არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო ამთავრებს ღვთის ყველა თხოვნის შესრულებას

იესო ამთავრებს ღვთის ყველა თხოვნის შესრულებას

თავი 133

იესო ამთავრებს ღვთის ყველა თხოვნის შესრულებას

რამდენად სასიხარულო იქნება, როცა იესო ქრისტე, მეომარი-მეფე, მოსპობს სატანასა და მის უსამართლო წუთისოფელს! ბოლოს და ბოლოს, დაიწყება იესოს ათასწლიანი მეფობის მშვიდობიანი პერიოდი!

იესოსა და მისი თანამეფეების ხელმძღვანელობით არმაგედონგადატანილები დედამიწას გაასუფთავებენ ამ სამართლიანი ომის შედეგად დარჩენილი ნანგრევებისგან. ალბათ, დედამიწაზე გადარჩენილებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაუჩნდებათ შვილები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მომხიბლავ სამუშაოში, დედამიწის თვალწარმტაც, პარკისმაგვარ ბაღად გადაქცევაში.

დროთა განმავლობაში იესო უამრავ მილიონ ადამიანს აღადგენს სამარხებიდან, რათა იხარონ მშვენიერი სამოთხით. ის ამას შეასრულებს თავისი დანაპირების თანახმად: „მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან. . . გამოვლენ“.

იესო აღადგენს ყოფილ ბოროტმოქმედსაც, რომელიც მის გვერდით მოკვდა წამების ძელზე. გაიხსენე, იესო შეჰპირდა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ დღეს, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“. არა, ის მამაკაცი არ იქნება ზეცაში აყვანილი, რათა ქრისტესთან ერთად იმეფოს, და არც იესო გახდება კვლავ ადამიანი, რათა დედამიწაზე სამოთხეში იცხოვროს მასთან ერთად. უფრო სწორად, იესო ამ ბოროტმოქმედთან იმ გაგებით იქნება, რომ ის აღადგენს მას სამოთხეში საცხოვრებლად და იზრუნებს მისი როგორც ფიზიკური, აგრეთვე სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, როგორც მომდევნო გვერდზეა აღბეჭდილი.

მხოლოდ წარმოიდგინე! იესოს მოსიყვარულე მზრუნველობით ადამიანთა მთელი ოჯახი — არმაგედონგადატანილები, მათი შთამომავლობა და მილიარდობით მკვდრეთით აღდგენილი, რომლებიც ემორჩილებიან იესოს — თანდათანობით მიაღწევენ ადამიანურ სრულყოფილებას. იეჰოვა თავისი ძის, მეფე იესო ქრისტეს მეშვეობით, სულიერი გაგებით, ადამიანებთან დამკვიდრდება. და როგორც იოანეს მიერ ზეციდან მოსმენილი ხმა ამბობს: „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“. დედამიწაზე აღარავინ არ დაიტანჯება და არც დაავადდება.

იესოს ათასწლიანი მეფობის ბოლოს მდგომარეობა სწორედ ისეთი იქნება, როგორიც თავდაპირველად ჰქონდა ღმერთს განზრახული, როცა პირველ ადამიანთა წყვილს, ადამსა და ევას, უთხრა, რომ გამრავლებულიყვნენ და აევსოთ დედამიწა. დიახ, დედამიწა აივსება სამართლიანი, სრულყოფილი ადამიანებით. ეს მოხდება იმის გამო, რომ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლიდან ყველა მიიღებს სარგებელს. ადამის შეცოდებით გამოწვეული სიკვდილი აღარ იარსებებს!

ამგვარად, იესო შეასრულებს ღვთის ყველა მოთხოვნას. ამის შემდეგ, ათასი წლის ბოლოს, იესო სამეფოსა და გასრულყოფილებულ ადამიანთა ოჯახს მამამისს გადასცემს. მაშინ ღმერთი სატანასა და მის დემონებს გაათავისუფლებს უფსკრულიდან, მათი უმოქმედო, სიკვდილისმაგვარი მდგომარეობიდან. რა მიზნით?

ათასი წლის ბოლოს სამოთხეში მცხოვრებთა უმეტესობა მკვდრეთით აღდგენილი ადამიანები იქნებიან, რომელთა რწმენა არასდროს გამოცდილა. სიკვდილამდე მათ არ იცოდნენ ღვთის აღთქმები და ამიტომ არ შეეძლოთ გამოევლინათ მათდამი რწმენა. მკვდრეთით აღდგენისა და ბიბლიური ჭეშმარიტებების გაცნობის შემდეგ მათთვის ადვილი იყო ღვთისადმი მსახურება სამოთხეში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. მაგრამ სატანას რომ მისცემოდა შესაძლებლობა, ეცადა მათი ღვთისადმი მსახურებიდან ჩამოცილება, დაამტკიცებდნენ თუ არა ისინი ღვთისადმი ურყევ ერთგულებას გამოცდის დროს? ამ საკითხის გადასაწყვეტად სატანა გათავისუფლებული იქნება.

