ვენახზე იგავებით მხილება
თავი 106
ვენახზე იგავებით მხილება
იესო ტაძარშია. მან ეს-ესაა ჩიხში მოამწყვდია რელიგიური წინამძღოლები, რომლებსაც სურდათ, გაეგოთ, თუ რომელი ხელმწიფებით აკეთებდა ის ყოველივეს. ვიდრე ისინი დაბნეულობაში არიან, იესო ეკითხება: „აბა, რა გგონიათ თქვენ?“ და შემდეგ იგავის საშუალებით აჩვენებს, თუ როგორები არიან ისინი სინამდვილეში.
„ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა“, — ყვება იესო. „მივიდა პირველთან და უთხრა: ‘შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.’ მან კი უპასუხა: ‘არ მინდა.’ ბოლოს კი ინანა და წავიდა. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, მან კი პასუხად უთხრა: ‘წავალ, ბატონო.’ მაგრამ არ წავიდა. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?“ — ეკითხება იესო.
— პირველმა, — პასუხობენ მოწინააღმდეგეები.
ამიტომ იესო განმარტავს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში“. ფაქტიურად, მებაჟეებმა და მეძავებმა თავდაპირველად უარი თქვეს ღვთის მსახურებაზე. მაგრამ შემდეგ, პირველი შვილის მსგავსად, მოინანიეს და ემსახურებოდნენ მას. მეორე მხრივ, რელიგიურმა წინამძღოლებმა, მეორე შვილის მსგავსად, ღმერთს აღუთქვეს, რომ ემსახურებოდნენ, მაგრამ როგორც იესო იუწყება: „მოვიდა თქვენთან იოანე [ნათლისმცემელი] სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი“.
შემდეგ იესო აჩვენებს, რომ რელიგიურ წინამძღოლთა მარცხი მხოლოდ ღვთისადმი მსახურების უგულებელყოფით არ არის გამოწვეული. არა, ისინი ნამდვილად ბოროტი, ცუდი ადამიანები არიან. „იყო ერთი სახლის პატრონი, — ყვება იესო, — რომელმაც გააშენა ვენახი, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწისმუშაკთ ჩააბარა და წავიდა. რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწისმუშაკთ მისი ნაყოფის მისაღებად. მიწისმუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები, ერთნი სცემეს, მეორენი დახოცეს და სხვა ჩაქოლეს. კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი; იმათაც ასევე მოექცნენ“.
„მონები“ არიან წინასწარმეტყველები, რომლებიც ‘სახლის პატრონმა’, იეჰოვა ღმერთმა, თავისი ‘ვენახის მიწის მუშაკებთან გაგზავნა’. ეს მიწის მუშაკები არიან ისრაელი ერის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, თვითონ ერი კი ბიბლიაში ნაჩვენებია როგორც ღვთის „ვენახი“.
რადგანაც ‘მიწის მუშაკებმა’ აწამეს და დახოცეს „მონები“, იესო ამბობს: „ბოლოს [ვენახის პატრონმა] თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ჩემი ძისა მოერიდებათო. მაგრამ მიწისმუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ‘ეს მემკვიდრეა; მოდით, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი!’ შეიპყრეს იგი, გააგდეს ვენახის მიღმა და მოკლეს“.
ახლა იესო რელიგიურ ბელადებს ეკითხება:
— როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მიწისმუშაკთ?
— ამ ბოროტეულთ, — პასუხობენ რელიგიური წინამძღოლები, — ბოროტად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწისმუშაკთ, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მისცემენ.
ასეთნაირად მათ უნებურად განაჩენი გამოაქვთ საკუთარი თავის მიმართ, რადგან ისინი შედიან იეჰოვას ისრაელის ეროვნული ‘ვენახის’ ისრაელ ‘მიწის მუშაკთა’ რიცხვში. ნაყოფი, რომელსაც იეჰოვა ამ მიწის მუშაკებისგან მოელის, არის მისი ძისადმი, ჭეშმარიტი მესიისადმი, რწმენა. რადგან მათ არ მოაქვთ ასეთი ნაყოფი, იესო აფრთხილებს: „ნუთუ არასოდეს არ წაგიკითხავთ წერილებში [ფსალმუნი 117:22, 23]: ‘ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში’? ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს. ის, ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაილეწება; ხოლო ვისაც დაეცემა, გასრესს“.
ახლა მწიგნობრები და მღვდელმთავრები ხვდებიან, რომ იესო მათზე ლაპარაკობს, და მისი, კანონიერი ‘მემკვიდრის’, მოკვლა სურთ. ამიტომ ამ ერს წაერთმევა ღვთის სამეფოში მმართველობის უპირატესობა და შეიქმნება ‘ვენახის მიწის მუშაკთა’ ახალი ერი, რომელიც კარგ ნაყოფს გამოიღებს.
რადგან რელიგიურ წინამძღოლებს ეშინიათ ხალხის, რომლებიც იესოს წინასწარმეტყველად მიიჩნევენ, ამ შემთხვევაში ისინი არ ცდილობენ იესოს მოკვლას. მათე 21:28–46; მარკოზი 12:1–12; ლუკა 20:9–19; ესაია 5:1–7.
▪ ვის ასიმბოლოებს ორი შვილი იესოს პირველ იგავში?
▪ ვის ასიმბოლოებს მეორე იგავში „სახლის პატრონი“, „ვენახი“, ‘მიწის მუშაკები’, „მონები“ და „მემკვიდრე“?
▪ რა მოუვათ ‘ვენახის მიწის მუშაკებს’ და ვინ დაიკავებს მათ ადგილს?