„ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო“
თავი 126
„ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო“
არც ისე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც იესო ძელზე ჰკიდია, რომ შუადღისას იდუმალებით მოცული სამსაათიანი სიბნელე დგება. ამის მიზეზი არ არის მზის დაბნელება, ვინაიდან ეს ხდება მხოლოდ ახალმთვარობისას, პასექის დროს კი მთვარე სავსეა. გარდა ამისა, მზის დაბნელება მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება. ასე რომ, ეს სიბნელე ღვთის გამოწვეულია! ეს, ალბათ, დაბნეულობაში აგდებს მათ, ვინც იესოს მასხარად იგდებს და გესლიან შენიშვნებსაც ბოლო ეღება.
თუ ეს შემზარავი მოვლენა ხდება მანამ, სანამ ერთ-ერთი ბოროტმოქმედი საყვედურობს თავის ამხანაგს და შემდეგ იესოს სთხოვს, რომ გაიხსენოს, შეიძლება სწორედ ეს არის მისი მონანიების გამომწვევი ფაქტორი. შეიძლება ამ სიბნელის განმავლობაში ოთხი ქალი, კერძოდ, იესოს დედა და მისი და სალომე, მარიამ მაგდალელი და მოციქულ იაკობ მცირის დედა, მარიამი, უფრო ახლოს მიდიან წამების ძელთან. იოანე, იესოს საყვარელი მოციქულიც მათთანაა.
როგორ ‘გმირავს’ დედის გულს, როცა უყურებს თავის ძეს, რომელსაც მოუარა და გაზარდა, ძელზე გაკრულს და საშინელ ტანჯვაში მყოფს! მაგრამ იესო საკუთარ ტკივილზე კი არ ფიქრობს, არამედ დედის კეთილდღეობაზე. ის დიდი ძალისხმევის ფასად დედას თავით იოანეზე ანიშნებს და ეუბნება: „დედაკაცო, აჰა, შენი ძე!“ შემდეგ იოანეს თავით ანიშნებს მარიამზე და ეუბნება: „აჰა, დედაშენი!“
ასეთნაირად იესო თავის დედაზე მზრუნველობას, რომელიც ამ დროისთვის, როგორც ჩანს, ქვრივია, ანდობს განსაკუთრებით საყვარელ მოციქულს. იესოს ასე მოქცევის მიზეზი ის არის, რომ მარიამის სხვა ვაჟებს ჯერ კიდევ არ სწამთ მისი. ამგვარად, ის ზრუნავს დედის არა მარტო ფიზიკური საჭიროებებით უზრუნველსაყოფად, არამედ სულიერითაც, რითაც შესანიშნავ მისაბაძ მაგალითს ტოვებს.
დაახლოებით შუადღის სამი საათისთვის იესო ამბობს: „მწყურია!“ იესო გრძნობს, რომ მამამისი, ასე ვთქვათ, აღარ იცავს, რათა ბოლომდე გამოიცადოს მისი უმწიკვლოება. ამიტომ ის ხმამაღლა უხმობს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“ ამის გაგონებაზე ახლოს მდგომთაგან ზოგიერთი წამოიყვირებს: „აჰა, ელიას უხმობს იგი“. მაშინვე ერთ-ერთი მათგანი გარბის, ღრუბელს ძმრით ჟღენთს, წამოაგებს ლერწამზე და დასალევად აწვდის. მაგრამ სხვები ამბობენ: „აბა, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გარდმოსახსნელად“.
ძმრის დალევის შემდეგ იესო ხმამაღლა წამოიყვირებს: „აღსრულდა!“ დიახ, მან აღასრულა ყველაფერი, რისთვისაც მამამისმა დედამიწაზე გამოგზავნა. ბოლოს ის ამბობს: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული“. ამგვარად, იესო თავის სასიცოცხლო ძალას ღმერთს გადასცემს იმ იმედით, რომ ის კვლავ დაუბრუნებს მას. შემდეგ თავს ხრის და კვდება.
იესოს უკანასკნელი ამოსუნთქვისას ხდება ძლიერი მიწისძვრა და კლდეები სკდება. მიწისძვრა იმდენად ძლიერია, რომ იერუსალიმთან მდებარე სამარხები იხსნება და გვამები გარეთ იყრება. გამვლელები, რომლებიც ხედავენ ამ განსვენებულთა სხეულებს, როცა ქალაქში შედიან, ავრცელებენ ამ ცნობას.
უფრო მეტიც, იესოს სიკვდილის დროს ფარდა, რომელიც ღვთის ტაძარში წმიდას წმიდათა წმიდისგან ყოფს, ზემოდან ძირამდე ორად იხევა. როგორც ჩანს, ეს მშვენივრად შემკული ფარდა 18 მეტრი სიგრძისაა და ძალიან მძიმეა! ეს საოცარი სასწაული ცხადყოფს არა მარტო ღვთის რისხვას მისი ძის მკვლელების წინააღმდეგ, არამედ მიუთითებს, რომ იესოს სიკვდილით გზა გაიხსნა წმიდათა წმიდისკენ, ზეცისკენ.
როცა ადამიანები გრძნობენ მიწისძვრას და ხედავენ ყოველივე მომხდარს, მათ დიდი შიში იპყრობს. ასისთავი, რომელიც სიკვდილით დასჯისას იესოს დარაჯობს, განადიდებს ღმერთს. „ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო“, — წამოიძახებს ის. ალბათ, ის ესწრებოდა იესოს სასამართლო პროცესს პილატეს წინაშე, როცა განიხილებოდა საკითხი, იყო თუ არა იესო ღვთის ძე. ახლა ის დარწმუნებულია, რომ იესო ღვთის ძეა, დიახ, ის ნამდვილად ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანია.
სხვებიც შეძრული არიან ამ სასწაულებრივი მოვლენებით და დარდისა და სირცხვილისგან მკერდში მჯიღების ცემით ბრუნდებიან სახლში. ამ სცენას თუ დავუკვირდებით, შორს მოჩანს იესოს მრავალი მოწაფე ქალი, რომლებიც შეძრული არიან ამ მნიშვნელოვანი მოვლენებით. აქვეა მოციქული იოანეც. მათე 27:45–56; მარკოზი 15:33–41; ლუკა 23:44–49; 2:34, 35; იოანე 19:25–30.
▪ რატომ არ შეიძლება მზის დაბნელებით აიხსნას სამსაათიანი სიბნელის ჩამოწოლა?
▪ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, რა შესანიშნავ მაგალითს ტოვებს იესო მათთვის, ვისაც ხანდაზმული მშობლები ჰყავთ?
▪ რომელ ოთხ უკანასკნელ განცხადებას აკეთებს იესო სიკვდილის წინ?
▪ რას იწვევს მიწისძვრა და რას ნიშნავს ტაძარში ფარდის ორად გახევა?
▪ როგორ მოქმედებს იესოს სიკვდილით დასჯისას მომხდარი სასწაულები ასისთავზე?