არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო ასწავლის ნიკოდემოსს

იესო ასწავლის ნიკოდემოსს

თავი 17

იესო ასწავლის ნიკოდემოსს

პასექის დღესასწაულზე, ახ. წ. 30 წელს, იესო საოცარ ნიშნებს ანუ სასწაულებს ახდენს. ამის შედეგად მრავალს უჩნდება იესოსადმი რწმენა. ნიკოდემოსი სინედრიონის, იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს, წევრი განცვიფრებულია და უფრო მეტის გაგება სურს. ამიტომ ის ღამით მიდის იესოსთან, ვინაიდან, ალბათ, ეშინია, არავინ დაინახოს და სხვა იუდეველი წინამძღოლების წინაშე არ შეილახოს მისი რეპუტაცია.

„რაბი, — ეუბნება ის, — ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისაგან მოსული, ვინაიდან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის“. იესო პასუხობს, რომ ღვთის სამეფოში შესასვლელად პიროვნება ‘ხელახლა უნდა იშვას’.

მაგრამ როგორ შეიძლება პიროვნება ხელახლა იშვას? „ნუთუ შეძლებს თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?“ — კითხულობს ნიკოდემოსი.

არა, ეს ხელახლა დაბადებას არ ნიშნავს. „ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, — განმარტავს იესო, — ვერ შევა ღვთის სასუფეველში“. როცა იესო მოინათლა და სულიწმიდა გადმოვიდა მასზე, ის დაიბადა „წყლისა და სულისგან“. ზეციდან გაცხადებით: „ეს არის ჩემი. . . ძე, რომელიც მოვიწონე მე“, — ღმერთმა გვამცნო, რომ მან შვა სულიერი ძე, რომელსაც ჰქონდა ზეციერ სამეფოში შესვლის პერსპექტივა. მოგვიანებით, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, სხვა მონათლულებზეც გადმოვა სულიწმიდა და ამგვარად ისინიც ხელახლა იშვებიან და ღვთის სულიერი ძეები გახდებიან.

მაგრამ ღვთის განსაკუთრებული მიწიერი ძის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, — ეუბნება იესო ნიკოდემოსს, — ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძე. რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“. დიახ, როგორც იმ ისრაელებს, რომლებსაც შხამიანი გველები ჰკბენდნენ, გადასარჩენად სპილენძის გველისთვის უნდა შეეხედათ, ასევე თითოეულ ადამიანს სჭირდება რწმენა ღვთის ძის მიმართ, რათა თავი დააღწიოს მოკვდავ მდგომარეობას.

იესო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მოქმედებას და ნიკოდემოსს ეუბნება: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“. ამგვარად, აქ, იერუსალიმში, თავისი მსახურების დაწყებიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ იესო ცხადყოფს, რომ იეჰოვა ღმერთი მისი მეშვეობით იხსნის კაცობრიობას.

იესო ნიკოდემოსს განუმარტავს: „რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე წუთისოფლად, რომ განეკითხა წუთისოფელი“, ესე იგი, არა განსაკითხავად, ანუ მისთვის მსჯავრის დასადებად, ადამიანებისთვის განადგურების განაჩენის გამოსატანად, არამედ, როგორც იესო ამბობს, ის გამოიგზავნა ‘წუთისოფლის გადასარჩენად’.

შეშინებული ნიკოდემოსი ღამის სიბნელეში მიდის იესოსთან. ამიტომ საინტერესოა, რომ იესო მასთან საუბარს ასე ამთავრებს: „განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი [რომელსაც იესო ირეკლავდა თავისი ცხოვრებითა და სწავლებებით] მოვიდა წუთისოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი. ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმენი. ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი“. იოანე 2:23—3:21; მათე 3:16, 17; საქმეები 2:1–4; რიცხვნი 21:9.

▪ რა აიძულებს ნიკოდემოსს, იესოსთან მივიდეს და რატომ მიდის ღამით?

▪ რას ნიშნავს ‘ხელახლა შობა’?

▪ როგორ ხსნის იესო თავის როლს ჩვენს გადარჩენაში?

▪ რას ნიშნავს, რომ იესო წუთისოფლის განსაკითხავად არ მოსულა?