არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო განსჯის თავის მოწინააღმდეგეებს

იესო განსჯის თავის მოწინააღმდეგეებს

თავი 109

იესო განსჯის თავის მოწინააღმდეგეებს

იესომ თავისი პასუხებით იმდენად შეაცბუნა რელიგიური მოწინააღმდეგეები, რომ შიშით ვეღარაფერს ეკითხებიან. ამიტომ ის თვითონ ავლენს ინიციატივას, რათა გამოააშკარაოს მათი უმეცრება.

— რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? — ეკითხება ის. — ვისი ძეა იგი?

— დავითისა, — პასუხობენ ფარისევლები.

თუმცა იესო არ უარყოფს, რომ დავითი არის ქრისტეს, ანუ მესიის, ფიზიკური წინაპარი, ის ეკითხება:

— აბა როგორღა უწოდებს დავითი სულში მას უფალს [109-ე ფსალმუნში], როცა ამბობს: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად’? თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მისი ძე როგორღაა?

ფარისევლები ხმას არ იღებენ, რადგან მათ არ იციან ქრისტეს, ანუ ცხებულის, ნამდვილი ვინაობა. მესია დავითის მხოლოდ ხორციელი შთამომავალი როდია, როგორც, ალბათ, ფარისევლებს სწამთ, არამედ ის არსებობდა ზეცაში და იყო დავითზე უფრო დიდი, ანუ უფალი.

იესო ახლა მიმართავს ხალხსა და თავის მოწაფეებს და აფრთხილებს მწიგნობრებისა და ფარისევლების შესახებ. რადგან ისინი ღვთის რჯულს ასწავლიან და „მოსეს ტახტზე დასხდნენ“, იესო ურჩევს: „ამიტომ, ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით“. მაგრამ ის ამატებს: „ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, არკი ასრულებენ“.

ისინი თვალთმაქცები არიან და იესო განსჯის მათ იმავე სიტყვებით, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ, ფარისევლის სახლში სადილობისას გააკეთა. „ყველა თავიანთ საქმეს, — ამბობს ის, — აკეთებენ კაცთა დასანახად“ (სსგ) და მოჰყავს მაგალითები:

„იფართოვებენ თავიანთ ფილაკტერიონებს“. ესენი პატარა კოლოფებია, რომლებსაც ატარებენ შუბლზე ან მკლავზე და მათში მოთავსებულია კანონის ოთხი ნაწილი: გამოსვლა 13:1–10, 11–16 და მეორე რჯული 6:4–9; 11:13–21. მაგრამ ფარისევლებს ამ კოლოფების ზომის გადიდებით სურთ, ისეთი შთაბეჭდილება დატოვონ, თითქოს რჯულის მიმართ ძალიან მოშურნეები არიან.

იესო განაგრძობს, რომ ისინი „იგრძელებენ სამოსის ფოჩებს“. რიცხვნის 15:38–40-ში ისრაელებს მითითება მიეცათ, რომ სამოსელისთვის ფოჩები გაეკეთებინათ; მაგრამ ფარისევლები სხვებთან შედარებით უფრო გრძელ ფოჩებს უკეთებენ თავიანთ სამოსელს. ყველაფერი მოსაჩვენებლად კეთდება! „უყვართ სათავეში ჯდომა“, — აცხადებს იესო.

სამწუხაროა, რომ თვითონ იესოს მოწაფეებიც კი მოექცნენ სურვილის გავლენაში — ყოფილიყვნენ გამოჩენილნი. ამიტომ იესო არიგებს: „თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზედ, ვინაიდან ერთი მამა გყავთ — ზეციერი. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე“. მოწაფეებს თავიდან უნდა მოეშორებინათ პირველობის სურვილი! „უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს“, — შეაგონებს იესო.

შემდეგ ის წარმოთქვამს რამდენიმე „ვაის“ მწიგნობრებისა და ფარისევლების მიმართ და მათ ისევ თვალთმაქცებს უწოდებს. ისინი ‘ცათა სასუფეველს კეტავენ ადამიანთა წინაშე, — ამბობს იესო, — და გადასჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ’.

„ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო“, — ეუბნება იესო. ის განსჯის ფარისევლებს სულიერი ფასეულობების უქონლობის გამო, რაც ცხადი ხდება მათ მიერ დადგენილი თვითნებური შეზღუდვებიდან. მაგალითად, ისინი ამბობენ: „ვინც ტაძარს დაიფიცებს ეს არაფერია; ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულიაო“. იმით, რომ ტაძრის ოქროს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე თაყვანისცემის ადგილის სულიერ ფასეულობებს, ისინი ამჟღავნებენ თავიანთ სულიერ სიბრმავეს.

შემდეგ, როგორც ეს ადრე გააკეთა, იესო განსჯის ფარისევლებს იმის უგულებელყოფისთვის, „რაც უფრო მთავარია რჯულში — განკითხვა, წყალობა და სარწმუნოება“, რადგან ისინი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ იმ მცენარეების მეათედის გადახდას, რომლებსაც სანელებლებად იყენებენ.

იესო ფარისევლებს ‘ბრმა წინამძღოლებს, კოღოს მწურავებსა და აქლემის მშთანთქმელებს’ უწოდებს! ისინი თავიანთი ღვინოებიდან კოღოებს მარტო იმის გამო კი არ სწურავენ, რომ ის მწერია, არამედ იმიტომ, რომ ის რიტუალის მიხედვით უწმინდურია. მაგრამ რჯულის უფრო მნიშვნელოვანი საკითხების უგულებელყოფა აქლემის გადაყლაპვის მსგავსია, რომელიც, ასევე რიტუალის მიხედვით, უწმინდური ცხოველია. მათე 22:41—23:24; მარკოზი 12:35–40; ლუკა 20:41–47; ლევიანნი 11:4, 21–24.

▪ რატომ ჩუმდებიან ფარისევლები, როცა იესო ეკითხება იმის შესახებ, რაც ფსალმუნის 109-ე თავში დავითზეა ნათქვამი?

▪ რატომ იფართოებენ ფარისევლები თავიანთ ფილაკტერიონებს და რატომ იგრძელებენ ტანსაცმლის ფოჩებს?

▪ რა რჩევას აძლევს იესო თავის მოწაფეებს?

▪ რა თვითნებურ შეზღუდვებს ადგენენ ფარისევლები და როგორ განსჯის იესო მათ უფრო მნიშვნელოვანი საქმეების უგულებელყოფისთვის?