არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესოს სიტყვაში გამოჭერას ვერ ახერხებენ

იესოს სიტყვაში გამოჭერას ვერ ახერხებენ

თავი 108

იესოს სიტყვაში გამოჭერას ვერ ახერხებენ

რადგან იესო ტაძარში ასწავლის და ახლახან მოუყვა თავის რელიგიურ მტრებს სამი იგავი, რითაც ამხილა მათი ბოროტება, ფარისევლები რისხდებიან და წყვეტენ, ისეთი რამე ათქმევინონ, რის საფუძველზეც მის დაპატიმრებას შეძლებენ. ისინი შეთქმულებას აწყობენ და თავიანთ მოწაფეებს ჰეროდეს პარტიის მხარდამჭერებთან ერთად გზავნიან, რათა იესოს სიტყვაში გამოჭერა სცადონ.

— მოძღვარო, — ეუბნებიან ისინი, — ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას და არავის ერიდები, რადგან არ უყურებ კაცთა გარეგნობას. ჰოდა, გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?

იესო არ ტყუვდება მათი პირფერობით. მას ესმის, რომ, თუ იტყვის: ‘არა, არაკანონიერია ან არასწორია ამ გადასახადის გადახდა’, აჯანყებისკენ მოწოდებისთვის დამნაშავე იქნება რომაელთა წინაშე. მაგრამ, თუ იტყვის: ‘დიახ, უნდა გადაიხადოთ ეს გადასახადი’, იუდეველები, რომლებსაც სძულთ დამპყრობი რომაელები, შეიძულებენ მას. ამიტომ ის პასუხობს: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო? მიჩვენეთ ხარკის მონეტა“.

მათ მოაქვთ მონეტა და ის ეკითხება:

— ვისია ეს სახე და წარწერა?

— კეისრისა, — პასუხობენ ისინი.

— მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა — ღმერთსა!

იესოს მოხერხებული პასუხით გაოცებული მამაკაცები თავს ანებებენ მას.

როცა ხედავენ, რომ ფარისევლები იესოს წინააღმდეგ მარცხს განიცდიან, სადუკევლები, რომლებსაც არ სწამთ აღდგომა, უახლოვდებიან მას და ეკითხებიან:

— მოძღვარო! მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოსო თესლი თავის ძმას. ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა, შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა. ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე. ყველას შემდეგ კი ქალიც მოკვდა. ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა.

იესო პასუხობს:

— იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღვთის ძალა? ვინაიდან მკვდრეთით აღდგომისას, არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, მაყვლოვანზე, როგორ უთხრა ღმერთმა მას: ‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა’? მკვდრების ღმერთი კი არაა, არამედ ცოცხლებისაა. თქვენ კი ძალიან სცდებით.

ხალხს აოცებს იესოს პასუხი. ზოგი მწიგნობარიც კი აღიარებს: „კარგად თქვიო, მოძღვარო“.

როცა ფარისევლები ხედავენ, რომ იესო აჩუმებს სადუკევლებს, ისინი ჯგუფურად მიდიან მასთან. მისი შემდგომი გამოცდის მიზნით მათ შორის მყოფი ერთ-ერთი მწიგნობარი ეკითხება:

— მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?

იესო პასუხობს:

— პირველი არის ‘ისმინე ისრაელო: უფალი, ღმერთი ჩვენი, უფალი ერთია. შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა.’ ეს არის პირველი მცნება. მეორე არის: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.’ ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.

შემდეგ ამატებს:

— ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.

— მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი შენ, — ეთანხმება მწიგნობარი, — ვინაიდან ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა, გიყვარდეს იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა, და გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი შენი, ყველა ყოვლადდასაწველსა და შესაწირავზე მეტია.

იესო ამჩნევს, რომ მწიგნობარი გონივრულად პასუხობს და ეუბნება: „შორს არ დგახარ შენ ღვთის სასუფევლისაგან“.

უკვე სამი დღის განმავლობაში — კვირას, ორშაბათსა და სამშაბათს — იესო ტაძარში ასწავლის. ხალხი სიამოვნებით უსმენს მას, მაგრამ რელიგიურ წინამძღოლებს მისი მოკვლა სურთ, თუმცა აქამდე მათ ეს ვერ მოახერხეს. მათე 22:15–40; მარკოზი 12:13–34; ლუკა 20:20–40.

▪ რა შეთქმულებას აწყობენ ფარისევლები იესოს სიტყვაში გამოსაჭერად და რა შედეგი მოჰყვებოდა „ჰოს“ ან „არას“ თქმას?

▪ როგორ ფუშავს იესო სადუკევლების მცდელობას, სიტყვაში გამოიჭირონ ის?

▪ რომელ შემდგომ ხერხს მიმართავენ ფარისევლები იესოს გამოსაცდელად და რა შედეგით?

▪ იერუსალიმში თავისი უკანასკნელი მსახურებისას რამდენი დღის განმავლობაში ასწავლის იესო ტაძარში და რა შედეგით?