იესო ამზადებს მოციქულებს თავისი წასვლისთვის
თავი 116
იესო ამზადებს მოციქულებს თავისი წასვლისთვის
უფლის სერობა დამთავრდა, მაგრამ იესო და მისი მოციქულები ჯერაც ზემოთა ოთახში არიან. მიუხედავად იმისა, რომ იესო მალე წავა, მას ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს სათქმელი.
— ნუ შეკრთება თქვენი გული, — აწყნარებს ის და შემდეგ ამატებს, — იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
— მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა, — განაგრძობს იესო. — მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. . . რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა.
მოციქულებს არ ესმით, რომ იესო ზეცაში წასვლის შესახებ ლაპარაკობს და, ამიტომ თომა ეკითხება:
— უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?
— მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, — პასუხობს იესო.
დიახ, მხოლოდ იესოს მიღებითა და მისი ცხოვრების გზის მიბაძვით შეძლებს პიროვნება მამის ზეციერ სახლში შესვლას, რადგან, როგორც თვითონ ამბობს: „მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“.
— უფალო, გვაჩვენე მამა, — სთხოვს ფილიპე, — და საკმარისია ჩვენთვის.
ფილიპეს, როგორც ჩანს, სურს, რომ იესომ ხილულად წარუდგინოს მათ ღმერთი ისე, როგორც ძველ დროში მოსე, ელია და ესაია დაჯილდოვდნენ ამგვარი ხილვებით. მაგრამ, სინამდვილეში, მოციქულებს ამგვარ ხილვებზე ბევრად უმჯობესი რამე აქვთ, რადგან იესო ამბობს: „რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა“.
იესო იმდენად სრულყოფილად ირეკლავს თავისი მამის პიროვნებას, რომ მასთან ცხოვრება და მასზე დაკვირვება, სინამდვილეში, იმის ტოლფასია, რომ აშკარად უყურებდე მამას. მაგრამ მამა ძეზე დიდია, რადგანაც იესო გვამცნობს: „სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ“. თავისი სწავლებებისთვის იესო ჯეროვნად ანიჭებს მთელ პატივს თავის ზეციერ მამას.
რამდენად გამამხნევებელი უნდა იყოს მოციქულებისთვის იესოს შემდეგი სიტყვების მოსმენა: „ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს“! იესო არ გულისხმობს, რომ მის მიმდევრებს მასზე დიდი სასწაულმოქმედი ძალა ექნებათ. არა, არამედ ის გულისხმობს, რომ ისინი განაგრძობენ მსახურებას უფრო ხანგრძლივად, უფრო დიდი მასშტაბით და გაცილებით მეტ ხალხთან.
იესო არ მიატოვებს თავის მოწაფეებს წასვლის შემდეგ. „რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, — ჰპირდება ის, — გავაკეთებ“. შემდეგ ეუბნება: „მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს [„დამხმარეს“, აქ] მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ — ჭეშმარიტების სულს“. მოგვიანებით, ზეცაში ამაღლების შემდეგ, იესო თავის მოწაფეებზე აფრქვევს სულიწმიდას, ამ სხვა დამხმარეს.
იესოს წასვლა მოახლოებულია, რადგან თვითონვე ამბობს: „კიდევ ცოტაც და წუთისოფელი ვეღარ მიხილავს“. ის სულიერი ქმნილება იქნება, რომელსაც ვერც ერთი ადამიანი ვერ დაინახავს. მაგრამ იესო კვლავ აღუთქვამს თავის ერთგულ მოციქულებს: „თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ“. დიახ, იესო არა მარტო მკვდრეთით აღდგენის შემდეგ გამოეცხადება მათ ადამიანის სხეულში, არამედ სათანადო დროს ის აღადგენს მათ სულიერ ქმნილებებად ზეცაში მასთან საცხოვრებლად.
ახლა იესო იუწყება მარტივ წესს:
— ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები.
მოციქული იუდა, რომელსაც თადეოზიც ჰქვია, აწყვეტინებს:
— უფალო, როგორ იქნება, რომ შენ თვითონ გამოგვეცხადები ჩვენ და არა წუთისოფელს.
— ვისაც ვუყვარვარ, — პასუხობს იესო, — ის ჩემს სიტყვას დაიცავს და მამაჩემიც შეიყვარებს მას. . . ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს.
