არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესოს უკანასკნელი პასექი ახლოსაა

იესოს უკანასკნელი პასექი ახლოსაა

თავი 112

იესოს უკანასკნელი პასექი ახლოსაა

სამშაბათი, 11 ნისანი, დასასრულს უახლოვდება. იესო ამთავრებს ზეთისხილის მთაზე მოციქულების დამოძღვრას. რა გადატვირთული, დაძაბული დღე იყო! ახლა, შესაძლოა, ღამის გასათევად ბეთანიაში ბრუნდებიან და იესო თავის მოციქულებს ეუბნება: „თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და კაცის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად“.

იესო, როგორც ჩანს, მომდევნო დღეს, 12 ნისანს, ოთხშაბათს, თავის მოციქულებთან ერთად მშვიდ ატმოსფეროში განმარტოებით ატარებს. ერთი დღით ადრე მან საჯაროდ განსაჯა რელიგიური წინამძღოლები და ესმის, რომ ისინი მის მოკვლას ცდილობენ. ამიტომ ოთხშაბათს ის ცდილობს, თვალში არ მოხვდეს მათ, რადგან არ სურს, რომ რამემ შეუშალოს ხელი თავის მოციქულებთან ერთად მომდევნო საღამოს პასექის დღესასწაულის აღნიშვნაში.

ამ დროს კი მღვდელმთავრები და ხალხთა ხუცესნი მღვდელმთავარ კაიაფას ეზოში იკრიბებიან. წინა დღით იესოსგან კრიტიკით შეურაცხყოფილნი თათბირობენ, ეშმაკურად შეიპყრონ ის და მოკლან. მაგრამ ამბობენ: „დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდეს“. მათ ეშინიათ ხალხის, რომელიც კეთილგანწყობილია იესოს მიმართ.

იმ დროს, როცა რელიგიური წინამძღოლები შეთქმულებას აწყობენ იესოს მოსაკლავად, მათთან ვიღაც მიდის. მათდა გასაოცრად, ეს არის იესოს ერთ-ერთი მოციქული იუდა ისკარიოტელი, რომელსაც სატანამ შთაუნერგა სულმდაბალი აზრი, რომ გასცეს თავისი უფალი! რამდენად ნასიამოვნები რჩებიან ისინი, როცა იუდა ეუბნება მათ: „რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?“ ისინი სიხარულით ეთანხმებიან 30 ვერცხლის — მოსეს რჯულის კავშირის თანახმად, მონის საფასურის — გადახდაზე. ამის შემდეგ იუდა ეძებს მარჯვე შესაძლებლობას, ისე გადასცეს მათ იესო, რომ არავინ დაინახოს.

ოთხშაბათს მზის ჩასვლიდან იწყება 13 ნისანი. იესო იერიხონიდან პარასკევს ჩამოვიდა, ასე რომ, ეს მეექვსე და ბოლო ღამეა, რომელსაც ის ბეთანიაში ატარებს. მომდევნო დღეს, ხუთშაბათს, საჭიროა საბოლოო მომზადება პასექისთვის, რომელიც მზის ჩასვლისას იწყება. პასექზე უნდა დაიკლას ბატკანი, რომელიც მთლიანად უნდა შეიწვას. სად იზეიმებენ ისინი ამ დღესასწაულს და ვინ მოამზადებს პასექს?

იესო არ ამბობს ამ დეტალებს, შესაძლოა, იმიტომ, რომ იუდასგან მღვდელმთავრებმა ვერ მიიღონ ინფორმაცია და ვერ შეძლონ პასექის აღნიშვნის დროს იესოს დაპატიმრება. მაგრამ ახლა, შეიძლება ხუთშაბათს, ნაშუადღევს, იესო ბეთანიიდან გზავნის პეტრესა და იოანეს და ეუბნება:

— წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ.

— სად გინდა, რომ მოვამზადოთ? — ეკითხებიან ისინი.

— ქალაქში შესვლისას, — განუმარტავს იესო, — შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოკით. მიჰყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა, და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გეუბნება: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ვჭამო პასექი? ის გიჩვენებთ დიდ მოფარდაგებულ ზემოთვალს. იქ მოამზადეთ.

ეჭვგარეშეა, რომ სახლის პატრონი არის იესოს ერთ-ერთი მოწაფე, რომელიც, შეიძლება, უკვე ელის იესოს თხოვნას, რომ ამ განსაკუთრებული შემთხვევისთვის გამოიყენონ მისი სახლი. როგორც არ უნდა იყოს, როცა პეტრე და იოანე იერუსალიმში ჩადიან, მათ ყველაფერი ზუსტად ისე ხვდებათ, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა. ასე რომ, ორი მათგანი ზრუნავს ბატკნის გამზადებაზე და ყოველ ღონეს ხმარობს, რათა იესომ და მისმა 12-მა მოციქულმა, სულ 13-მა ადამიანმა, სათანადოდ იზეიმოს პასექის დღესასწაული. მათე 26:1–5, 14–19; მარკოზი 14:1, 2, 10–16; ლუკა 22:1–13; გამოსვლა 21:32.

▪ როგორც ჩანს, რას აკეთებს იესო ოთხშაბათს და რატომ?

▪ რა შეხვედრა ეწყობა მღვდელმთავრის სახლში და რა მიზნით მიდის იუდა რელიგიურ წინამძღოლებთან?

▪ ვის აგზავნის იესო ხუთშაბათს იერუსალიმში და რა მიზნით?

▪ რა ხვდებათ წარგზავნილებს და რას აჩვენებს ეს კიდევ ერთხელ იესოს სასწაულებრივ ძალაზე?