არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იგავი მნებზე

იგავი მნებზე

თავი 100

იგავი მნებზე

იერუსალიმში მიმავალი იესო ზაქეს სახლში გაჩერდა და შეიძლება ჯერაც იქ არის. მის მოწაფეებს სჯერათ, რომ იერუსალიმში შესვლისთანავე იესო თავს მესიად გამოაცხადებს და თავის სამეფოს დაამყარებს. მათი თვალსაზრისის გასასწორებლად და იმის დასანახებლად, რომ სამეფო ჯერ კიდევ შორსაა, იესო ყვება იგავს.

„ერთი კეთილშობილი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო“. „კეთილშობილი კაცი“ არის იესო და ‘შორეული ქვეყანა’ კი — ზეცა. როცა იესო იქ მივა, მამამისი მას სამეფო ძალაუფლებით დააჯილდოებს.

მაგრამ წასვლის წინ კეთილშობილი კაცი უხმობს ათ მონას, თითოეულს აძლევს ვერცხლის მნებს და ეუბნება: „ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთ“. ათი მონა პირველ შესრულებაში ასიმბოლოებს იესოს ადრინდელ მოწაფეებს. უფრო ფართო გაგებით, ისინი ასიმბოლოებენ მის ყველა მომავალ მემკვიდრეს ზეციერ სამეფოში.

ვერცხლის მნები არის ძვირადღირებული ფულის მონეტები, რომელთაგან თითოეული შეადგენს სოფლის მეურნეობის მუშის დაახლოებით სამი თვის ხელფასს. მაგრამ რას ასიმბოლოებს მნები? და რა სავაჭრო ოპერაცია უნდა ჩაატარონ მონებმა ამ მნების საშუალებით?

მნები ასიმბოლოებს ქონებას, რომელიც სულით შობილ მოწაფეებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ზეციერი სამეფოს უფრო მეტი მემკვიდრის შესაკრებად იმ დრომდე, როცა იესო აღთქმულ სამეფოში მოვა, როგორც მეფე. მას შემდეგ, რაც ის აღდგა და მოწაფეებს გამოეცხადა, მათ მისცა სიმბოლური მნები, რათა უფრო მეტი გაეხადათ მოწაფეებად და ამგვარად შეევსოთ ზეციერი სამეფოს კლასი.

„მაგრამ, — განაგრძობს იესო, — მის მოქალაქეებს სძულდათ იგი [კეთილშობილი კაცი] და უკან ელჩობა დაადევნეს და დააბარეს: ‘არა გვსურს, რომ მაგან იმეფოს ჩვენზე’“. მოქალაქეები არიან ისრაელები, ანუ იუდეველები, მისი მოწაფეების გამოკლებით. იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ ამ იუდეველებმა მისი მოწაფეების დევნით ნათელყვეს, რომ არ სურდათ, იესო ყოფილიყო მათი მეფე. ამგვარად, ისინი მოქმედებდნენ იმ მოქალაქეების მსგავსად, რომლებმაც უკან ელჩობა დაადევნეს.

როგორ იყენებს ათი მონა თავიანთ მნებს? იესო განმარტავს: „როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მოეგვარათ ის მონები, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ რა ივაჭრა. მოვიდა პირველი და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ათი მინა მოიგო’. უთხრა მას: ‘კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება’. მოვიდა მეორე და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მინამ ხუთი მნა მოიტანა’. იმასაც უთხრა: ‘შენც იყავ ხუთ ქალაქზე’“.

ათი მნის მქონე მონა ასიმბოლოებს ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღესასწაულიდან მოყოლებული დღემდე მოწაფეების კლასს, ანუ ჯგუფს, მოციქულების ჩათვლით. მონა, რომელსაც ხუთი მნა მისცეს, აგრეთვე ასიმბოლოებს იმავე დროს არსებულ ჯგუფს, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობებისა და უნარის მიხედვით ზრდიან თავიანთი მეფის ქონებას დედამიწაზე. ორივე ჯგუფი გულმოდგინედ ქადაგებს კეთილ ცნობას და შედეგად მრავალი გულმართალი ადამიანი ხდება ქრისტიანი. ცხრა მონამ წარმატებით ივაჭრა და გაზარდა თავისი ქონება.

იესო განაგრძობს: „მესამე მოვიდა და უთხრა: ‘ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოკრული, ვინაიდან შემეშინდა, რადგან სასტიკი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდია და იმკი, რაც არ დაგითესავს’. მან უთხრა: ‘შენივე პირით განგიკითხავ ბოროტო მონავ. იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდია, და ვიმკი, რაც არ დამითესია. აბა, რაღატომ არ გაუშვი ჩემი ვერცხლი ბრუნვაში, რომ დაბრუნებულს სარგებლითურთ მიმეღო’? და უთხრა იქ მდგომებს: ‘წაართვით ამას ერთი მინა და მიეცით ათი მნის მქონეს’“.

ბოროტი მონისთვის სიმბოლური მნის დაკარგვა ნიშნავს ზეციერ სამეფოში ადგილის დაკარგვას. დიახ, ის კარგავს მმართველობის უპირატესობას, ასე ვთქვათ, ათ ან ხუთ ქალაქზე. აღსანიშნავია, რომ მონას მის მიერ ჩადენილი ცუდი საქმის გამო კი არ ეწოდა ბოროტი, არამედ იმის გამო, რომ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, გაეზარდა თავისი ბატონის სამეფო ქონება.

როცა ბოროტი მონის მნა ეძლევა პირველ მონას, ვიღაცა ეპასუხება: „უფალო, მას ათი მნა აქვს“. მაგრამ იესო პასუხობს: „ყოველ მქონეს მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაცა აქვს. ხოლო ჩემი მტრები, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე მემეფა, მომგვარეთ აქ და დახოცეთ ჩემს წინაშე“. ლუკა 19:11–27; მათე 28:19, 20.

▪ რა აღძრავს იესოს, მოყვეს იგავი მნების შესახებ?

▪ ვინ არის კეთილშობილი კაცი და რომელ ქვეყანაში მიემგზავრება ის?

▪ ვინ არიან მონები და რას ასიმბოლოებს მნები?

▪ ვინ არიან მოქალაქეები და როგორ ავლენენ ისინი თავიანთ სიძულვილს?

▪ რატომ ეწოდება ერთ-ერთ მონას ბოროტი და რას ნიშნავს მისი მნის დაკარგვა?