არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესოს პირველი მოწაფეები

იესოს პირველი მოწაფეები

თავი 14

იესოს პირველი მოწაფეები

უდაბნოში 40 დღის განმავლობაში ყოფნის შემდეგ იესო ბრუნდება იოანესთან, რომელმაც მონათლა ის. იესოს მიახლოებისთანავე იოანე, როგორც ჩანს, მასზე მიუთითებს და იქ მყოფებს ხმამაღლა მიმართავს: „აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას. ეს არის, რომელზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო-მეთქი“. მიუხედავად იმისა, რომ იოანე თავის ნათესავ იესოზე უფროსია, მან იცის, რომ მის გაჩენამდე იესო სულიერი პიროვნება იყო ზეცაში.

მაგრამ რამდენიმე კვირის წინ, როცა იესო მოსანათლად მივიდა, როგორც ჩანს, იოანემ დანამდვილებით არ იცოდა, რომ იესო მესია უნდა ყოფილიყო. იოანე აღიარებს: „მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყალში სანათლავად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს“.

იოანე მსმენელებს განუმარტავს, თუ რა მოხდა იესოს მონათვლისას: „მე ვიხილე ციდან მტრედივით გარდმომავალი სული და დაივანა მასზე. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყალში სანათლავად, მან მითხრა: ‘ვისზეც დაინახო სული, გარდმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი.’ მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა“.

მეორე დღეს იოანე თავის ორ მოწაფესთან დგას. იესოს მიახლოებისას ის ისევ ამბობს: „აჰა, ღვთის კრავი“. ამის შემდეგ იოანე ნათლისმცემლის ეს ორი მოწაფე იესოს მიჰყვება. ერთ-ერთი მათგანია ანდრია, მეორე კი — იოანე, სწორედ ის პიროვნება, ვინც ეს ამბები გვაუწყა. ცნობების თანახმად, ეს იოანე იესოს დეიდაშვილია; როგორც ჩანს, ის არის მარიამის დის, სალომეს, ვაჟი.

როცა იესო ბრუნდება და ხედავს ანდრიასა და იოანეს, რომლებიც მას მიჰყვებიან, ეკითხება: „რას ეძებთ?“

— რაბი, სად ცხოვრობ? — ეკითხებიან ისინი.

— წამოდით და ნახავთ, — პასუხობს იესო.

დაახლოებით დღის ოთხი საათია და ანდრია და იოანე ამ დღეს იესოსთან რჩებიან დასასვენებლად. ამის შემდეგ ანდრია იმდენად არის აღფრთოვანებული, რომ მიიჩქარის თავისი ძმის, პეტრეს, მოსაძებნად. „ჩვენ ვიპოვეთ მესია“, — ეუბნება მას და იესოსთან მიჰყავს. შესაძლოა, იმავე დროს, იოანეც პოულობს თავის ძმას, იაკობს, და იესოსთან მიჰყავს; მაგრამ როგორც იოანეს ახასიათებს, მან თავის სახარებაში გამოტოვა ეს ინფორმაცია საკუთარ თავზე.

მეორე დღეს იესო ხვდება ბეთსაიდელ ფილიპეს და ანდრიასა და პეტრეს თავისი მშობლიური ქალაქიდან. იესო ეუბნება: „გამომყევი“.

შემდეგ ფილიპე ხვდება ნათანაელს, რომელსაც ბართლომეც ჰქვია, და ეუბნება: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც წერდა რჯულში მოსე და აგრეთვე წინასწარმეტყველნი: იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან“. ნათანაელი ეჭვობს: „განა ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე შეიძლება იყოს?“

ფილიპე არწმუნებს: „წამო და ნახე“. მათი მიახლოებისას იესო ნათანაელზე ამბობს: „აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა“.

— საიდან მიცნობ? — ეკითხება ნათანაელი.

— ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი, დაგინახე, — პასუხობს იესო.

— რაბი [მოძღვარო], შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ ისრაელის მეფე, — ამბობს გაოცებული ნათანაელი.

— შენ იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? — ეკითხება იესო და შემდეგ ის აღუთქვამს. — ამაზე მეტს იხილავ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთა და ჩამომავალთ.

მალე, ამის შემდეგ, იესო თავის მოწაფეებთან ერთად ტოვებს იორდანეს ველს და გალილეაში მიემგზავრება. იოანე 1:29–51.

▪ ვინ არიან იესოს პირველი მოწაფეები?

▪ როგორ ეცნობა პეტრე და, შესაძლოა, იაკობიც იესოს?

▪ რით რწმუნდება ნათანაელი, რომ იესო ღვთის ძეა?