მისი მორჩილი მიმდევრებისგან განსხვავებით, წუთისოფელი უგულებელყოფს ქრისტეს სწავლებებს. ამიტომ ის თავის პიროვნებას არ ავლენს მათ წინაშე.
დედამიწაზე მსახურების განმავლობაში იესომ მრავალი რამე ასწავლა თავის მოციქულებს. როგორ შეძლებენ ისინი ყოველივე ამის გახსენებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ესმით? საბედნიეროდ, იესო ჰპირდება: „ნუგეშისმცემელი [„დამხმარე“, აქ] კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“.
იესო კვლავ ანუგეშებს მათ და ეუბნება: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. . . ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება“. მართალია, იესო მიდის, მაგრამ ის განმარტავს: „რომ გყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რაკი მამასთან მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია“.
იესოს მათთან დარჩენისთვის ცოტა დრო აქვს. „ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, — ეუბნება ის, — რადგან წუთისოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის“. სატანა ეშმაკი, რომელსაც შეეძლო შესულიყო იუდაში და გავლენა ჰქონოდა მასზე, წუთისოფლის მთავარია. მაგრამ იესოს არა აქვს არავითარი ცოდვილი მიდრეკილება, რის გამოყენებითაც სატანა შეძლებს ღვთის მსახურებისგან მის ჩამოცილებას.
ახლო ურთიერთობით ტკბობა
უფლის სერობის შემდეგ იესო თავისუფალი, გულითადი საუბრით ამხნევებს თავის მოციქულებს. ალბათ, შუაღამე გადასულია. ამიტომ იესო ამბობს: „ადექით, წავიდეთ აქედან“. მაგრამ წასვლამდე მათდამი სიყვარულით აღძრული იესო განაგრძობს ლაპარაკს და გამამხნევებელ იგავს ყვება:
„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია“, იწყებს ის. დიდებულმა მიწისმუშაკმა, იეჰოვა ღმერთმა, თავისი სიმბოლური ვაზი დარგო ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე, როცა იესო სულიწმიდით სცხო მონათვლის დროს. მაგრამ იმის საჩვენებლად, რომ ვაზი მხოლოდ მას არ ასიმბოლოებს, იესო განარგძობს: „ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. . . როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. მე ვაზი ვარ, თქვენ კი — ლერწები“.
ორმოცდათერთმეტი დღის შემდეგ, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, მოციქულები და სხვები ხდებიან ვაზის ლერწები, როცა მათზე სულიწმიდა იფრქვევა. საბოლოოდ 144 000 პიროვნება ხდება ფიგურალური ვაზის ლერწი. ვაზის ღეროსთან, იესო ქრისტესთან, ერთად ისინი ქმნიან სიმბოლურ ვაზს, რომელსაც გამოაქვს ღვთის სამეფოს ნაყოფები.
იესო განმარტავს, თუ რა არის ნაყოფის გამოღების გასაღები: „ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ“. მაგრამ, თუ ვინმეს არ გამოაქვს ნაყოფი, იესო ამბობს: „გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვებიან“. მეორე მხრივ, იესო ჰპირდება: „თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ“.
შემდეგ იესო თავის მოციქულებს ეუბნება: „ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით“. ნაყოფი, რომელიც ღმერთს სურს, რომ ლერწებმა გამოიღონ, არის ისეთი თვისებები, როგორიც ქრისტეს აქვს, განსაკუთრებით კი სიყვარული. გარდა ამისა, ვინაიდან ქრისტე ღვთის სამეფოს მქადაგებელი იყო, სასურველ ნაყოფში შედის მოწაფეების მომზადების საქმიანობაც.
„დარჩით ჩემს სიყვარულში!“ — ეუბნება ახლა იესო. მაგრამ როგორ შეუძლიათ მის მოციქულებს ამის გაკეთება? „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, — ეუბნება ის, — ჩემს სიყვარულში დარჩებით“. იესო განაგრძობს: „ესაა ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის“.
რამდენიმე საათში იესო გამოავლენს თავის აღმატებულ სიყვარულს იმით, რომ სიცოცხლეს გასწირავს თავისი მოციქულებისთვისა და ყველა მათთვის, ვინც მისადმი რწმენას გამოავლენს. იესოს მაგალითმა მისი მიმდევრები უნდა აღძრას, ასეთივე თავგანწირული სიყვარულით უყვარდეთ ერთმანეთი. სიყვარული მათი განმასხვავებელი ნიშანი იქნება, როგორც ეს ადრე იესომ აღნიშნა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“.
