არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესოს მონათვლა

იესოს მონათვლა

თავი 12

იესოს მონათვლა

იოანეს ქადაგების დაწყებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ იესო, რომელიც უკვე 30 წლისაა, მდინარე იორდანესთან მიდის მასთან. რა მიზნით? მხოლოდ სანახავად? თუ, უბრალოდ, აინტერესებს, როგორ მიიწევს წინ იოანეს საქმიანობა? არა, იესო მას მონათვლას სთხოვს.

მაგრამ იოანე ეწინააღმდეგება: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“ იოანემ იცის, რომ მისი ნათესავი, იესო, ღვთის განსაკუთრებული ძეა. ის ხომ სიხარულით შეთამაშდა დედის მუცელში, როცა იესოზე ორსული მარიამი მათ ესტუმრა! ეჭვგარეშეა, დედამისი, ელისაბედი, მოგვიანებით მოუყვებოდა ამას. ის აგრეთვე მოუყვებოდა ანგელოზის ცნობაზე, იესოს დაბადების შესახებ და იმის შესახებ, რომ იესოს დაბადების ღამეს მწყემსებს ანგელოზები მოევლინათ.

ასე რომ, იესო უცხო არ არის იოანესთვის. მან იცის, რომ მისი ნათლობა იესოსთვის არ არის. ეს ნათლობა განკუთვნილია ცოდვების მომნანიებელთათვის, იესო კი უცოდველია. მაგრამ იოანეს წინააღმდეგობის მიუხედავად, იესო დაჟინებით მოითხოვს: „ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება“.

რატომ არის სწორი იესოს მონათვლა? იესოს ნათლობა ცოდვების მონანიებას კი არ ასიმბოლოებს, არამედ მამის ნების შესასრულებლად საკუთარი თავის წარდგენას. აქამდე იესო დურგალი იყო, მაგრამ ახლა იმ მსახურების დაწყების დროა, რომლის შესასრულებლადაც გამოგზავნა იეჰოვა ღმერთმა დედამიწაზე. როგორ ფიქრობ, მოელის იოანე, რომ რაღაც უჩვეულო რამ მოხდება იესოს მონათვლისას?

მოგვიანებით იოანე იუწყება: „ვინც მომავლინა წყალში სანათლავად, მან მითხრა: ‘ვისზეც დაინახო სული, გარდმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი’“. მაშასადამე, იოანე მოელის, რომ მის მონათლულთაგან ვინმეზე გადმოვა ღვთის სულიწმიდა. ალბათ, ამიტომ არ აოცებს მას ძალიან, როცა იესოს წყლიდან ამოსვლისას ხედავს ‘ღვთის სულს, მტრედივით გარდმომავალს, მასზე რომ ეშვება’.

მაგრამ იესოს მონათვლისას ამაზე მეტი რამ ხდება. მისთვის „გაიხსნენ ცანი“. რას ნიშნავს ეს? როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ მონათვლის დროს იესოს ახსენდება განკაცებამდე თავისი ცხოვრება ზეცაში. ამგვარად, იესო ახლა სრულად იხსენებს თავის, როგორც იეჰოვა ღმერთის სულიერი ძის, ცხოვრებას, იმ ყველაფრის ჩათვლით, რაც ღმერთს მასთან ულაპარაკია მისი განკაცებამდე არსებობის განმავლობაში.

გარდა ამისა, მისი მონათვლის დროს ზეციდან ხმა იუწყება: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“. ვისი ხმაა ეს? თვითონ იესოსი? რა თქმა უნდა, არა! ეს ღვთის ხმაა. ცხადია, რომ იესო არის ღვთის ძე და არა ღმერთი, როგორც ზოგი ამბობს.

მაგრამ იესო პირველი მამაკაცის, ადამის, მსგავსად ღვთის მიწიერი ძეა. იესოს მონათვლის აღწერის შემდეგ მოწაფე ლუკა წერს: „თვით იესო, როცა იწყებდა, იქნებოდა ოცდაათი წლისა და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ელისა. . . დავითისა. . . აბრაამისა. . . ნოესი. . . ადამისა, ღვთისა“.

როგორც ადამი იყო „ღვთის ძე“, ასევე იესო. იესო ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანია, რაც ცხადი ხდება მისი ცხოვრების გამოკვლევის დროს. მაგრამ მონათვლისას იესო ახალ ურთიერთობას ამყარებს ღმერთთან, ღვთის სულიერი ძე ხდება. ახლა ღმერთი მას, ასე ვთქვათ, მოუწოდებს უკან, ზეცაში, იმით რომ, წარმართავს სიცოცხლის გზაზე, რომელიც მსჯავრდადებული კაცობრიობისთვის მისი ხორციელი სიცოცხლის შეწირვით დასრულდება. მათე 3:13–17; ლუკა 3:21–38; 1:34–36, 44; 2:10–14; იოანე 1:32–34; ებრაელთა 10:5–9.

▪ რატომ არ არის იესო იოანესთვის უცხო?

▪ რატომ ინათლება იესო, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ცოდვა არ ჩაუდენია?

▪ იმის გათვალისწინებით, რაც იოანემ იესოს შესახებ იცის, რატომ არის დასაშვები, რომ მას არ აოცებს იესოზე ღვთის სულის გადმოსვლა?