იესოს დაბადება — სად და როდის?
თავი 5
იესოს დაბადება — სად და როდის?
რომის იმპერიის იმპერატორმა კეისარ ავგუსტუსმა ბრძანა, რომ ყველა იმ ქალაქში დაბრუნებულიყო, სადაც დაიბადა, და ჩაწერილიყო. ამიტომ იოსები მშობლიურ ქალაქ ბეთლემში მიემგზავრება.
რეგისტრაციისთვის ბეთლემში მრავალი ადამიანია ჩამოსული და ღამის გასათევად იოსებმა და მარიამმა მხოლოდ ბოსლის პოვნა შეძლეს. აქ, ვირებისა და სხვა პირუტყვის სადგომში, იბადება იესო. მარიამი მას ნაჭრებში ახვევს და აწვენს ბაგაში, სადაც პირუტყვს საკვებს უყრიან.
უდავოდ, ღვთის ხელმძღვანელობა იყო, რომ კეისარმა ავგუსტუსმა გამოსცა კანონი რეგისტრაციის შესახებ. ამან შესაძლებელი გახადა იესოს ბეთლემში დაბადება, იმ ქალაქში, რომელზეც საღვთო წერილი დიდი ხნით ადრე წინასწარმეტყველებდა აღთქმული მმართველის დაბადებას.
რამდენად მნიშვნელოვანი ღამეა! გარეთ, მინდორში, მწყემსების ირგვლივ სინათლე კაშკაშებს. ეს იეჰოვას დიდებაა! და იეჰოვას ანგელოზი ეუბნება მათ: „ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ: იმ ყრმას ჰპოვებთ შეხვეულს და ბაგაზე მწოლარეს“. უეცრად უამრავი ანგელოზი ცხადდება და გალობს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანაზე და კაცთა შორის სათნოება!“
ანგელოზების ზეცაში დაბრუნების შემდეგ მწყემსები ერთმანეთს ეუბნებიან: „წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ რა მოხდა იქ, უფალმა რომ გვაუწყა“. ისინი სასწრაფოდ მიდიან და სწორედ იქ პოულობენ იესოს, სადაც ანგელოზმა აღუწერა. როცა მწყემსები ანგელოზის ნათქვამს ყვებიან, ყველა მსმენელი გაოცებულია. მარიამი კი იმახსოვრებს და გულში იმარხავს ყოველ ნათქვამ სიტყვას.
დღეს მრავალს სწამს, რომ იესო 25 დეკემბერს დაიბადა. მაგრამ ბეთლემში დეკემბერი წვიმიანი და ცივია. წელიწადის ამ დროს მწყემსები არ იქნებოდნენ თავიანთ ფარასთან ერთად ღამით მინდორში. აგრეთვე, საეჭვოა, რომის კეისარს მოეთხოვა ხალხისგან, რომლებიც უკვე ისედაც აპირებდნენ მის წინააღმდეგ აჯანყებას, რომ შუა ზამთარში წასულიყვნენ ჩასაწერად. როგორც ჩანს, იესო დაიბადა იმ წლის შემოდგომის დასაწყისში. ლუკა 2:1–20; მიქა 5:1.
▪ რატომ მიდიან იოსები და მარიამი ბეთლემში?
▪ რა საოცრება ხდება იესოს დაბადების ღამეს?
▪ საიდან ვიცით, რომ იესო 25 დეკემბერს არ დაბადებულა?