იესო განსაზღვრავს თავისი მეგობრების ვინაობას და ამბობს: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ გააკეთებთ, რასაც მცნებად გიდებთ. მე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია“.
როგორი ძვირფასი ურთიერთობის შესაძლებლობა გვაქვს — ვიყოთ იესოს ახლო მეგობრები! მაგრამ მასთან ურთიერთობით სიხარულის შესანარჩუნებლად მისმა მიმდევრებმა გამუდმებით ‘უნდა გამოიღონ ნაყოფი’. თუ ისინი ამას აკეთებენ, ამბობს იესო, ‘რასაც სთხოვენ ისინი მამას მისი სახელით, ის მისცემს მათ’. ნამდვილად, დიდი ჯილდოა სამეფოს ნაყოფის გამოღებისთვის! იესო კვლავ მოუწოდებს მოციქულებს, ‘უყვარდეთ ერთმანეთი’, და ეუბნება, რომ წუთისოფელი შეიძულებს მათ. მაგრამ ის ანუგეშებს: „თუ თქვენ წუთისოფელს სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა“. შემდეგ იესო უხსნის, თუ რატომ სძულს წუთისოფელს მისი მიმდევრები: „რაკი არ ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს“.
წუთისოფლის მხრიდან სიძულვილის შემდგომი მიზეზის ახსნისას იესო ამბობს: „ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გიზამენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს [იეჰოვა ღმერთს]“. სინამდვილეში, იესოს სასწაულები განსჯის მის მოძულეებს, რადგან ამბობს: „მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რასაც სხვა ვერავინ აკეთებდა, ცოდვაც აღარ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც“. ამგვარად, როგორც იესო ამბობს, სრულდება საღვთო წერილის სიტყვები: „უმიზეზოდ შემიძულეს“.
იესო კვლავ ანუგეშებს მათ, რომ გამოუგზავნის დამხმარეს, სულიწმიდას, რომელიც ღვთის ძლევამოსილი მოქმედი ძალაა. „ის დაამოწმებს ჩემს შესახებ. თქვენც დაამოწმებთ, ვინაიდან თავიდანვე ჩემთანა ხართ“.
შემდგომი დარიგება წასვლის წინ
იესო და მისი მოწაფეები მზად არიან, დატოვონ ზემოთა ოთახი. „ეს ყველაფერი გითხარით, რათა არ დაბრკოლდეთ“, — განაგრძობს ის. შემდეგ სერიოზულ გაფრთხილებას აძლევს: „სინაგოგიდან მოგკვეთენ, მაგრამ მოდის ჟამიც, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება“.
როგორც ჩანს, მოციქულებს ძალიან აღელვებთ ეს გაფრთხილება. თუმცა იესოს ადრეც უთქვამს, რომ წუთისოფელი შეიძულებდა მათ, მაგრამ ასე პირდაპირ არასდროს გაუმჟღავნებია, რომ მათ დახოცავდნენ. „ეს არ მითქვამს თავიდანვე, — განუმარტავს იესო, — რადგან თქვენთან ვიყავი“. მაგრამ რა კარგია მათთვის მის წასვლამდე ამ ინფორმაციით აღჭურვა!
„ახლა, — განაგრძობს იესო, — მივდივარ მასთან, ვინც მე მომავლინა და არც ერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო“. იმავე საღამოს ცოტა უფრო ადრე მათ ჰკითხეს, თუ სად მიდიოდა, მაგრამ ახლა ისინი იმდენად შეძრული არიან მოსმენილით, რომ აღარაფერს ეკითხებიან ამის შესახებ. იესო ამბობს: „მწუხარებით აღივსო თქვენი გული, ეს რომ გითხარით“. მოციქულები მხოლოდ იმის გაგების გამო კი არ წუხან, რომ საშინელი დევნა და სიკვდილი ელით, არამედ იმის გამოც, რომ უფალი ტოვებს მათ.
ამიტომ იესო განმარტავს: „თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი [დამხმარე, აქ] ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ“. როგორც ადამიანს, კონკრეტულ დროს იესოს მხოლოდ ერთ ადგილზე ყოფნა შეუძლია, მაგრამ, როცა ის ზეცაშია, მას შეუძლია გაგზავნოს დამხმარე, ღვთის სულიწმიდა, თავის მიმდევრებთან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი დედამიწაზე. ამიტომ იესოს წასვლა სასარგებლო იქნება.
