იესო აგზავნის სამოცდაათს
თავი 72
იესო აგზავნის სამოცდაათს
შემოდგომაა; ახ. წ. 32 წელი. იესოს მონათვლიდან ზუსტად სამი წელია გასული. ახლახან ის მოწაფეებთან ერთად კარვობის დღესასწაულს ესწრებოდა იერუსალიმში და, ცხადია, ისინი ჯერაც სადღაც ახლო-მახლო იმყოფებიან. ფაქტიურად, იესო თავისი მსახურების დარჩენილი ექვსი თვის უმეტეს ნაწილს ატარებს იუდეაში ან პერეაში, რომლებიც მდინარე იორდანეს მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ამ ტერიტორიასაც სჭირდება დამუშავება.
ახ. წ. 30 წლის პასექის შემდეგ იესომ უკვე დაახლოებით რვა თვე იქადაგა იუდეაში. მაგრამ ახ. წ. 31 წლის პასექზე იუდეველების მიერ მისი მოკვლის მცდელობის შემდეგ ის მომდევნო წელიწად-ნახევარს თითქმის მხოლოდ გალილეაში ასწავლიდა. ამ დროის განმავლობაში მან ჩამოაყალიბა დიდი, კარგად მომზადებულ მქადაგებელთა ორგანიზაცია, რაც ადრე არასდროს გაუკეთებია. ამიტომ ახლა ის იწყებს ბოლო გაძლიერებულ სამქადაგებლო კამპანიას იუდეაში.
იესო ამ კამპანიას იწყებს 70 მოწაფის არჩევითა და მათი ორ-ორად წარგზავნით. ამგვარად, ტერიტორიის დასამუშავებლად იქმნება სამეფოს მქადაგებელთა სულ 35 წყვილი. ისინი მიდიან ყველა იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც, როგორც ჩანს, იესო თავის მოციქულებთან ერთად აპირებს წასვლას.
ამ 70 მოწაფეს იესო სინაგოგების ნაცვლად კერძო სახლებში აგზავნის და ეუბნება: „რომელ სახლშიც შეხვიდეთ, უწინ ეს თქვით: მშვიდობა ამ სახლს! თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა“. რა უნდა ამცნონ? „უთხარით მათ, — ეუბნება იესო: — ღვთის სასუფეველი მოგიახლოვდათ-თქო“. ამ 70-ის მოღვაწეობასთან დაკავშირებით „მეთიუ ჰენრის კომენტარი“ (Matthew Henry’s Commentary) იუწყება: „თავიანთი მასწავლებლის მსგავსად, სადაც არ უნდა მისულიყვნენ, ისინი კარდაკარ ქადაგებდნენ“.
იესო მსგავსადვე არიგებს ამ 70 მოწაფეს, როგორც დაარიგა 12 მოციქული, როცა დაახლოებით ერთი წლის წინ ისინი სამქადაგებლო კამპანიით გაგზავნა გალილეაში. მან არა მარტო გააფრთხილა ეს 70, რომ წინააღმდეგობებს შეხვდებოდნენ და მოამზადა მობინადრეებისთვის ცნობის საუწყებლად, არამედ დაავადებების განკურნების უნარიც მისცა. ამგვარად, როცა იესო ცოტა მოგვიანებით მივა იქ, მრავალს დიდი სურვილი ექნება, შეხვდეს ასეთი სასწაულების მოქმედი მოწაფეების მასწავლებელს.
ამ 70-ის ქადაგება და იესოს მიზანდასახული მსახურება შედარებით მცირე ხანს გრძელდება. მალე სამეფოს მქადაგებელთა 35 წყვილი იესოსთან ბრუნდება. „უფალო, — ეუბნებიან სიხარულით, — შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან“. მსახურების შესახებ ასეთი შესანიშნავი ანგარიში უთუოდ ახარებს იესოს, ვინაიდან ის პასუხობს: „დავინახე სატანა, ელვასავით ციდან გადმოვარდნილი. აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასათრგუნავად“.
იესომ იცის, რომ აღსასრულის დროს ღვთის სამეფოს დაბადების შემდეგ, სატანა და მისი დემონები ციდან გადმოიყრებიან. მაგრამ ახლა ჩვეულებრივ ადამიანებს რომ შეუძლიათ ამ უხილავი დემონების განდევნა, არის მომავალი მოვლენების დამატებითი მტკიცება. ამიტომ იესო ლაპარაკობს მომავალში სატანის ზეციდან გადმოგდებაზე, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე. მაშასადამე, გველთა და მორიელთა დათრგუნვაზე ხელმწიფება, რომელიც 70 მოწაფეს აქვს მიცემული, სიმბოლურია. ამასთანავე, იესო ეუბნება: „ნუ გახარებთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაში ჩაიწერება“.
იესო ძალიან გახარებულია და საჯაროდ განადიდებს თავის მამას, რადგან მის თავმდაბალ მსახურებს ასეთი ძლევამოსილი სახით იყენებს. ის თავისი მოწაფეებისკენ ბრუნდება და ეუბნება: „ნეტარია თვალები, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილა, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა“. ლუკა 10:1–24; მათე 10:1–42; გამოცხადება 12:7-12.
▪ სად ქადაგებდა იესო თავისი მსახურების პირველ სამ წელს და რომელ ტერიტორიებს ამუშავებს ის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში?
▪ სად აგზავნის იესო ხალხთან საქადაგებლად 70 მოწაფეს?
▪ რატომ ამბობს იესო, რომ უკვე დაინახა სატანის ციდან გადმოგდება?
▪ რა გაგებით შეუძლია 70-ს მორიელებისა და გველების დათრგუნვა?