იესოს მოკვლის შემდგომი მცდელობები
თავი 81
იესოს მოკვლის შემდგომი მცდელობები
რადგან ზამთარია, იესო ტაძრის გადახურულ ნაწილში დადის, რომელსაც სოლომონის სტოა ეწოდება. ეს ნაწილი ტაძრის გასწვრივ მდებარეობს. იესოს გარს ერტყმიან იუდეველები და ეკითხებიან:
— როდემდე უნდა გყავდეს ჩვენი სული დაბნეულობაში? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი გარკვევით.
— გითხარით, — პასუხობს იესო, — და არ ირწმუნეთ!
იესოს პირდაპირ არ უთქვამს, რომ ქრისტე იყო, როგორც ეს სამარიელ ქალს უთხრა ჭასთან. მაგრამ მან, ფაქტიურად, გაუმხილა მათ თავისი ვინაობა, როცა განუმარტა, რომ ის „ზემოთიდან“ იყო და აბრაამზე ადრე არსებობდა.
მაგრამ იესოს სურვილია, რომ მისი მოქმედებების ბიბლიის იმ წინასწარმეტყველებასთან შედარებით — სადაც ლაპარაკია იმაზე, რაც ქრისტეს უნდა გაეკეთებინა — ხალხი თვითონ მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ის ქრისტეა. ამიტომ უთხრა ადრე თავის მოწაფეებს, არავისთვის ეთქვათ, რომ ქრისტე იყო. და, ამიტომ ეუბნება ის მტრულად განწყობილ იუდეველებს: „ჩემი საქმეები, მამაჩემის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე! მაგრამ თქვენ არ გჯერათ“.
რატომ არ სწამთ მათ? იესო რომ ქრისტეა, ამის დამადასტურებელი მტკიცებების ნაკლებობის გამო? არა, არამედ იესოს მიერ მოყვანილი მიზეზის გამო: „[თქვენ] ჩემი ცხვრისაგანნი არა ხართ, როგორც გითხარით. ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ. მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და ვერავინ ვერ გაიტაცებს მათ მამაჩემის ხელიდან“.
შემდეგ იესო აღწერს თავის ახლო ურთიერთობას მამასთან და განმარტავს: „მე და მამა ერთი ვართ“. რადგან იესო დედამიწაზეა და მამამისი ზეცაში, ცხადია, ის არ ამბობს, რომ ის და მამამისი პირდაპირი მნიშვნელობით ანუ ფიზიკურად ერთნი არიან. პირიქით, მას მხედველობაში აქვს განზრახვების ერთიანობა, რომ ისინი ურთიერთთანხმობაში არიან.
იესოს სიტყვებით განრისხებული იუდეველები ქვებს იღებენ მის ჩასაქოლად, როგორც ეს მათ ადრეც გააკეთეს, კარვობის დღესასწაულზე. იესო თავის მომავალ მკვლელებს პირისპირ გაბედულად ეუბნება:
— ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?
— კარგი საქმისთვის კი არ გქოლავთ, — პასუხობენ ისინი, — არამედ ღვთის გმობისათვის და იმისათვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს.
რატომ ეუბნებიან იუდეველები ამას მაშინ, როდესაც იესოს არასდროს უთქვამს, რომ ღმერთია?
როგორც ჩანს, იმიტომ, რომ იესო საკუთარ თავს აწერს იმ უნარს, რომელიც, მათი აზრით, მხოლოდ ღმერთს აქვს. მაგალითად, მან ახლახან თქვა ‘ცხვრებზე’, რომ ‘მათ საუკუნო სიცოცხლეს აძლევს’, რის გაკეთებაც არც ერთ ადამიანს არ შეუძლია. მაგრამ იუდეველებს მხედველობიდან რჩებათ ფაქტი: იესო აღიარებს, რომ ეს უფლებამოსილება მამისგან მიიღო.
იესო აცხადებს, რომ ღმერთზე ნაკლებია და ამას ცხადყოფს მომდევნო შეკითხვით: „განა თქვენს რჯულში [ფსალმუნის 81:6] არ წერია, რომ ‘მე ვთქვი თქვენ ღმერთები ხართ?’ თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღვთის სიტყვა იყო. . . მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა წუთისოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი: ღვთის ძე ვარ-მეთქი?“
რადგან საღვთო წერილი უსამართლო ადამიან მოსამართლეებსაც კი ‘ღმერთებს’ უწოდებს, მაშინ როგორ შეუძლიათ ამ იუდეველებს დაადანაშაულონ იესო იმის თქმისთვის, რომ ის ‘ღვთის ძეა’? იესო ამატებს: „თუ მამაჩემის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით. და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ“.
როცა იესო ამას ამბობს, იუდეველები მის დაჭერას ცდილობენ. მაგრამ ის თავს შველის, როგორც ეს ადრე, კარვობის დღესასწაულზე, გააკეთა. ის ტოვებს იერუსალიმს და მიემგზავრება იორდანეს გადაღმა, სადაც დაახლოებით ოთხი წლის წინ იოანემ მონათვლა დაიწყო. ეს ადგილი, როგორც ჩანს, არც ისე შორსაა გალილეის ზღვის სამხრეთ სანაპიროდან და იერუსალიმიდან დაახლოებით ორი დღის სავალ მანძილზე მდებარეობს.
მრავალი ადამიანი მიდის იქ იესოსთან და ეუბნება: „იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე, ჭეშმარიტი იყო“. ამგვარად, აქ ბევრი ავლენს იესოსადმი რწმენას. იოანე 10:22–42; 4:26; 8:23, 58; მათე 16:20.
▪ რის საშუალებით სურს იესოს, რომ ხალხმა მასში ქრისტე ამოიცნოს?
▪ როგორ არიან იესო და მამამისი ერთი?
▪ როგორც ჩანს, რატომ ამბობენ იუდეველები, რომ იესო თავის თავს ღმერთად ხდის?
▪ როგორ ცხადყოფს იესო ფსალმუნის ციტირებით, რომ ის ღმერთს არ უტოლებს თავს?