არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესოს მშობლიური ქალაქის სინაგოგაში

იესოს მშობლიური ქალაქის სინაგოგაში

თავი 21

იესოს მშობლიური ქალაქის სინაგოგაში

ეჭვგარეშეა, იესოს სახლში, ნაზარეთში, დაბრუნება მღელვარებას იწვევს. იოანესთან მოსანათლად მისვლამდე ერთ წელზე მეტი ხნის წინ იესოს დურგლად იცნობდნენ. მაგრამ ახლა მას ყველგან სასწაულმოქმედად იცნობენ. ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან უნდათ, რომ მათთანაც მოახდინოს სასწაულები.

მათი მოლოდინი უფრო ძლიერდება, როცა იესო, ჩვეულებისამებრ, ადგილობრივ სინაგოგაში მიდის. მსახურების მიმდინარეობის დროს ის დგება წასაკითხად და მას ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილს აძლევენ. ის პოულობს ადგილს, რომელიც დღეს ჩვენს ბიბლიებში მოცემულია 61-ე თავში, სადაც ლაპარაკია იეჰოვას სულითცხებულის შესახებ.

იმის წაკითხვის შემდეგ, რომ ეს პიროვნება იქადაგებდა ტყვეების გათავისუფლების, ბრმებისთვის მხედველობის დაბრუნებისა და იეჰოვას წყალობის წლის შესახებ, იესო გრაგნილს უკან აბრუნებს და ჯდება. ყველას მზერა მისკენაა მიპყრობილი. შემდეგ ის დინჯად განმარტავს: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ“.

ხალხი გაოცებულია მისი „მადლის სიტყვებით“ და ერთმანეთს ეუბნებიან: „ეს იოსების ვაჟი არ არის?“ ვინაიდან იესომ იცის, რომ მათ სასწაულების ხილვა სურთ, განაგრძობს: „თქვენ, უეჭველია, მეტყვით ასეთ ანდაზას: ‘მკურნალო, განიკურნე შენი თავი. აქაც, შენს მშობლიურ ქალაქშიც, მოახდინე ის, რაც კაპერნაუმში მოგიხდენია, როგორც გავიგეთ’“. როგორც ჩანს, იესოს ყოფილი მეზობლები ფიქრობენ, რომ განკურნება თავისი სამშობლოდან უნდა დაეწყო და პირველად ამით მის საკუთარ ხალხს უნდა ესარგებლა. ამიტომ ისინი იესოსგან შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს.

ვინაიდან იესო ხვდება მათ ფიქრებს, ყვება რამდენიმე სათანადო ამბავს. მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, მაგრამ არც ერთ მათგანთან არ იქნა მივლენილი ელია. პირიქით, ის არაისრაელ ქვრივთან მივიდა სიდონში, სადაც სიცოცხლისგადამრჩენი სასწაული მოახდინა. და ელისეს დღეებში ბევრი კეთროვანი იყო, მაგრამ ელისემ მხოლოდ სირიელი ნეემანი განწმინდა.

სინაგოგაში მყოფი ხალხი, ამ არასასურველი ისტორიული შედარებებით განრისხებული, რითაც ვლინდება მათი ეგოიზმი და რწმენის ნაკლებობა, დგება და ქალაქგარეთ მიათრევს იესოს. ისინი იესოს გადაგდებას უპირებენ იმ მთის სერიდან, რომელზეც ნაზარეთია დაშენებული. მაგრამ იესო თავს აღწევს მათ და უვნებლად შორდება. ლუკა 4:16–30; მესამე მეფეთა 17:8–16; მეოთხე მეფეთა 5:8–14.

▪ რა იწვევს მღელვარებას ნაზარეთში?

▪ რას ფიქრობს ხალხი იესოს საუბარზე, მაგრამ რა ანრისხებს მათ შემდეგ?

▪ რას უპირებს ხალხი იესოს?