არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო და ასტროლოგები

იესო და ასტროლოგები

თავი 7

იესო და ასტროლოგები

აღმოსავლეთიდან მოდის რამდენიმე მამაკაცი. ისინი ასტროლოგები არიან — ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ ვარსკვლავების განლაგების მნიშვნელობის ახსნა. აღმოსავლეთში, სახლში ყოფნის დროს, მათ ახალი ვარსკვლავი დაინახეს, მიჰყვნენ მას და ამ ვარსკვლავმა ისინი მიიყვანა იერუსალიმამდე, რომელიც მათი სახლიდან ასობით კილომეტრითაა დაშორებული.

იერუსალიმში შესვლისას ასტროლოგები კითხულობენ: „სად არის იუდეველთა მეფე, რომ იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“.

იერუსალიმში მყოფი მეფე ჰეროდე ამის გაგონებაზე ძალიან ბრაზდება. იბარებს მღვდელმთავრებს და ეკითხება, თუ სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე. ისინი, საღვთო წერილზე დაფუძნებით, პასუხობენ: „ბეთლემში“. ჰეროდე უხმობს ასტროლოგებს და ეუბნება: „წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას“. მაგრამ, სინამდვილეში, ჰეროდეს ბავშვის პოვნა იმიტომ სურს, რომ მოკლას ის!

მათი წასვლის შემდეგ სასწაული ხდება. აღმოსავლეთში დანახული ვარსკვლავი მათ წინ მიუძღვება. ნათელია, რომ ეს ჩვეულებრივი ვარსკვლავი არ არის, არამედ სპეციალურად იმისთვისაა განკუთვნილი, რომ მათ გაუძღვეს. ასტროლოგები ვარსკვლავს მანამდე მიჰყვებიან, ვიდრე ზუსტად იმ სახლის ზემოთ არ ჩერდება, სადაც იოსები და მარიამი არიან.

სახლში შესვლისას ასტროლოგები ხედავენ მარიამს პატარა იესოსთან ერთად. ისინი თაყვანს სცემენ მას და ჩანთებიდან იღებენ საჩუქრებს: ოქროს, გუნდრუკსა და მურს. შემდეგ, როცა ისინი უკვე წასვლას აპირებენ, რათა ჰეროდეს გააგებინონ ბავშვის ადგილსამყოფელი, სიზმარში ღმერთი აფრთხილებს, არ გააკეთონ ეს. ამიტომ ისინი თავიანთ ქვეყანაში სხვა გზით ბრუნდებიან.

როგორ ფიქრობ, ვინ აამოძრავა ვარსკვლავი ასტროლოგებისთვის გზის საჩვენებლად? გაიხსენე, ვარსკვლავს ისინი პირდაპირ იესოსთან, ბეთლემში არ მიუყვანია. პირიქით, ამ ვარსკვლავმა ისინი იერუსალიმში მიიყვანა, სადაც შეხვდნენ მეფე ჰეროდეს, რომელსაც იესოს მოკვლა სურდა. და ის გააკეთებდა ამას, ღმერთი რომ არ ჩარეულიყო და ასტროლოგები არ გაეფრთხილებინა, ჰეროდესთვის არ გაემხილათ იესოს ადგილსამყოფელი. ვარსკვლავი აამოძრავა ღვთის მტერმა, სატანა ეშმაკმა, რომელსაც იესოს მოკვლა სურდა და ამ ვარსკვლავის გამოყენებით შეეცადა თავისი მიზნის განხორციელებას. მათე 2:1–12; მიქა 5:1.

▪ რა ცხადყოფს, რომ ასტროლოგების მიერ დანახული ვარსკვლავი ჩვეულებრივი არ იყო?

▪ სად ნახულობენ ასტროლოგები იესოს?

▪ საიდან ვიცით, რომ სატანამ გაუმძღვარა ასტროლოგებს ვარსკვლავი?