არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო ასწავლის სამარიელ ქალს

იესო ასწავლის სამარიელ ქალს

თავი 19

იესო ასწავლის სამარიელ ქალს

იუდეიდან გალილეაში იესო და მისი მოწაფეები სამარიის გავლით მიდიან. შუადღისას, მგზავრობით დაღლილები, დასასვენებლად ჩერდებიან ქალაქ სიქარის მახლობლად მდებარე ჭასთან. ეს ჭა საუკუნეების წინათ ამოთხარა იაკობმა და ის დღემდე არსებობს თანამედროვე ქალაქ ნაბლუსის მახლობლად.

ვიდრე იესო აქ ისვენებს, მისი მოწაფეები ქალაქში მიდიან საჭმლის საყიდლად. სამარიელ ქალს, რომელიც წყლის ამოსაღებად მოდის, იესო სთხოვს: „წყალი დამალევინე“.

საერთოდ, იუდეველებსა და სამარიელებს ღრმად ფესვგადგმული წინასწარშექმნილი ცუდი აზრის გამო ურთიერთობა არა აქვთ ერთმანეთთან. ამიტომ გაოცებული ქალი ეკითხება: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს დამალევინეო?“

— შენ რომ იცოდე ღვთის ნიჭი, — პასუხობს იესო, — და ის, ვინც გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს.

— ბატონო, — ეუბნება ქალი, — არც ასავსები ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი? ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა გვიბოძა, და თვითონაც აქედან სვამდა, მისი ძენიც და მისი საქონელიც?

— ყველას, ამ წყლის მსმელს, კვლავ მოსწყურდება, — განუმარტავს იესო, — ხოლო ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.

— ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ, — სთხოვს ქალი.

— წადი, მოუხმე შენს ქმარს და მოდი აქ, — მიმართავს იესო.

— მე არ მყავს ქმარი, — პასუხობს ის.

— მართალი თქვი: მე ქმარი არა მყავსო, — უდასტურებს იესო. — რადგან ხუთი ქმარი გყავდა და ის, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი.

— ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ, — ეუბნება გაოცებული ქალი.

ის სულიერი საკითხებით ინტერესდება და ამბობს: „[სამარიელები] ამ მთაზე [გერიზიმზე, რომელიც მახლობლად მდებარეობს] სცემდნენ თაყვანს, თქვენ [იუდეველები] კი ამბობთ, იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს“.

მაგრამ იესო ხსის, რომ მნიშვნელობა არა აქვს, თუ სად სცემ ღმერთს თაყვანს. „დგება ჟამი, — ამბობს ის, — როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“.

ეს ქალზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

— ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე, — ამბობს ის. — ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს.

— მე ვარ, რომელიც გელაპარაკება შენ, — ეუბნება იესო.

მხოლოდ დაფიქრდი! იესო საოცარ კეთილგანწყობილებას ავლენს ამ ქალის მიმართ, რომელიც შუადღისას შეიძლება იმიტომ მიდის წყლის ამოსაღებად, რომ ერიდება თანაქალაქელ ქალებთან შეხვედრას, რომლებიც მისი ცხოვრების წესის გამო აბუჩად იგდებენ. მან პირდაპირ უთხრა ქალს ის, რაც ასე აშკარად არავისთვის უთქვამს. რა მოჰყვა ამას შედეგად?

მრავალმა სამარიელმა ირწმუნა

მოწაფეები ბრუნდებიან სიქარიდან, მოაქვთ საჭმელი და ხედავენ, რომ იესო ზის იაკობის ჭასთან, სადაც დატოვეს, და სამარიელ ქალს ელაპარაკება. როცა მოწაფეები მოდიან, ქალი ტოვებს თავის დოქს და ქალაქში მიდის.

იესოს მოყოლილით ძალიან დაინტერესებული ქალი ქალაქში მყოფ მამაკაცებს ეუბნება: „წადით, ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი რამ ჩამიდენია“. შემდეგ ცნობისმოყვარეობის აღძვრის მიზნით, ის ეკითხება: „იგი ხომ არაა ქრისტე?“ კითხვა მიზანს აღწევს — მამაკაცები მიდიან, რათა თვითონ იხილონ ყოველივე.

ამასობაში მოწაფეები იესოს უხმობენ, რათა ჭამონ ქალაქიდან ჩამოტანილი საჭმელი. მაგრამ იესო პასუხობს: „მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით“.

„ნუთუ მას საჭმელი მოუტანა ვინმემ?“ — ერთმანეთს ეკითხებიან მოწაფეები. იესო განუმარტავს: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე. განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ ოთხი თვე, და დადგება მკა?“ მაგრამ იესო სულიერ მკაზე მიუთითებს და ეუბნება: „აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად. მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ“.

შესაძლოა, იესო წინასწარ ხედავს იმ დიდ ეფექტს, რაც სამარიელ ქალთან მის შეხვედრას მოჰყვება — ქალის დამოწმებით მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იესო. ის უმოწმებს ქალაქის მოსახლეობას და ეუბნება: „ყველაფერი მითხრა, რაც კი რამ ჩამიდენია“. ამიტომ, როცა სიქარელი მამაკაცები ჭასთან მიდიან, იესოს სთხოვენ, დარჩეს მათთან და უფრო მეტი მოუყვეს. იესო თანხმდება და ორი დღე მათთან რჩება.

სამარიელები უსმენენ იესოს და კიდევ მრავალს უჩნდება რწმენა მის მიმართ. შემდეგ ისინი ქალს ეუბნებიან: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის წუთისოფლის მხსნელი“. ნამდვილად, სამარიელმა ქალმა დაგვიტოვა იმის შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დავამოწმოთ იესოს შესახებ ისე, რომ მსმენელებში აღვძრათ ცნობისმოყვარეობა, რათა შემდეგ თვითონ განაგრძონ კვლევა!

გახსოვდეს, რომ მკამდე ოთხი თვეა დარჩენილი — როგორც ჩანს, ქერის მკამდე, რომელიც პალესტინაში გაზაფხულზეა. ამიტომ ახლა ნოემბერი ან დეკემბერია. ეს ნიშნავს, რომ ახ. წ. 30 წლის პასექის შემდეგ, რვა თვის განმავლობაში, იესო და მისი მოწაფეები იუდეაში ასწავლიან და ნათლავენ ხალხს. ახლა ისინი მშობლიურ გალილეაში მიდიან. რა ელით მათ იქ? იოანე 4:3–43.

▪ რატომ უკვირს სამარიელ ქალს იესო რომ ელაპარაკება?

▪ რას ასწავლის მას იესო ცოცხალი წყლისა და თაყვანისცემის ადგილის შესახებ?

▪ როგორ უმხელს იესო თავის ვინაობას და რატომ არის ეს ასე საოცარი?

▪ როგორ ამოწმებს სამარიელი ქალი და რა შედეგით?

▪ როგორ უკავშირდება იესოს საკვები მკას?

▪ რით შეგვიძლია, განვსაზღვროთ იესოს მსახურების ხანგრძლივობა იუდეაში ახ. წ. 30 წლის შემდეგ?