იესო ასწავლის იერიხონში
თავი 99
იესო ასწავლის იერიხონში
მალე იესო და მისი თანამგზავრი უამრავი ხალხი შევლენ იერიხონში, რომელიც იერუსალიმიდან ერთი დღის სავალითაა დაშორებული. როგორც ჩანს, იერიხონი ორი ნაწილისგან შედგება — ქალაქის ძველი, იუდეველთა, ნაწილი დაახლოებით კილომეტრ-ნახევრითაა დაშორებული უფრო ახალი, რომაელთა, ნაწილისგან. როცა ხალხი ძველი ქალაქიდან გამოდის და ახალს უახლოვდება, ორ ბრმა მათხოვარს მათი მოახლოებით გამოწვეული ხმაური ესმის. ერთ-ერთი მათგანის სახელია ბარტიმეოსი.
იმის გაგებისთანავე, რომ ამ გამვლელთა შორის არის იესო, ბარტიმეოსი და მისი ამხანაგი ყვირილს იწყებენ: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!“ როცა ხალხი უწყრება მათ, რომ გაჩუმდნენ, ისინი უფრო ხმამაღლა ყვირიან: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“
ამ ხმაურზე იესო ჩერდება. ის თავის თანამგზავრებს სთხოვს, მოუყვანონ მამაკაცები, რომლებიც ასე ხმამაღლა ყვირიან. ისინი ბრმა მათხოვრებთან მიდიან და ერთ-ერთ მათგანს ეუბნებიან: „ნუ გეშინია, ადექი, გეძახის“. უსაზღვროდ აღელვებული ბრმა მოსასხამს ისხამს, წამოხტება და იესოსთან მიდის.
— რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ? — ეკითხება იესო.
— თვალები რომ აგვიხილო, უფალო, — სთხოვს ორივე ბრმა.
სიბრალულით აღძრული იესო თვალებზე ეხება მათ. მარკოზის ცნობის თანახმად, იესო ერთ-ერთ მათგანს ეუბნება: „წადი, შენმა რწმენამ გიხსნა“. ბრმა მათხოვრებს მაშინვე უბრუნდებათ მხედველობა და, ეჭვგარეშეა, ორივე ღვთის განდიდებას იწყებს. ყოველივე ამის თვითმხილველი ხალხიც განადიდებს ღმერთს. ბარტიმეოსი და მისი ამხანაგი უყოყმანოდ მიჰყვებიან იესოს.
როცა იესო იერიხონის გავლით მიდის, მას უამრავი ხალხი მიჰყვება. ყველას სურს, დაინახოს ბრმების განმკურნებელი. ხალხი ყველა მხრიდან აწყდება იესოს, რის გამოც ზოგი მისთვის თვალის შევლებასაც ვერ ახერხებს. ხალხს შორის არის ზაქეც, მებაჟეთა უფროსი იერიხონსა და მის შემოგარენში. ის ძალიან დაბალია, რაც ხელს უშლის, დაინახოს, თუ რა ხდება.
ამიტომ ზაქე წინ გარბის და ლეღვის ხეზე ადის, რომელიც იმ გზაზე დგას, რომელზეც იესომ უნდა ჩაიაროს. ამ სათვალთვალო პუნქტიდან მას ყველაფრის დანახვა შეუძლია. ხალხის მოახლოებისას იესო ეძახის ხეზე მჯდომ ზაქეს: „ჩამოდი სწრაფად, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე“. ზაქე სიხარულით ჩამოდის ხიდან და სახლისკენ მიიჩქარის, რათა მოემზადოს განსაკუთრებული სტუმრის მისაღებად.
ამის დანახვაზე ხალხი უკმაკოფილებას გამოხატავს. ისინი შეუფერებლად მიიჩნევენ ასეთ ადამიანთან იესოს სტუმრობას. ზაქე ხომ მებაჟეობაში ფულის უპატიოსნოდ გამოძალვით გამდიდრდა.
მრავალი ადამიანი მიჰყვება იესოს და, როცა ზაქეს სახლში შედიან, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ: „ცოდვილ კაცთან შევიდა“. მაგრამ იესო ზაქეში მომავალ მომნანიებელს ხედავს. იესოს მოლოდინი მართლდება; ზაქე დგება და აცხადებს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ“.
თავისი ქონების ნახევრის ღარიბებისთვის დარიგებითა და მეორე ნახევრის მათთვის დაბრუნებით, ვინც ადრე მოატყუა, ზაქე ამტკიცებს, რომ გულწრფელად ინანიებს. როგორც ჩანს, საგადასახადო სიებიდან მას შეუძლია გამოთვალოს, თუ ვის რამდენი უნდა დაუბრუნოს. ამიტომ ის ფიცს დებს, რომ ოთხმაგად აუნაზღაურებს მათ, როგორც ამას ღვთის რჯული მოითხოვს, სადაც ნათქვამია: „თუ ვინმე. . . ცხვარს მოიპარვს. . . ცხვრის წილ ოთხი ცხვარი უნდა ზღოს“.
იესო გახარებულია იმით, რომ ზაქე თავისი ქონების დარიგების აღთქმას იძლევა, რაც ჩანს მის სიტყვებში: „დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რაკი ისიც აბრაამის ძეა. ვინაიდან კაცის ძე მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად“.
ცოტა ხნის წინ, დაკარგული ძის შესახებ იგავში, იესომ თვალსაჩინოდ აჩვენა ‘დაკარგულის’ მდგომარეობა. ახლა კი დაკარგული პიროვნების პოვნის შესახებ ცხოვრებისეული მაგალითი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური წინამძღოლები და მათი მიმდევრები ბუზღუნებენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ იესო ყურადღებას აქცევს ზაქეს მსგავს პიროვნებებს, იესო განაგრძობს აბრაამის დაკარგული ძეების ძებნასა და მათ სწორ გზაზე დაბრუნებას. მათე 20:29–34; მარკოზი 10:46–52; ლუკა 18:35—19:10; გამოსვლა 21:37.
▪ როგორც ჩანს, სად ხვდება იესო ბრმა მათხოვრებს და რას უკეთებს მათ?
▪ ვინ არის ზაქე და რატომ ადის ის ხეზე?
▪ როგორ ამტკიცებს ზაქე თავის მონანიებას?
▪ რა შეგვიძლია ვისწავლოთ ზაქესადმი იესოს მოპყრობიდან?