თავმდაბლობის გაკვეთილი
თავი 62
თავმდაბლობის გაკვეთილი
ფილიპეს კესარიის მახლობლად დემონებით შეპყრობილი ბიჭის განკურნების შემდეგ იესოს მშობლიურ კაპერნაუმში სურს დაბრუნება. მაგრამ მას მგზავრობისას თავის მოწაფეებთან განმარტოებით ყოფნა უნდა, რათა შეძლოს მათი მომზადება თავისი სიკვდილისა და მომავალი პასუხისმგებლობებისთვის.
— კაცის ძე გადაცემული იქნება კაცთა ხელში, — განუმარტავს იესო, — მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.
მიუხედავად იმისა, რომ იესო ადრეც საუბრობდა ამის შესახებ და სამმა მოციქულმა პირადად იხილა მისი გარდასახვა, რომლის დროსაც განიხილებოდა მისი ‘წასვლა’, მის მოწაფეებს ჯერაც არ ესმით ყოველივე ამის მნიშვნელობა. თუმცა არც ერთი მათგანი არ ცდილობს საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას იმაზე, რომ იესოს მოკლავენ, როგორც ეს ადრე პეტრემ გააკეთა, მაგრამ ისინი შიშობენ, კიდევ რამე ჰკითხონ ამ საკითხზე.
ბოლოს ისინი შედიან კაპერნაუმში, რომელიც იესოს მსახურების ძირითადი ადგილია. ის აგრეთვე პეტრესა და ზოგიერთი სხვა მოციქულის მშობლიური ქალაქია. აქ პეტრეს უახლოვდებიან ტაძრის გადასახადის ამკრეფნი. შეიძლება ისინი ცდილობენ, შარი მოსდონ იესოს ზოგიერთი ჩვეულების დარღვევაში, და ეკითხებიან:
— თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას [ტაძრის გადასახადი]?
— კი, — პასუხობს პეტრე.
იესომ, რომელიც, შესაძლოა, ცოტა ხნის შემდეგ სახლში შედის, იცის, რაც მოხდა. ამიტომ, ვიდრე პეტრე მოუყვებოდეს ამის შესახებ, იესო ეკითხება:
— რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს — თავიანთ ძეთაგან თუ უცხოთაგან?
— უცხოთაგან, — პასუხობს პეტრე.
— აბა, ძენი თავისუფლები ყოფილან, — შენიშნავს იესო. ვინაიდან იესოს მამა არის სამყაროს მეფე, პიროვნება, რომელსაც ტაძარში ეთაყვანებიან, ღვთის შვილს კანონით არ მოეთხოვება ტაძრის გადასახადის გადახდა.
— მაგრამ, ისინი რომ არ ვაცდუნოთ, — ეუბნება იესო, — წადი ზღვაზე, ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდეს, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს [ოთხ დრაქმას]. წამოიღე იგი, მიეცი ჩემთვის და შენთვის.
როცა კაპერნაუმში დაბრუნების შემდეგ მოწაფეები ერთად იკრიბებიან, შესაძლოა, პეტრეს სახლში, ისინი ეკითხებიან: „ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?“ იესომ იცის, თუ რამ წამოჭრა ეს შეკითხვა, რადგანაც მან მოისმინა ფილიპეს კესარიიდან მის უკან მომავალი მოწაფეების ერთმანეთში საუბარი. ამიტომ ეკითხება: „რაზე მსჯელობდით გზაში?“ შეცბუნებული მოწაფეები ხმას არ იღებენ, ვინაიდან გზაში კამათობდნენ იმაზე, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის უდიდესი.
იესოს სწავლებიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ დაუჯერებელი ჩანს, რომ მოწაფეები ასეთ რამეზე კამათობენ? ეს ცხადყოფს ადამიანის არასრულყოფილებისა და მათი რელიგიური წარსულის დიდ გავლენას. იუდეველთა რელიგია, რომლითაც მოწაფეები აღიზარდნენ, ნებისმიერ საქმეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მდგომარეობას ან რანგს. გარდა ამისა, შეიძლება პეტრეს ჰქონდა უპირატესობის გრძნობა, იმის გამო, რომ იესომ აღუთქვა სამეფოს რამდენიმე ‘გასაღების’ მიცემა. იაკობსა და იოანესაც, რომლებსაც ჰქონდათ უპირატესობა იესოს გარდასახვის მოწმეები ყოფილიყვნენ, შესაძლოა, დაებადათ მსგავსი აზრები.
რაშიც არ უნდა ყოფილიყო საქმე, თავისი მოწაფეების თვალსაზრისის გასასწორებლად იესოს მოჰყავს გულში ჩამწვდომი თვალსაჩინო მაგალითი. ის ეძახის ბავშვს, მათ შორის აყენებს, ხელს ხვევს და ამბობს: „თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში. ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს“.
მოწაფეების გამოსწორების რა შესანიშნავი მეთოდია! იესო არ ბრაზდება მათზე და არ უწოდებს მათ ქედმაღლებს, ხარბებსა და პატივმოყვარეებს. არა, მაგრამ მათი აზროვნების გასასწორებლად მოჰყავს პატარა ბავშვების მაგალითი, რომლებსაც ახასიათებთ მოკრძალება და უბრალოება, და რომლებიც, ჩვეულებრივ, არ ფიქრობენ საკუთარ განდიდებაზე. ამგვარად, იესო ცხადყოფს, რომ მის მოწაფეებს სჭირდებათ თავმდაბალი ბავშვებისთვის დამახასიათებელი თვისებების განვითარება და ასკვნის: „ვინც თქვენს შორის ყველაზე უმცირესია, ის იქნება დიდი“. მათე 17:22–27; 18:1–5; მარკოზი 9:30–37; ლუკა 9:43–48.
▪ რომელ სწავლებას იმეორებს იესო კაპერნაუმში დაბრუნებისას და როგორ ღებულობენ ამას?
▪ რატომ არ არის იესო ვალდებული, რომ ტაძრის გადასახადი გადაიხადოს, მაგრამ რატომ იხდის?
▪ რას შეიძლება შეეწყო ხელი მოწაფეების კამათისთვის და როგორ აგვარებს იესო ამას?