იგავებით სწავლება
თავი 43
იგავებით სწავლება
როცა ფარისევლებს საყვედურობს, იესო, როგორც ჩანს, კაპერნაუმშია. იმავე დღეს, მოგვიანებით, ის გადის სახლიდან და გალილეის ზღვის სანაპიროსკენ მიდის, სადაც უამრავი ხალხი იკრიბება. ის ჯდება ნავში, ცოტას გაცურავს და იწყებს ნაპირზე მყოფი ხალხის სწავლებას ზეციერი სამეფოს შესახებ. ამ დროს ის იყენებს მთელ რიგ იგავებს, ანუ თვალსაჩინო მაგალითებს, რომელთაგან თითოეული აღებულია ყოველდღიური ცხოვრებიდან.
პირველად ის ყვება თესლის მთესველის შესახებ. ზოგი თესლი გზის პირას ვარდება და ფრინველები კენკავენ მას. სხვა თესლი კლდოვან ნიადაგზე ვარდება. ვინაიდან ნორჩ მცენარეს ფესვები ღრმად არა აქვს გადგმული, მზის მცხუნვარება ახმობს. ზოგი თესლი ვარდება ეკლებში, რომლებიც აშთობენ ახალამოსულ მცენარეს. ბოლოს, ზოგი კი პოხიერ ნიადაგზე ვარდება და გამოაქვს ნაყოფი ზოგს ასი, ზოგს — სამოცი და ზოგს — ოცდაათი.
სხვა იგავში იესო ღვთის სამეფოს ადარებს თესლის მთესველ კაცს. გადის დღეები და იმ დროს, როცა ადამიანი იძინებს და იღვიძებს, თესლი ამოდის. მამაკაცმა არ იცის როგორ. თესლი თავისით იზრდება და მარცვალი გამოაქვს. როცა ის მწიფდება, კაცი იწყებს მკას.
იესო ყვება მესამე იგავს კაცის შესახებ, რომელიც თესავს კარგ თესლს, მაგრამ ‘როცა ხალხს სძინავს’, მოდის მტერი და ხორბალში ღვარძლს თესავს. ამ კაცს თავისი მსახურები ეკითხებიან, გამარგლონ თუ არა ხორბალი ღვარძლისგან. მაგრამ ის პასუხობს: „არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. დააცადეთ, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალებს, გამოარჩიონ ღვარძლი და დაწვან, ხოლო ხორბალი ბეღელში შეინახონ“.
იესო განაგრძობს ნაპირზე მყოფ ხალხთან საუბარს და კიდევ ორ იგავს ყვება. ის განმარტავს, რომ „ცათა სასუფეველი“ წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც კაცმა დათესა. თუმცა ის თესლებს შორის ყველაზე პატარაა, — ამბობს ის, — ყველა მწვანილეულზე დიდი იზრდება. ის ხდება ხე, რომლის ტოტებშიც ფრინველები თავშესაფარს პოულობენ.
დღეს ზოგიერთები კამათობენ, რომ არსებობს მდოგვის თესლზე პატარა თესლები. მაგრამ იესო ბოტანიკის გაკვეთილს არ ატარებს. მის დღეებში მცხოვრები გალილეველებისთვის ცნობილი თესლებიდან მდოგვის თესლი ნამდვილად ყველაზე პატარაა. ასეთნაირად ისინი კარგად გებულობენ იმ არაჩვეულებრივ ზრდას, რომელიც იესოს იგავში მოჰყავს.
ბოლოს იესო ‘ცათა სასუფეველს’ ადარებს საფუარს, რომელსაც ქალი სამ დიდ საწყაო ფქვილში ურევს. დროთა განმავლობაში, — ამბობს იესო, — ის აფუებს მთელ ცომს.
ამ ხუთი იგავის მოყოლის შემდეგ იესო ხალხს უშვებს და სახლში ბრუნდება. მალე მასთან 12 მოციქული და სხვები მიდიან.
სარგებელი იესოს იგავებიდან
როცა ნაპირზე მყოფ ხალხთან საუბრის შემდეგ მოწაფეები მიდიან იესოსთან, ისინი ინტერესს ავლენენ სწავლების ამ ახალი მეთოდის მიმართ. დიახ, მათ ადრეც მოუსმენიათ მისგან იგავები, მაგრამ ამდენი ერთად არასდროს. ამიტომ ისინი ეკითხებიან: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“
ასე მოქმედების ერთ-ერთი მიზეზი არის წინასწარმეტყველური სიტყვების შესრულება: „იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც დასაბამიდან დაფარულია“. მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც. ის იგავებს იყენებს ადამიანთა გულების მდგომარეობის გამოსავლენად.
