნობრებს ეხება, რომლებმაც განსაცდელში ჩაყარეს მისი მოწაფეები. შემდეგ იესო ბიჭზე ამბობს: „მომიყვანეთ იგი“. მაგრამ, როცა ბიჭი მასთან მიჰყავთ, დემონი, რომელსაც ის ჰყავს შეპყრობილი, მიწაზე ანარცხებს მას და ძლიერ კრუნჩხვებში აგდებს. ბიჭი მიწაზე გორავს და პირიდან დუჟი გადმოსდის.

— რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა? — ეკითხება იესო.

— პატარაობიდან, — პასუხობს მამა. — ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რათა დაეღუპა.

შემდეგ ის სთხოვს: „თუკი რამე შეგიძლია, შეგვიბრალე და გვიშველე“.

მამა, შესაძლოა, წლების განმავლობაში ეძებდა დახმარებას. და ახლა, როცა იესოს მოწაფეებმაც ვერაფერი უშველეს, ის სასოწარკვეთილია. იესო იწყნარებს მამაკაცის სასოწარკვეთილ თხოვნას და ამხნევებს:

— თუკი რამე შეგიძლიაო? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია.

— მწამს! — მაშინვე წამოიძახებს მამა, მაგრამ სთხოვს, — უშველე ჩემს ურწმუნოებას.

როცა ამჩნევს, რომ მათ გარშემო ხალხი იკრიბება, იესო შერისხავს დემონს: „უტყვო და ყრუ სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!“ გამოსვლისას დემონი ისევ აყვირებს ბიჭს და ძლიერ კრუნჩხვებში აგდებს. შემდეგ ბიჭი უძრავად წევს მიწაზე, ამიტომ ბევრი ამბობს: „მოკვდაო“. მაგრამ იესო ხელს ჰკიდებს მას და ის დგება.

ადრე, როცა მოწაფეები საქადაგებლად გაიგზავნენ, მათ განდევნეს დემონები. ამიტომ ახლა, როცა სახლში შედიან და იესოსთან მარტო რჩებიან, ეკითხებიან: „ჩვენ რატომ ვერ გავდევნეთ იგი?“

იმის დასანახვებლად, რომ მიზეზი მათი რწმენის უკმარისობა იყო, იესო პასუხობს: „ეს მოდგმა სხვანაირად ვერ გამოვა, თუ არა ლოცვით“. ცხადია, ამ განსაკუთრებით ძლიერი დემონის განსადევნად საჭირო იყო მომზადება. საჭირო იყო მტკიცე რწმენა და ღვთისადმი ლოცვით დახმარების თხოვნა.

შემდეგ იესო ამატებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“. რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს რწმენა!

დაბრკოლებები და სიძნელეები, რომლებიც ხელს უშლის იეჰოვასადმი მსახურებას, შეიძლება, პირდაპირი მნიშვნელობით, უზარმაზარ მთასავით დაუძლეველი და გადაულახავი ჩანდეს. მაგრამ იესო ცხადყოფს, რომ, თუ გულში განვავითარებთ რწმენას იმით, რომ მოვრწყავთ და ხელს შევუწყობთ მის ზრდას, ის მომწიფდება და დაგვეხმარება ასეთი მთისმაგვარი დაბრკოლებებისა და სიძნელეების გადალახვაში. მარკოზი 9:14–29; მათე 17:19, 20; ლუკა 9:37–43.

რა მდგომარეობა ხვდება იესოს, როცა ხერმონის მთიდან ბრუნდება?

როგორ ამხნევებს იესო დემონებით შეპყრობილი ბიჭის მამას?

რატომ ვერ შეძლეს მოწაფეებმა დემონის განდევნა?

როგორც იესო ცხადყოფს, რამდენად შეიძლება გაძლიერდეს რწმენა?