ერი იკარგება, მაგრამ არა ყველა მისი წარმომადგენელი
თავი 79
ერი იკარგება, მაგრამ არა ყველა მისი წარმომადგენელი
მალე, მას შემდეგ, რაც იესო ფარისევლის სახლის გარეთ თავმოყრილ ხალხს ესაუბრებოდა, ზოგი ეუბნება „გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლი [რომაელმა მმართველმა, პონტოელმა] პილატემ შეურია მათ მსხვერპლებს“. შეიძლება ესენი ის გალილეველები არიან, რომლებიც მაშინ დახოცეს, როცა ათასობით იუდეველმა პროტესტი განაცხადა, რომ პილატეს ტაძრის საგანძურის ფული გამოეყენებინა ბელღარის ასაშენებლად, რომელიც წყლით მოამარაგებდა იერუსალიმს. ისინი, რომლებიც ამის შესახებ უყვებიან იესოს, შეიძლება ფიქრობენ, რომ გალილეველებს ეს უბედურება მათი ბოროტი საქმეების გამო შეემთხვათ.
მაგრამ იესო აზროვნებას უსწორებს და ეკითხება: „თქვენ გგონიათ, ვითომ ეს გალილეველები ყველა სხვა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, რომ ასე დაიტანჯნენ? არა“, — პასუხობს იესო. შემდეგ ის სარგებლობს შემთხვევით და აფრთხილებს იუდეველებს: „თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!“
შემდეგ იესო სხვა ადგილობრივ უბედურ შემთხვევას იხსენებს, შეიძლება ისიც ბელღარის აშენებასთანაა დაკავშირებული. ის სვამს კითხვას: „ან რა გგონიათ, ის თვრამეტი კაცი, რომელთაც სილოამის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანები, რომლებიც იერუსალიმში მკვიდრობენ?“ არა, ამ ადამიანების სიკვდილის მიზეზი არ ყოფილა მათი ბოროტება, — ამბობს იესო. დიახ, „დრო და შემთხვევა“ არის საერთოდ ასეთი უბედური შემთხვევების მიზეზი. მაგრამ იესო კიდევ ერთხელ სარგებლობს შემთხვევით და აფრთხილებს: „თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“.
იესო შემდეგ ყვება სათანადო იგავს და განმარტავს: „ერთ კაცს თავის ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ მასზე ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა. უთხრა მევენახეს: ‘აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნელად და ვერ ვპოულობ. მოსჭერი იგი, რად უნდა ფიტავდეს მიწას?’ მან კი მიუგო პასუხად: ‘ბატონო, დატოვე ამ წელიწადსაც, ვიდრე ძირს შემოვუთოხნიდე და ნაკელს მოვაყრიდე, იქნებ მოისხას ნაყოფი. თუ არა და, მოსჭრი მას’“.
სამ წელზე მეტია, რაც იესო იუდეველებში რწმენის განვითარებას ცდილობს. მაგრამ შედეგად მხოლოდ რამდენიმე ასეულმა მოწაფემ გამოიღო ნაყოფი. ახლა, მისი მსახურების მეოთხე წელს, ის უფრო მეტ ძალისხმევას ახმარს: გულმოდგინედ ქადაგებს და ასწავლის იუდეასა და პერეაში, გადატანითი მნიშვნელობით, თოხნის და ნაკელს ყრის იუდეველთა ლეღვის ხის გარშემო. მაგრამ უშედეგოდ! ერი არ ინანიებს და, ამიტომ განადგურების პირასაა. ერის მხოლოდ მცირე ნაწილი ეხმაურება დადებითად.
ცოტა ხნის შემდეგ, შაბათს, იესო სინაგოგაში ასწავლის. აქ ის ხვდება ქალს, რომელიც უკვე თვრამეტი წელია იტანჯება დემონისგან და წელში მოხრილია. იესო თანაგრძნობით მიმართავს მას: „დედაკაცო, თავისუფალი ხარ შენი სნეულებისაგან“. ხელს ადებს და ის მაშინვე იმართება და იწყებს ღვთის განდიდებას.
მაგრამ სინაგოგის უფროსი ბრაზდება. „ექვსი დღეა, როცა შეიძლება რაიმეს კეთება, — პროტესტს აცხადებს ის, — ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ, ოღონდ შაბათს — არა“. ამგვარად, სინაგოგის უფროსი აღიარებს იესოს განკურნების უნარს, მაგრამ ხალხს განსჯის შაბათს განკურნებისთვის მოსვლის გამო.
— თვალთმაქცო, — ეუბნება იესო, — განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად? ხოლო ეს აბრაამის ასულია, რომელიც უკვე თვრამეტი წელიწადია შეკრული ჰყავდა სატანას. განა შაბათ დღეს არ უნდა გამოხსნილიყო ამ ხუნდებისგან?
ამის მოსმენაზე იესოს მოწინააღმდეგეებს რცხვენიათ. ხალხი კი ხარობს იმ დიდებული საქმეების ხილვით, რასაც იესო აკეთებს. შემდეგ იესო იმეორებს ორ წინასწარმეტყველურ იგავს ღვთის სამეფოს შესახებ, რომლებიც ერთი წლის წინათაც მოყვა ნავიდან გალილეის ზღვასთან. ლუკა 13:1–21; ეკლესიასტე 9:11; მათე 13:31–33.
▪ რომელი უბედური შემთხვევებია აქ მოხსენიებული და რას გვასწავლის იესო აქედან?
▪ რა გამოყენება შეიძლება ჰქონდეს უნაყოფო ლეღვის ხესა და მისი ნაყოფიერად გახდომის მცდელობასთან დაკავშირებულ იგავს?
▪ როგორ აღიარებს სინაგოგის უფროსი, რომ იესოს განკურნების უნარი აქვს, მაგრამ როგორ ამხელს იესო მის თვალთმაქცობას?