არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესოს პირველი სასწაული

იესოს პირველი სასწაული

თავი 15

იესოს პირველი სასწაული

მხოლოდ ერთი თუ ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ანდრია, პეტრე, იოანე, ფილიპე, ნათანაელი და, შესაძლოა, იაკობიც იესოს პირველი მოწაფეები გახდნენ. ისინი სამშობლოსკენ, გალილეისკენ, მიმავალ გზაზე იმყოფებიან. მოწაფეები მიემგზავრებიან კანაში, ნათანაელის მშობლიურ ქალაქში, რომელიც მდებარეობს მთებში, ნაზარეთთან ახლოს, სადაც გაიზარდა იესო. ისინი კანაში საქორწილო ნადიმზე არიან მიწვეული.

ქორწილში იესოს დედაც მოვიდა. მარიამი, როგორც დაქორწინებულთა ოჯახის მეგობარი, როგორც ჩანს, სტუმრებს ემსახურება. ამიტომ ის სწრაფად ამჩნევს რაღაცის ნაკლებობას და იესოს აუწყებს: „ღვინო აღარა აქვთ“.

როცა მარიამი ასეთნაირად, ფაქტიურად, იესოს ურჩევს, რამე იღონოს ღვინის ნაკლებობასთან დაკავშირებით, იესო თავდაპირველად ეწინააღმდეგება. „რა გინდა ჩემგან“? — ეკითხება ის. მას, როგორც ღვთის მიერ ცხებულ მეფეს, არც ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა არ უნდა მიუთითონ, რა გააკეთოს. ამიტომ მარიამი ბრძნულად იქცევა, არ ერევა თავისი შვილის საქმეში, და მსახურებს მხოლოდ ასე ეუბნება: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით“.

იქ არის ექვსი დიდი ქვის ჭურჭელი, თითო 40 ლიტრი მოცულობის. იესო მსახურებს უბრძანებს: „აავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები“. და ისინიც პირთამდე ავსებენ. შემდეგ იესო ამბობს: „ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს!“

სუფრის გამრიგე განცვიფრებულია ღვინის შესანიშნავი ხარისხით, რადგან არ იცის, რომ ღვინო სასწაულის შედეგია. უხმობს სიძეს და ეუბნება: „ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“.

ეს იესოს პირველი სასწაულია, რაც მის პირველ მოწაფეებს რწმენას უძლიერებს. შემდეგ დედასა და ნახევარძმებთან ერთად ის გალილეის ზღვის მახლობლად მდებარე ქალაქ კაპერნაუმში მიემგზავრება. იოანე 2:1–12.

▪ იესოს მსახურების რომელ პერიოდშია კანაში ქორწილი?

▪ რატომ ეწინააღმდეგება იესო დედის რჩევას?

▪ რა სასწაულს ახდენს იესო და როგორ მოქმედებს ეს სხვებზე?