იესო ამბობს, რომ სულიწმიდა „ამხილებს წუთისოფელს ცოდვის, სიმართლისა და სამსჯავროს გამო“. წუთისოფლის ცოდვა, ღვთის ძისადმი რწმენის გამოვლენის უარყოფა, მხილებული იქნება. გარდა ამისა, იესოს მამასთან ასვლა მისი სიმართლის აშკარა დამადასტურებელი მტკიცება იქნება. და იესოს უმწიკვლოების შელახვაში სატანისა და მისი ბოროტი წუთისოფლის წარუმატებლობა დამაჯერებლად ადასტურებს, რომ წუთისოფლის მმართველი მსჯავრდადებულია.
— კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, — განაგრძობს იესო, — მაგრამ ვეღარ იტვირთავთ.
ამიტომ იესო აღუთქვამს, რომ, როცა გადმოაფრქვევს სულიწმიდას, ღვთის მოქმედ ძალას, ის [სულიწმიდა] უხელმძღვანელებს მათ, რომ თავიანთი აღქმის უნარის შესაბამისად, უკეთესად გაიგონ ყოველივე.
მოციქულებს განსაკუთრებით იმის გაგება უჭირთ, რომ იესო მოკვდება და აღდგომის შემდეგ გამოეცხადება მათ. ამიტომ ისინი ერთმანეთს ეკითხებიან: „ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ. კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგან მამასთან მივდივარო?“
იესო ხვდება, რომ მოციქულებს სურთ, ჰკითხონ მას, და ამიტომ განუმარტავს: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივალალებთ, წუთისოფელი კი გაიხარებს. თქვენ დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა“. იმავე დღეს, მოგვიანებით, ნაშუადღევს, როცა იესოს კლავენ, წუთისოფლის რელიგიური წინამძღოლები ხარობენ, ხოლო მოწაფეები გლოვობენ. მაგრამ მათი მწუხარება სიხარულით იცვლება იესოს მკვდრეთით აღდგენის დროს! მათი სიხარული გრძელდება, როცა ის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მათზე ღვთის სულიწმიდას აფრქვევს, რითაც მათ აღჭურავს უფლებით, იყვნენ მისი მოწმეები.
იესო მოციქულების მდგომარეობას მშობიარე ქალის მდგომარეობას ადარებს და ამბობს: „დედაკაცი მშობიარობისას წუხს, რადგან მისი ჟამი დადგა“. მაგრამ ის აღნიშნავს, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ქალს ავიწყდება ტანჯვა, და თავის მოციქულებს ამხნევებს: „თქვენც დამწუხრებულნი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ [როცა აღვდგები] და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ“.
ამ დრომდე მოციქულებს არასდროს არაფერი უთხოვიათ იესოს სახელით. მაგრამ ახლა ის ეუბნება: „რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ. . . ვინაიდან თვით მამას უყვარხართ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღვთისგან გამოვედი. მამისგან გამოვედი და წუთისოფელში მოვედი. კვლავ ვტოვებ წუთისოფელს და მივდივარ მამასთან“.
იესოს სიტყვები მოციქულებისთვის დიდად გამამხნევებელია.
— ამის გამო გვწამს, რომ ღვთისგან გამოხვედი, — ეუბნებიან ისინი.
— ახლა გწამთ? — ეკითხება იესო.
— აჰა, მოდის ჟამი, და მოვიდა კიდეც, როცა ყველა სათითაოდ გაიფანტება. [თქვენ] მე დამტოვებთ.
ეს შეიძლება დაუჯერებელი ჩანდეს, მაგრამ ეს გათენებამდე ხდება!
— ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში, — ამთავრებს იესო. — წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით. მე ვძლიე წუთისოფელს.
იესოს უმწიკვლოების შესალახად სატანისა და მისი წუთისოფლის მცდელობის მიუხედავად, იესომ გაიმარჯვა წუთისოფელზე და ერთგულად შეასრულა ღვთის ნება.
დამამთავრებელი ლოცვა ზემოთა ოთახში
მოციქულებისადმი დიდი სიყვარულით აღძრული იესო მათ თავისი მოახლოებული წასვლისთვის ამზადებს. ახლა, მას შემდეგ, რაც დაწვრილებით დაარიგა და ანუგეშა ისინი, ის ზეცისკენ აღაპყრობს თვალებს და მამას სთხოვს: ‘განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ. რადგან მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს’.
