იგავი დაკარგულ ძეზე
თავი 86
იგავი დაკარგულ ძეზე
როგორც კი დაამთავრა ფარისევლებთან იგავების მოყოლა დაკარგულ ცხვარსა და დრაქმაზე, იესომ განაგრძო შემდეგი იგავით. ეს იგავი არის მოსიყვარულე მამასა და ორი ძისადმი მის მოპყრობაზე, რომელთაგან თითოეული სერიოზულ შეცდომას უშვებს.
იგავის მთავარი პერსონაჟია უმცროსი ვაჟი. ის აგროვებს მამის მიერ უყოყმანოდ მიცემულ მემკვიდრეობას, სახლიდან მიდის და ეფლობა უკიდურესად ამორალურ ცხოვრებაში. მაგრამ მოუსმინე იესოს იგავს და შეძლებისდაგვარად ეცადე დაადგინო, თუ ვინ არიან მასში წარმოდგენილნი.
„ერთ კაცს, — იწყებს იესო, — ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: ‘მომეცი ჩემი კუთვნილი წილი ქონებისა.’ და გაუყო მათ მამამ ქონება“. რას უშვრება უმცროსი ვაჟი მიღებულ ქონებას?
„რამდენიმე დღის შემდეგ, — განმარტავს იესო, — უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და გაფლანგა თავისი ქონება თავაშვებული ცხოვრებით“. ფაქტიურად, ის მთელ თავის ფულს მეძავ ქალებში ხარჯავს. შემდეგ კი, როგორც იესო გვამცნობს, რთული დრო უდგება:
„როცა ყველაფერი შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, და მას გაუჭირდა. წავიდა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად. ენატრებოდა, მუცელი იმ რკოთი ამოეყორა, რომელსაც ღორები ჭამდნენ. არავინ არაფერს აძლევდა“.
რამდენად დამამცირებელია, იძულებული გახდე, დაიწყო ღორების მწყემსვა, რადგან ეს ცხოველები რჯულის მიხედვით უწმინდურად ითვლება! მაგრამ ყველაზე მეტად ძეს შიმშილის მტანჯველი გრძნობა აწუხებდა და ეს იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ დიდი სურვილი ჰქონდა, ღორების საჭმელიც კი ეჭამა. ამ საშინელი გასაჭირის გამო, — ამბობს იესო, — [ის] გონს მოეგო“.
იესო განაგრძობს იგავს და განმარტავს: „თქვა: ‘მამაჩემთან რამდენ მოჯამაგირეს პური თავსაყრელი აქვს, მე კი შიმშილით ვკვდები. ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამაო, შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე, ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!’ ადგა და წავიდა თავის მამასთან“.
აქ ერთ მნიშვნელოვან რამეს უნდა დავუკვირდეთ: თუ მამამისი სახლიდან წასვლისას მტრულად მოექცეოდა და განრისხებული უყვირებდა, ვაჟი ბოლომდე არ იქნებოდა დარწმუნებული, თუ როგორ მოქცეულიყო. მას შეიძლება გადაეწყვიტა, დაბრუნებულიყო და თავის ქვეყანაში სადმე სხვაგან ეცადა სამუშაოს პოვნა, ისე რომ თავის მამას არ შეყროდა. მაგრამ მსგავსი აზრები მას ფიქრადაც არ მოსვლია. მას მხოლოდ სახლში ყოფნა სურდა!
იესოს ამ იგავში მამა ნათლად ასიმბოლოებს ჩვენს მოსიყვარულე, გულმოწყალე ზეციერ მამას, იეჰოვა ღმერთს. და შესაძლოა ამოიცანი, რომ დაკარგული, ანუ გზასაცდენილი, ძე ცნობილ ცოდვილებს ასიმბოლოებს. ფარისევლებმა, რომლებსაც იესო ელაპარაკება, მანამდე გააკრიტიკეს იესო სწორედ ასეთ პიროვნებებთან ერთად ჭამის გამო. მაგრამ ვის ასიმბოლოებს უფროსი ძე?
როცა დაკარგული ძე გამოჩნდა
როგორ ხვდებიან იესოს იგავში მოხსენიებულ დაკარგულ, ანუ გზასაცდენილ, ძეს მამის სახლში დაბრუნებისას? მოვუსმინოთ, თუ როგორ აღწერს ამას იესო:
„როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გაიქცა, კისერზე შემოეხვია და დაკოცნა“. როგორი გულმოწყალე, გულთბილი მამაა, რომელიც შესანიშნავად განასახიერებს ჩვენს ზეციერ მამა იეჰოვას!
შესაძლოა მამას გაგებული ჰქონდა თავისი ძის გარყვნილი ცხოვრების შესახებ. მაგრამ ის გულთბილად ღებულობს მას სახლში, ყოველგვარი დაწვრილებითი ახსნა-განმარტების მოლოდინის გარეშე. იესოსაც ასეთი მოწყალების სული აქვს და თვითონ მიდის ცოდვილებთან და მებაჟეებთან, რომლებიც იგავში გზასაცდენილ ძედ არიან წარმოდგენილი.