ხილვა, რომელიც იოანეს ჰქონდა, ცხადყოფს, რომ იესოს ათასწლიანი მეფობის შემდეგ სატანა წარმატებას მიაღწევს, ვინაიდან უამრავ ხალხს ჩამოაცილებს ღვთისადმი მსახურებას. მაგრამ, როცა საბოლოო გამოცდა დამთავრდება, სატანას, მის დემონებსა და ყველას, ვისაც შეცდომაში შეიყვანს, მარადიული განადგურება ელით. მეორე მხრივ, ყველანაირად გამოცდილი, ურყევად ერთგული გადარჩენილები გააგრძელებენ ცხოვრებას და დატკბებიან თავიანთი ზეციერი მამისგან მარადიულად მომდინარე კურთხევებით.

ცხადია, რომ იესო ასრულებდა და გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ღვთის დიდებული მიზნების განხორციელებაში. როგორი დიდებული მომავლით შეგვიძლია დავტკბეთ, რომელიც იესოს, როგორც ღვთის დიდებული ზეციერი მეფის, ხელმძღვანელობას მოჰყვება. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ყოველივე იმის დავიწყება, რაც მან დედამიწაზე ადამიანად ყოფნის განმავლობაში გააკეთა.

იესო მზადყოფნით ჩამოვიდა დედამიწაზე და გვასწავლა თავისი მამის შესახებ. გარდა ამისა, მან თავისი მაგალითით გვიჩვენა ღვთის შესანიშნავი თვისებები. ჩვენი გულები მღელვარებით ივსება, როცა ვფიქრობთ მის გრანდიოზულ გამბედაობასა და ვაჟკაცობაზე, უბადლო სიბრძნესა და სწავლების საოცარ უნარზე, მის უშიშარ ხელმძღვანელობაზე, სიბრალულსა და თანაგრძნობაზე. როცა ვიხსენებთ, თუ როგორი ენით აუწერელი ტანჯვა გადაიტანა, როცა გამოგვისყიდა — რაც ერთადერთი სიცოცხლისმომცემი საშუალებაა — ჩვენი გულები ნამდვილად ივსება მისადმი მადლიერებით!

ნამდვილად, როგორი ადამიანი დავინახეთ იესოს ცხოვრების შესწავლით! მისი დიდებულება ცხადი და უსაზღვროა. ჩვენ აღძრული ვართ გავიმეოროთ რომაელი მმართველის, პონტოელი პილატეს სიტყვები: „აჰა, კაცი!“ დიახ, მართლაც, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული „ადამიანი“!

გამომსყიდველური მსხვერპლის მიღებით შესაძლებელი ხდება ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილის ტვირთისგან გათავისუფლება და იესოს შეუძლია გახდეს ჩვენი „მარადისობის მამა“. ყველასთვის, ვისაც სურს მარადიული სიცოცხლის მიღება, აუცილებელია, შეიძინოს შემეცნება არა მარტო ღვთის, არამედ მისი ძის, იესო ქრისტეს, შესახებაც. დაე ამ წიგნის წაკითხვა და შესწავლა დაგეხმაროს ასეთი სიცოცხლისმომცემი შემეცნების მიღებაში! 1 იოანე 2:17; 1:7; იოანე 5:28, 29; 3:16; 17:3; 19:5; ლუკა 23:43, აქ; დაბადება 1:28; 1 კორინთელთა 15:24–28; გამოცხადება 20:1–3, 6–10; 21:3, 4; ესაია 9:5.

▪ რა ბედნიერების მომტანი უპირატესობა ექნებათ არმაგედონგადატანილებსა და მათ შვილებს?

▪ ვინ გაიხარებენ სამოთხით, არმაგედონგადატანილებისა და მათი შვილების გარდა, და რა გაგებით იქნება იესო მათთან?

▪ როგორი მდგომარეობა იქნება ათასი წლის ბოლოს და რას გააკეთებს იესო?

▪ რატომ იქნება გათავისუფლებული სატანა უფსკრულიდან და ბოლოს რა მოუვა მას და ყველა მის მიმდევარს?

▪ როგორ შეუძლია იესოს, გახდეს ჩვენი „მარადისობის მამა“?