რა გულში ჩამწვდომი თემა წამოჭრა იესომ — საუკუნო სიცოცხლე! რადგან ‘ყველა ხორციელზე ხელმწიფება’ აქვს, იესოს შეუძლია თავისი გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე სარგებლობა მოუტანოს მოკვდავ კაცობრიობას. მაგრამ ის ‘საუკუნო სიცოცხლეს’ აძლევს მხოლოდ მათ, რომლებსაც მამა იწონებს. იესო განავრცობს თემას მარადიული სიცოცხლის შესახებ და ლოცულობს:
„ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“. დიახ, გადარჩენა დამოკიდებულია როგორც ღვთის, აგრეთვე მისი ძის შესახებ შემეცნების მიღებაზე. მაგრამ უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ თეორიული ცოდნა.
პიროვნებამ ახლოს უნდა გაიცნოს ისინი და გულისხმიერი მეგობრობა განავითაროს მათ მიმართ. ის საკითხებს მათი თვალსაზრისით უნდა განიხილავდეს და საგნებს მათი თვალებით უნდა უყურებდეს. და ყველაზე მეტად პიროვნება უნდა ისწრაფოდეს, სხვებისადმი მოპყრობაში მიბაძოს მათ შეუდარებელ თვისებებს.
შემდეგ იესო ლოცულობს: „მე განგადიდე დედამიწაზე: აღვასრულე შენი საქმე, რაც მომეცი, რომ გამეკეთებინა“. ამგვარად, ის ასრულებს ამ საკითხში თავის დანიშნულებას და მომავალ წარმატებაში დარწმუნებული, თხოვნით მიმართავს ღმერთს: „განმადიდე მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან წუთისოფლის გაჩენამდე“. დიახ, ახლა ის სთხოვს, მკვდრეთით აღდგენის საშუალებით, თავისი ადრინდელი ზეციური დიდების დაბრუნებას.
იესო აჯამებს თავის მთავარ საქმეს დედამიწაზე და ამბობს: „შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი წუთისოფლისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, შენი სიტყვა დაიცვეს მათ“. იესო თავის მსახურებაში იყენებდა ღვთის სახელს, იეჰოვას, და აჩვენებდა, თუ როგორ წარმოითქმებოდა ის სწორად, მაგრამ მან თავისი მოწაფეებისადმი ღვთის სახელის გამხელაზე უფრო მეტი გააკეთა. მან აგრეთვე გააღრმავა მათი შემეცნება და მადლიერება იეჰოვას, მისი პიროვნებისა და მისი განზრახვების შესახებ.
იესო განადიდებს იეჰოვას, როგორც უზენაესს, როგორც პიროვნებას, ვისაც ის ემსახურება და თავმდაბლურად აღიარებს: „სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი. მიიღეს მათ და სცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან წამოვედი. და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე“.
იესო განსხვავებას აკეთებს თავის მიმდევრებსა და დანარჩენ კაცობრიობას შორის და ლოცულობს: „მათთვის გევედრები; წუთისოფლისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც შენ მომეცი. . . როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ. . . მე დავიფარე [ისინი] და მათგან არავინ დაღუპულა, დაღუპვის ძის [კერძოდ, იუდა ისკარიოტელის] გარდა“. სწორედ ამ დროს იუდა იესოს გაცემის საზიზღარი განზრახვის შესასრულებლადაა წასული. ამგვარად, იუდა თავისდა უნებურად ასრულებს საღვთო წერილს.
„წუთისოფელმა შეიძულა ისინი, — განაგრძობს ლოცვას იესო, — არ გევედრები, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისაგან. ისინი წუთისოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“. იესოს მიმდევრები ცხოვრობენ წუთისოფელში, ადამიანთა ორგანიზებულ საზოგადოებაში, რომელსაც სატანა მართავს, მაგრამ ისინი არიან და ყოველთვის უნდა იყვნენ მისგან და მისი ბოროტებისგან გამოყოფილნი.
„განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით, — განაგრძობს იესო, — შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“. აქ იესო ‘ჭეშმარიტებას’ უწოდებს შთაგონებით დაწერილ ებრაულ წერილებს, საიდანაც ყოველთვის ციტირებს. მაგრამ, რასაც ის თავის მოწაფეებს ასწავლიდა და რაც მათ მოგვიანებით შთაგონებით დაწერეს, როგორც ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, აგრეთვე „ჭეშმარიტებაა“. ამ ჭეშმარიტებას შეუძლია პიროვნების განწმენდა, მისი ცხოვრების სრულიად შეცვლა და წუთისოფლისგან გამოყოფა.
ახლა იესო ლოცულობს ‘არა მხოლოდ ამათზე, არამედ იმათზეც, ვინც მას ირწმუნებს მათი სიტყვით’. მაშასადამე, იესო ლოცულობს თავისი მომავალი ცხებული მიმდევრებისთვის და სხვა მომავალი მოწაფეებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იკრიბებიან ‘ერთ ფარაში’. რას სთხოვს თითოეული მათგანისთვის?
„ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი — შენში. . . რათა ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი“. იესო და მამამისი პირდაპირი მნიშვნელობით არ არიან ერთი პიროვნება, მაგრამ ისინი ყველაფერში თანხმობაში არიან. იესო ლოცულობს, რომ მისი მიმდევრები ხარობდნენ ასეთივე ერთიანობით, „რათა იცოდეს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე“.
მათთვის, რომლებიც მისი ცხებული მიმდევრები იქნებოდნენ, იესო თხოვნით მიმართავს თავის ზეციერ მამას. რისთვის? „სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან შემიყვარე წუთისოფლის შექმნამდე“, ანუ ვიდრე ადამსა და ევას შთამომავლები ეყოლებოდათ. ამაზე დიდი ხნის წინ ღმერთს უყვარდა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც შემდეგ იესო ქრისტე გახდა.
ლოცვის დასრულებისას იესო კვლავ ხაზს უსვამს: „მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო“. მოციქულებისთვის ღვთის სახელის შეცნობა ნიშნავს, პირადად გაეცნონ ღვთის სიყვარულს. იოანე 14:1—17:26; 13:27, 35, 36; 10:16; ლუკა 22:3, 4; გამოსვლა 24:10; მესამე მეფეთა 19:9–13; ესაია 6:1–5; გალატელთა 6:16; ფსალმუნი 34:19; 68:5; იგავნი 8:22, 30.
▪ სად მიდის იესო და რა პასუხს ღებულობს თომა ამ გზასთან დაკავშირებით?
▪ როგორც ჩანს, რას სთხოვს ფილიპე იესოს?
▪ რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესოს მხილველმა მამაც იხილა?
▪ როგორ შეასრულებენ იესოს მიმდევრები უფრო მეტ საქმეებს, ვიდრე თვითონ იესო ასრულებდა?
▪ რა მნიშვნელობით არა აქვს გავლენა სატანას იესოზე?
▪ როდის დარგო იეჰოვამ სიმბოლური ვაზი და როდის და როგორ ხდებიან სხვები ამ ვაზის ნაწილები?
▪ საბოლოოდ რამდენი ლერწი აქვს სიმბოლურ ვაზს?
▪ რა ნაყოფის მიღება სურს ღმერთს ლერწებისგან?
▪ როგორ შეგვიძლია ვიყოთ იესოს მეგობრები?
▪ რატომ სძულს წუთისოფელს იესოს მიმდევრები?
▪ იესოს რომელი გაფრთხილება ამწუხრებს მის მოციქულებს?
▪ რატომ არ ეკითხებიან მოციქულები იესოს თუ სად მიდის?
▪ განსაკუთრებით რის გაგება უჭირთ მოციქულებს?
▪ როგორ აჩვენებს იესოს მიერ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი, რომ მოციქულების მწუხარება სიხარულით შეიცვლება?
▪ იესოს ნათქვამის თანახმად, რას გააკეთებენ მალე მოციქულები?
▪ როგორ სძლევს იესო წუთისოფელს?
▪ რა გაგებით ეძლევა იესოს „ხელმწიფება ყველა ხორციელზე“?
▪ რას ნიშნავს ღვთისა და მისი ძის შესახებ შემეცნების შეძენა?
▪ რა სახით ამცნობს იესო ღვთის სახელს?
▪ რა არის „ჭეშმარიტება“ და როგორ ‘განწმინდავს’ ის ქრისტიანებს?
▪ როგორ არიან ღმერთი, მისი ძე და ყველა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლი ერთნი?
▪ როდის იყო ‘წუთისოფლის დასაბამი’?