არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავთავების გლეჯა შაბათს

თავთავების გლეჯა შაბათს

თავი 31

თავთავების გლეჯა შაბათს

მალე იესო და მისი მოწაფეები გალილეაში დაბრუნების მიზნით ტოვებენ იერუსალიმს. გაზაფხულია და ყანებში ხორბალი მწიფს. მოწაფეები მშივრები არიან. ამიტომ ისინი გლეჯენ თავთავებს, ფშვნეტენ და ჭამენ. მაგრამ შაბათია და მათი მოქმედება შეუმჩნეველი არ რჩება.

იერუსალიმში მყოფმა რელიგიურმა წინამძღოლებმა ახლახან სცადეს იესოს მოკვლა შაბათის ვითომ დარღვევისთვის. ახლა ფარისევლები სდებენ ბრალს: „აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რის გაკეთებაც შაბათ დღეს არ შეიძლება“.

ფარისევლები აცხადებენ, რომ თავთავების გლეჯა და მათი საჭმელად ფშვნეტა მკის და ლეწვის ტოლფასია. მაგრამ მათი მკაცრი ახსნა-განმარტება, თუ რა ითვლება სამუშაოდ, შაბათს დამამძიმებელს ხდის, მაშინ როცა ის სიხარულის მომტანი და სულიერად გამახალისებელი უნდა ყოფილიყო. ამიტომ იესო საღვთო წერილის მაგალითებით აჩვენებს, რომ იეჰოვა ღმერთს არასდროს განუზრახავს ასეთი მეტისმეტად მკაცრი მოთხოვნა შაბათის კანონის შესახებ.

იესო ეუბნება, რომ, როცა დავითსა და მის კაცებს მოშივდათ, ღვთის კარავში შევიდნენ და საწინაშეო პურები ჭამეს. ეს პურები იეჰოვას ტაბლიდან იყო აღებული და ახალი პურებით იყო შეცვლილი, ხოლო ძველები, ჩვეულებრივ, მღვდლების საჭმელად იყო განკუთვნილი. მაგრამ ამ განსაკუთრებული მდგომარეობისას დავითი და მისი კაცები არ განუსჯიათ პურების ჭამისთვის.

იესოს სხვა მაგალითი მოჰყავს: „არ ამოგიკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უბრალონი არიან?“ დიახ, მღვდლები შაბათსაც კლავენ საქონელს და ასრულებენ სხვა სამუშაოებს ტაძარში ცხოველური შესაწირავების მოსამზადებლად! „ხოლო თქვენ გეუბნებით, — ამბობს იესო, — რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია“.

იესო აფრთხილებს ფარისევლებს: „თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი,’ მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს“. შემდეგ ის ასეთი სიტყვებით ამთავრებს: „შაბათის უფალი კაცის ძეა“. რას გულისხმობს ამაში იესო? აქ იესო მიუთითებს თავის მშვიდობიან ათასწლიან სამეფო მმართველობაზე.

უკვე 6 000 წელია, რაც კაცობრიობა სატანა ეშმაკის საშინელ მონობაში იტანჯება, სადაც ძალადობა და ომები ჩვეულებრივია. მეორე მხრივ, ქრისტეს მმართველობის დიდი შაბათი იქნება ყოველივე ამ ტანჯვა-წამებისგან დასვენების დრო. მათე 12:1–8; ლევიანნი 24:5–9; პირველი მეფეთა 21:2–7; რიცხვნი 28:9; ოსია 6:6.

▪ რაში სდებენ ბრალს იესოს მოწაფეებს და როგორ პასუხობს მათ იესო?

▪ ფარისევლების რომელ სუსტ მხარეს ააშკარავებს იესო?

▪ რა გაგებითაა იესო „შაბათის უფალი“?