სინამდვილეში, ადამიანთა უმეტესობა იესოს მიმართ ინტერესს ავლენს მხოლოდ, როგორც მოთხრობების დახელოვნებული მთხრობლისა და სასწაულმოქმედისადმი და არა როგორც უფლისადმი, რომელსაც უნდა ემსახურონ და უანგაროდ მიჰყვნენ. მათ არ სურთ, შეცვალონ თავიანთი შეხედულებების ან ცხოვრების მდინარება. მათ არ სურთ, ამ ცნობამ მათზე გავლენა მოახდინოს.
ამიტომ იესო ამბობს: „იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან. სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: ‘. . .ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული’“.
„ხოლო — განაგრძობს იესო, — ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და წმიდას სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს“.
დიახ, თორმეტ მოციქულსა და მათთან მყოფებს აღმქმელი გულები აქვთ. ამიტომ იესო ამბობს: „თქვენ მოცემული გაქვთ იცოდეთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებანი, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული“. იმის გამო, რომ მის მოწაფეებს აქვთ გაგების ძლიერი სურვილი, იესო მათ განუმარტავს იგავს მთესველის შესახებ.
„ის თესლი ღვთის სიტყვაა“, — ამბობს იესო, — და მიწა კი — გული. გატკეპნილი გზის პირას დაცვენილი თესლის შესახებ იესო განმარტავს: „მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ მათ არ იწამონ და არ გადარჩნენ“.
მეორე მხრივ, კლდოვან ნიადაგზე დავარდნილი თესლი ეხება ისეთი გულის ადამიანებს, რომლებიც სიხარულით ღებულობენ სიტყვას. მაგრამ, რადგან ასეთ გულებში სიტყვა ღრმად ვერ იდგამს ფესვს, გამოცდებისა და დევნის დროს ასეთი ადამიანები განდგებიან.
აგრეთვე ეკალში ჩაცვენილი თესლი, — განაგრძობს იესო, — ეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც მოისმინეს სიტყვა. მაგრამ ისინი გაიტაცა სხვადასხვა საზრუნავმა, სიმდიდრემ და ამ ცხოვრების სიამოვნებებმა, ასე რომ, ის სრულიად იშთობა და მათში არავითარი გაუმჯობესება არ ხდება.
ბოლოს, კარგ ნიადაგზე დაცვენილი თესლი, — ამბობს იესო, — არიან ადამიანები, რომლებიც კეთილშობილური და კარგი გულით მოსმენის შემდეგ ითვისებენ სიტყვას და მოთმინებით გამოაქვთ ნაყოფი.
რამდენად კურთხეული არიან ეს მოწაფეები, რომლებიც ეძებდნენ იესოს, რათა მიეღოთ მისი სწავლებების განმარტება! იესოს სურვილია, რომ მისი იგავები გასაგები იყოს, რათა ჭეშმარიტება სხვებსაც გაუზიარონ. „განა იმისთვის მოაქვთ სანთელი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ დადგან?“ — კითხულობს ის. არა, ‘არამედ სასანთლეზე დასადგმელად’. ასე რომ, იესო ამატებს: „ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ“.
უფრო მეტი დარიგებებით კურთხეულნი
იესოს მიერ მთესველის შესახებ იგავის ახსნის შემდეგ, მოწაფეებს უფრო მეტის გაგება სურთ. „გაგვიმარტე ყანის ღვარძლის იგავი“, — სთხოვენ ისინი.
რამდენად განსხვავდება მოწაფეების პოზიცია ნაპირზე მყოფი უამრავი ხალხის პიზიციისგან! იმ ადამიანებს არა აქვთ იგავების მნიშვნელობის გაგების გულწრფელი სურვილი, ისინი მხოლოდ მათთვის ზოგადი მონახაზის წარდგენით კმაყოფილდებიან. ზღვის ნაპირზე მყოფი ამ მსმენელებისგან განსხვავებით, მასთან სახლში მისულ ცოდნისმოყვარე მოწაფეებს იესო ეუბნება:
„რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ“. მოწაფეები იესოს მიმართ ძალიან დიდ ინტერესსა და ყურადღებას ავლენენ, რის გამოც ისინი კურთხეული არიან უფრო მეტი დარიგებებით. ამიტომ მოწაფეების კითხვაზე საპასუხოდ იესო განმარტავს:
„კეთილი თესლის მთესველი კაცის ძეა. ყანა კი არის წუთისოფელი; კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი — ბოროტის ძენი. ხოლო მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი; მკა კი არის წუთისოფლის აღსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან“.
