არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იაიროსის სახლიდან კვლავ ნაზარეთში დაბრუნება

იაიროსის სახლიდან კვლავ ნაზარეთში დაბრუნება

თავი 48

იაიროსის სახლიდან კვლავ ნაზარეთში დაბრუნება

იესო მთელი დღე დაკავებული იყო — ათქალაქიდან ზღვით მგზავრობა, სისხლდენით დაავადებული ქალის განკურნება და იაიროსის ქალიშვილის აღდგენა. მაგრამ დღე ჯერ არ დასრულებულა. როგორც ჩანს, როცა იესო იაიროსის სახლს ტოვებს, ორი ბრმა ყვირილით მიჰყვება უკან: „შეგვიწყალე, დავითის ძეო!“

მიმართვით: „დავითის ძეო“, ეს მამაკაცები ავლენენ რწმენას, რომ იესო არის დავითის ტახტის მემკვიდრე და, აქედან გამომდინარე, აღთქმული მესია. მაგრამ იესოს ვითომ არ ესმის მათი ყვირილი და არ ეხმარება, რითაც, შესაძლოა, მათ სიმტკიცეს ცდის. მაგრამ მამაკაცები არ ეშვებიან. ისინი მიჰყვებიან იესოს და, როცა ის სახლში შედის, ისინიც მასთან ერთად შედიან.

— გწამთ, რომ მე ძალმიძს ამის გაკეთება? — ეკითხება იესო.

— კი, უფალო! — დარწმუნებით პასუხობენ ისინი.

იესო თვალებზე ეხება მათ და ეუბნება: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!“ და მათ მაშინვე უბრუნდებათ მხედველობა! შემდეგ იესო მკაცრად აფრთხილებს: „იცოდეთ, არავინ გაიგოს“. მაგრამ ისინი ისეთი გახარებული არიან, რომ არ ემორჩილებიან იესოს ბრძანებას და ამ ამბავს მთელ სოფელს აგებინებენ.

ამ კაცების წასვლისთანავე ხალხს შემოჰყავს დემონით შეპყრობილი კაცი, რომელსაც დემონმა ლაპარაკის უნარი წაართვა. იესო დევნის ეშმაკს და კაცი მაშინვე იწყებს ლაპარაკს. ამ სასწაულებით გაოცებული ხალხი ამბობს: „ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა ისრაელში“.

აქ ფარისევლებიც იმყოფებიან. ისინი ვერ უარყოფენ სასწაულს, მაგრამ თავიანთი ბოროტი ურწმუნოებით იმეორებენ ბრალდებას იესოს ძლევამოსილი საქმეების წყაროს შესახებ: „ეშმაკთა მთავრით დევნის ეშმაკებს“.

ამ მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ იესო მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში ბრუნდება, ამჯერად თავისი მოწაფეების თანხლებით. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ის სინაგოგაში ასწავლიდა. თუმცა ხალხი დასაწყისში გაოცებული იყო მისი სასიამოვნო სიტყვებით, მაგრამ მოგვიანებით შეურაცხყოფად მიიღეს მისი სწავლება და მის მოკვლას შეეცადნენ. ახლა გულმოწყალებით აღძრული იესო კვლავ მიდის თავისი ყოფილი მეზობლების დასახმარებლად.

მაშინ როცა სხვაგან იესოს გარშემო ხალხი იკრიბებოდა, აქ, როგორც ჩანს, ასე არ ხდება. ამიტომ შაბათს ის სინაგოგაში მიდის, რათა ასწავლოს ხალხს. მისი მსმენელების უმრავლესობა განცვიფრებულია. „საიდანა აქვს მას ეს სიბრძნე და სასწაული? — კითხულობენ ისინი. — განა ეს ხუროს ძე არ არის? დედამისს განა მარიამი არა ჰქვია, მის ძმებს კი — იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? განა მისი დები, ყველანი ჩვენს შორის არ არიან? საიდან აქვს ამას ყოველივე ეს?“

ისინი ფიქრობენ: ‘იესო ხომ ჩვენნაირი ადამიანია. ჩვენ ვხედავდით როგორ იზრდებოდა ის და ვიცნობთ მის ოჯახს. როგორ შეიძლება ის მესია იყოს?’ ამიტომ ყველა არსებული მტკიცების — მისი დიდებული სიბრძნისა და სასწაულების — მიუხედავად, ისინი უარყოფენ მას. მასთან ძალიან ახლო ურთიერთობის გამო ახლო ნათესავებიც კი ბრკოლდებიან, რის გამოც იესო ასკვნის: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატივოდ, გარდა თავისი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა“.

იესოს ნამდვილად აოცებს მათი რწმენის ნაკლებობა. ამიტომ ის არ ახდენს არავითარ სასწაულს, რამდენიმე ავადმყოფის ხელისდადებით განკურნების გარდა. მათე 9:27–34; 13:54–58; მარკოზი 6:1–6; ესაია 9:6.

▪ რის მიმართ ავლენენ რწმენას ბრმა მამაკაცები, როცა იესოს ‘დავითის ძეს’ უწოდებენ?

▪ როგორ ხსნიან იესოს სასწაულებს ფარისევლები?

▪ რატომ არის იესოს მხრიდან გულმოწყალების გამოვლენა ნაზარეთში მყოფთათვის დასახმარებლად დაბრუნება?

▪ როგორ ხვდებიან იესოს ნაზარეთში და რატომ?