ნამდვილად, იესოს იგავში გამჭრიახი მამა, ეჭვგარეშეა, დაბრუნებული ძის ნაღვლიან და მწუხარე გამოხედვაში სინანულს ხედავს. მაგრამ მამის სიყვარულით აღსავსე ინიციატივა, როგორც იესო ყვება, უფრო უადვილებს ძეს ცოდვების აღიარებას: „ვაჟმა კი უთხრა: ‘მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენს წინაშე. ღირსი აღარა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე’“.
მაგრამ ვაჟი ვერ ასწრებს ამ სიტყვების თქმას, როცა მამა მოქმედებას იწყებს; ის მონებს უბრძანებს: „მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და სანდლები ჩააცვით ფეხებზე. მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ. ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“. შემდეგ მათ „დაიწყეს მხიარულება“.
„უფროსი ვაჟი კი მინდორში იმყოფებოდა“. მოუსმინე იგავის დარჩენილ ნაწილს და ვნახოთ, თუ შეგიძლია განსაზღვრო, ვის ასიმბოლოებს ის. იესო უფროსი ძის შესახებ ამბობს: „რომ დაბრუნდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ‘ეს რა ამბავია?’ მან უთხრა: ‘შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქალი ხბო დაკლა, რაკი მრთელი დაუბრუნდა.’ ის კი გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. მამამისი გამოვიდა და თხოვდა. მან კი პასუხად უთხრა მამას: ‘აგერ, რამდენი წელია გემსახურები, არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ და ერთხელაც არ მოგიცია ციკანი, რომ ჩემს მეგობრებთან მემხიარულა. ხოლო, როცა მოვიდა ეს შენი ვაჟი, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალი’“.
უფროსი ძის მსგავსად, ვინ აკრიტიკებდა ცოდვილთა მიმართ გულმოწყალებისა და ყურადღების გამოვლენას? ნუთუ მწიგნობრები და ფარისევლები არა? რადგან ისინი იესოს აკრიტიკებენ ცოდვილთა გულთბილად მიღების გამო, ამ იგავის თანახმად, აშკარაა, მათ უფროსი ვაჟი განასახიერებს.
იესო იგავს ამთავრებს შემდეგი სიტყვებით, რომლებითაც მამა თავის უფროს ვაჟს მიმართავს: „შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი რამ გამაჩნია, შენია. მაგრამ უნდა ვხარობდეთ და ვმხიარულობდეთ, ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“.
ამგვარად, იესო არ ამბობს, თუ რას აკეთებს საბოლოოდ უფროსი ძე. მოგვიანებით, იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, „მღვდელთაგანაც ბევრი ემორჩილებოდა რწმენას“, შეიძლება ‘უფროსი ძის’ კლასიდან ზოგიერთი ის პიროვნებაც, ვისაც იესო აქ ელაპარაკება.
მაგრამ დღეს ვინ არის წარმოდგენილი ამ ორი ძით? ესენი უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც საკმაოდ კარგად არიან გაცნობილი იეჰოვას განზრახვებს, რის საფუძველზეც ურთიერთობას ამყარებენ ღმერთთან. უფროსი ვაჟი წარმოადგენს ზოგიერთ წევრს ‘მცირე სამწყსოდან’, ანუ ‘კრებულიდან და პირმშოთა ეკლესიიდან, ცაში რომ არიან ჩაწერილნი’. მათ განავითარეს უფროსი ძის მსგავსი თვალსაზრისი. მათ არ სურდათ, გულთბილად მიეღოთ მიწიერი კლასის, ‘სხვა ცხვრების’, წარმომადგენელები, რომლებზეც, მათი აზრით, გადადიოდა მთელი ყურადღება.
გზასაცდენილი ძე კი წარმოადგენს ღვთის ხალხის იმ ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, რათა დამტკბარიყვნენ ქვეყნიური სიამოვნებებით. მაგრამ დროთა განმავლობაში მოინანიეს, დაბრუნდნენ და კვლავ ღვთის აქტიური მსახურები გახდნენ. მართლაც, რამდენად მოყვარული და გულმოწყალეა მამა მათ მიმართ, რომლებიც სცნობენ პატიების საჭიროებას და უბრუნდებიან მას! ლუკა 15:11–32; ლევიანნი 11:7, 8; საქმეები 6:7; ლუკა 12:32; ებრაელთა 12:23; იოანე 10:16.
▪ ვის უყვება იესო ამ იგავს და რატომ?
▪ ვინ არის იგავის მთავარი პერსონაჟი და რა მოსდის მას?
▪ ვინ იყო წარმოდგენილი იესოს დღეებში მამითა და უმცროსი ძით?
▪ როგორ ბაძავს იესო თავისი იგავის თანამგრძნობ მამას?
▪ როგორია უფროსი ძის თვალსაზრისი თავისი ძმის გულთბილად მიღების თაობაზე და როგორ იქცევიან ფარისევლები უფროსი ძის მსგავსად?
▪ როგორ სრულდება იესოს იგავი ჩვენს დღეებში?