არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო აქარვებს ქვრივის ვარამს

იესო აქარვებს ქვრივის ვარამს

თავი 37

იესო აქარვებს ქვრივის ვარამს

ასისთავის მონის განკურნებიდან ცოტა ხნის შემდეგ იესო მიემგზავრება ქალაქ ნაინში, რომელიც კაპერნაუმის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და მისგან 30 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული. მას თან ახლავს მოწაფეები და უამრავი ხალხი. შესაძლოა, მოსაღამოებისას ისინი უახლოვდებიან ნაინის გარეუბანს. აქ ისინი ხვდებიან დამკრძალავ პროცესიას. ქალაქიდან მოასვენებენ ახალგაზრდა მამაკაცს.

დედის მდგომარეობა განსაკუთრებით ტრაგიკულია, ვინაიდან ქვრივია, მკვდარი კი მისი ერთადერთი შვილია. ქმრის დაღუპვის შემდეგ ის, ფაქტიურად, ნუგეშს თავის ძეში პოულობდა. მისი იმედები, სურვილები და მიზნები მთლიანად შვილის მომავლისკენ იყო მიმართული. მაგრამ ახლა ვერავისში პოულობს ნუგეშს. დიდია მისი მწუხარება, როცა თანაქალაქელებთან ერთად სასაფლაოზე მიდის.

ქალის დანახვაზე იესოს გული შეძრა მისმა უზომო მწუხარებამ. ამიტომ ალერსიანი და, ამავე დროს, ნდობის ჩამნერგავი სიმტკიცით ეუბნება მას: „ნუ სტირი“. მისი მანერა და მოქმედება ხალხის ყურადღებას იპყრობს. როცა ის უახლოვდება და ეხება საკაცეს, რომლითაც მკვდარს მიასვენებენ, ისინი, ვისაც საკაცე მიაქვთ, ჩერდებიან. ალბათ, ყველა დაინტერესებულია და ელის, თუ რას გააკეთებს ის.

მართალია, იესოს თანამგზავრებს არაერთხელ უნახავთ, თუ როგორ კურნავდა დაავადებებისგან იესო სასწაულით მრავალ ადამიანს. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ არასდროს უნახავთ, რომ მას ვინმე მკვდრეთით აღედგინოს. შეუძლია მას ამის გაკეთება? იესო უბრძანებს ცხედარს: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“ და ჭაბუკი წამოჯდება! ის იწყებს ლაპარაკს და იესო დედამისს გადასცემს შვილს.

როცა ხალხი ხედავს, რომ ჭაბუკი ნამდვილად გაცოცხლდა, ერთმანეთში იწყებენ ლაპარაკს: „დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარაო ჩვენს შორის“. სხვები ამბობენ: „ღმერთმა მოხედაო თავის ხალხს“. ახალი ამბავი ამ საოცარი შემთხვევის შესახებ სწრაფად ვრცელდება მთელს იუდეასა და მის შემოგარენში.

იოანე ნათლისმცემელი ჯერაც ციხეშია და სურს, უფრო მეტი გაიგოს იმ საქმეების შესახებ, რომელთა გაკეთებაც იესოს შეუძლია. მოწაფეები უყვებიან იოანეს ამ სასწაულის შესახებ. როგორია მისი რეაქცია? ლუკა 7:11–18.

▪ რა ხდება, როცა იესო ნაინს უახლოვდება?

▪ როგორ მოქმედებს იესოზე ნანახი და რას აკეთებს ის?

▪ როგორ ეხმაურება ხალხი იესოს სასწაულს?