მას შემდეგ, რაც ხსნის თავისი იგავის თითოეულ დეტალს, იესო აღწერს აღსასრულს. ის ამბობს, რომ ამ სისტემის აღსასრულის დროს მომკელები ანუ ანგელოზები ღვარძლის მსგავს ვითომ ქრისტიანებს გამოარჩევენ ‘სასუფევლის ჭეშმარიტი ძეებისგან’. მაშინ „ბოროტის ძენი“ აღინიშნებიან გასანადგურებლად, მაგრამ ღვთის სასუფევლის ძეები, „მართალნი“, გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში.
შემდეგ იესო თავის ცოდნისმოყვარე მოწაფეებს კიდევ სამი იგავით აკურთხებს. პირველში ის ამბობს: „ცათა სასუფეველი წააგავს განძს, მინდორში დაფარულს, რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს“.
„კიდევ, — განაგრძობს ის: — ცათა სასუფეველი წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს; როდესაც იპოვის ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და იყიდის მას“.
თვითონ იესო ჰგავს კაცს, რომელიც თხრის დამარხულ განძს, და ვაჭარს, რომელიც პოულობს ძვირფას მარგალიტს. ის, ასე ვთქვათ, ყიდის ყველაფერს, თმობს თავის საპატიო მდგომარეობას ზეცაში, და ხდება უბრალო ადამიანი. შემდეგ, განკაცებული ითმენს დამცირებასა და სიძულვილით აღსავსე დევნას, რითაც ამტკიცებს, რომ ღვთის სამეფოს მმართველად გახდომის ღირსია.
იესოს მიმდევრების წინაშეც დგას რთული დავალება, გაყიდონ ყველაფერი, რათა მიაღწიონ დიდ ჯილდოს: იყვნენ მისი თანამმართველები ან მისი სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები. ჩავთვლით თუ არა ღვთის სამეფოში მონაწილეობას უფრო ძვირფასად, ვიდრე სხვა რამეს ცხოვრებაში, ჩავთვლით თუ არა მას ფასდაუდებელ განძად ან ძვირფას მარგალიტად?
ბოლოს იესო ‘ცათა სასუფეველს’ ადარებს ბადეს, რომელშიც ყოველგვარი ჯიშის თევზი ხვდება. თევზების გადარჩევისას ცუდებს გარეთ ყრიან, ხოლო კარგებს ინახავენ. ასევე, — ამბობს იესო, — იქნება ამ სისტემის აღსასრულისას; ანგელოზები ბოროტებს მართლებისგან გამოარჩევენ და გასანადგურებლად გადასცემენ.
იესო თვითონ იწყებს თევზჭერას იმით, რომ თავის პირველ მოწაფეებს მოუწოდებს, იყვნენ ‘ადამიანთა მებადურები’. ანგელოზების მეთვალყურეობით თევზჭერის საქმე საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება. საბოლოოდ დადგება ‘ბადის’ ამოღების დრო, რომელიც განასახიერებს დედამიწაზე არსებულ ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც აცხადებს, რომ ქრისტიანია და რომელშიც ცხებულ ქრისტიანთა კრებაც შედის.
ცუდი თევზი გასანადგურებლად იყრება, ‘კარგი თევზი’ კი, საბედნიეროდ, ინახება. თუ იესოს მოწაფეების მსგავსად გამოვავლენთ უფრო მეტი შემეცნების მიღებისა და გაგების გულწრფელ სურვილს, მივიღებთ არა მარტო უფრო მეტ დარიგებას, არამედ ღვთის კურთხევას — მარადიულ სიცოცხლეს. მათე 13:1–52; მარკოზი 4:1–34; ლუკა 8:4–18; ფსალმუნი 77:2; ესაია 6:9, 10.
▪ სად და როდის უყვება იესო ხალხს იგავებს?
▪ რომელ ხუთ იგავს უყვება იესო ხალხს?
▪ რატომ ამბობს იესო მდოგვის მარცვალზე, რომ თესლებს შორის ყველაზე პატარაა?
▪ რატომ საუბრობს იესო იგავებით?
▪ როგორ აჩვენებენ იესოს მოწაფეები, რომ ისინი სხვა ადამიანებისგან განსხვავდებიან?
▪ როგორ ხსნის იესო იგავს მთესველზე?
▪ რით განსხვავდებიან მოწაფეები ნაპირზე მყოფი ხალხისგან?
▪ ვის ან რას ასიმბოლოებს მთესველი, მინდორი, კარგი თესლი, მტერი, მკა და მომკელები?
▪ რომელი სამი დამატებითი იგავი მოჰყავს იესოს და რის სწავლა შეგვიძლია ამ იგავებიდან?