არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო და მდიდარი ახალგაზრდა მთავარი

იესო და მდიდარი ახალგაზრდა მთავარი

თავი 96

იესო და მდიდარი ახალგაზრდა მთავარი

როცა იესო პერეას გავლით იერუსალიმში მიდის, მასთან მირბის ახალგაზრდა მამაკაცი და მის წინაშე მუხლებზე ეცემა. ამ მამაკაცს მთავარს უწოდებენ, რაც შეიძლება იმას ნიშნავს, რომ მას ადგილობრივ სინაგოგაში გამოჩენილი მდგომარეობა უკავია ან სინედრიონის წევრიც კია. ის ძალიან მდიდარიცაა.

— კეთილო მოძღვარო, — ეკითხება ის, — რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?

— რატომ მიწოდებ მე კეთილს? — პასუხობს იესო. — არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღვთისა.

შეიძლება ახალგაზრდა მამაკაცი სიტყვა „კეთილს“ იყენებს, როგორც წოდებას, ამიტომ იესო უხსნის, რომ ასეთი წოდება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის.

— თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებანი, — განაგრძობს იესო.

— რომელნი? — ეკითხება მამაკაცი.

იესო ათი აღთქმიდან ხუთის ციტირებით პასუხობს:

— არა კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ. პატივი ეცი მამას და დედას, — და იესო ამატებს უფრო მნიშვნელოვან აღთქმასაც: — შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

— ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი, — გულწრფელად პასუხობს მამაკაცი. — რაღა მაკლია კიდევ?

მამაკაცის დაჟინებულ და გულწრფელ თხოვნაზე, იესოს მისადმი სიყვარულის გრძნობა ეუფლება. მაგრამ ის მატერიალური სიმდიდრისადმი სიყვარულს ატყობს მას და მიუთითებს შემდეგ აუცილებლობაზე:

— ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი.

იესო, ეჭვგარეშეა, სიბრალულით უყურებს, თუ როგორ დგება მამაკაცი და ღრმად დამწუხრებული მიდის. მას თავისი სიმდიდრე აბრმავებს და ვერ ხედავს ჭეშმარიტი განძის ფასს. „რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში“, — წუხს იესო.

მოწაფეებს აოცებთ იესოს სიტყვები. მაგრამ ისინი უფრო ოცდებიან მაშინ, როცა იესო ეუბნება ზოგად პრინციპს: „უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში“.

— ვისღა შეუძლია გადარჩეს? — აინტერესებთ მოწაფეებს.

იესო პირდაპირ უყურებს მათ და პასუხობს:

— ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია.

პეტრე აღნიშნავს, რომ მათ მდიდარი ახალგაზრდისგან სრულიად განსხვავებული არჩევანი გააკეთეს და ამბობს: „აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოგყევით“. ამიტომ ის ეკითხება:

— რა გვექნება?

— მეორედ შობისას („ხელახლა შექმნისას“, აქ), — აღუთქვამს იესო, — როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად.

დიახ, იესო ცხადყოფს, რომ დედამიწაზე ხელახლა აღდგება ედემის ბაღის მსგავსი პირობები. პეტრე და სხვა მოწაფეები კი მიიღებენ ჯილდოს: ქრისტესთან ერთად უხელმძღვანელონ ამ სამოთხეს მთელ დედამიწაზე. ნამდვილად, ასეთი ჯილდო ნებისმიერ მსხვერპლად ღირს!

მაგრამ იესო გვარწმუნებს:

— არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა, და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები, და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში — საუკუნო სიცოცხლე.

იესოს აღთქმის თანახმად, მთელ მსოფლიოში, სადაც არ უნდა წავიდნენ მისი მოწაფეები, გაიხარებენ თანაქრისტიანებთან ურთიერთობით, რომელიც უფრო ახლო და ძვირფასია, ვიდრე ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. მდიდარი ახალგაზრდა მთავარი, როგორც ჩანს, კარგავს ორივეს, როგორც ამას, ასევე ღვთის სამეფოში მარადიული ცხოვრების ჯილდოს.

შემდეგ იესო ამატებს: „მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი — პირველნი“. რას გულისხმობს ის?

მრავალი ადამიანი, რომლებიც „პირველნი“ არიან რელიგიური უპირატესობებით სარგებლობაში, როგორც ის მდიდარი ახალგაზრდა მთავარი, ვერ შევა სამეფოში. ისინი „უკანასკნელნი“ იქნებიან. მაგრამ მრავალი, იესოს თავმდაბალი მოწაფეების ჩათვლით, რომლებსაც თვითკმაყოფილი ფარისევლები ზემოდან დაჰყურებენ, როგორც უკანასკნელებს, როგორც მიწის ხალხს, ანუ „‛ამ ჰა·’აʹრეც“-ს, „პირველნი“ გახდებიან. მათი ‘პირველებად’ გახდომა ნიშნავს, რომ ისინი მიიღებენ სამეფოში ქრისტესთან ერთად მმართველობის უპირატესობას. მარკოზი 10:17–31; მათე 19:16–30; ლუკა 18:18–30.

▪ როგორც ჩანს, რა რანგის მმართველია ახალგაზრდა მდიდარი მამაკაცი?

▪ რატომ უარყოფს იესო, რომ კეთილად იწოდოს?

▪ როგორ აჩვენებს ახალგაზრდა მთავრის მაგალითი, რომ სიმდიდრის ქონა საშიშროებას წარმოადგენს?

▪ რა ჯილდოებს აღუთქვამს იესო თავის მიმდევრებს?

▪ როგორ გახდებიან პირველნი უკანასკნელნი და უკანასკნელნი პირველნი?