არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო კვლავ იერუსალიმში მიდის

იესო კვლავ იერუსალიმში მიდის

თავი 82

იესო კვლავ იერუსალიმში მიდის

მალე იესო კვლავ გზაშია, ასწავლის ქალაქიდან ქალაქსა და სოფლიდან სოფელში. როგორც ჩანს, ის იმყოფება პერეაში, რომელიც იორდანეს მეორე ნაპირზე, იუდეის მოპირდაპირე მხარეს, მდებარეობს. მაგრამ მას გეზი იერუსალიმისკენ აქვს აღებული.

იუდეველთა ფილოსოფიის თანახმად, მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ადამიანები დაიმსახურებდნენ გადარჩენას და, შესაძლოა, ამან აღძრა ერთი კაცი, ეკითხა: „უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?“ თავისი პასუხით იესო აღძრავს ხალხს იფიქრონ, თუ რა არის საჭირო გადასარჩენად: „იღვაწეთ [ესე იგი იბრძოლეთ ან იტანჯეთ], რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან“.

ასეთი დიდი ძალისხმევა უკიდურესად აუცილებელია, „რადგან, — განაგრძობს იესო, — მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს“. რატომ ვერ შეძლებენ? ის განმარტავს: „სახლის პატრონი წამოდგება და დაკეტავს კარს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და ეტყვით: ‘ბატონო, ბატონო, გაგვიღე!’ მაგრამ ის პასუხად გეტყვით: ‘გეუბნებით, არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, უსამართლობის მოქმედნო’“.

ეს გარეთ დატოვებული ადამიანები, როგორც ჩანს, იმ დროს მიდიან, როცა თვითონ აწყობთ. მაგრამ მაშინ კარები, ესე იგი მასში შესვლის შესაძლებლობა — დახურული და ჩაკეტილია. შიგნით შესასვლელად ისინი ადრე უნდა მისულიყვნენ, მაშინაც კი, თუ ეს მოუხერხებელი იყო მათთვის. მართლაც, ცუდი ბოლო ელით მათ, რომლებიც იეჰოვასადმი მსახურებას გადადებენ და თავიანთ ცხოვრებაში ამას პირველ ადგილს არ უთმობენ!

იუდეველები, რომლებთანაც იესო გაგზავნილი იყო საქადაგებლად, უმეტესწილად ხელიდან უშვებენ შესანიშნავ შესაძლებლობას, მიიღონ ღვთისგან გადამრჩენი ღონისძიება. ამიტომ იესო ამბობს, რომ ისინი იტირებენ და კბილებს ააღრჭიალებენ, როცა გარეთ განიდევნებიან. მეორე მხრივ, ხალხი „აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან“ — დიახ, ყოველი ერიდან — „ინახად დასხდებიან ღვთის სასუფეველში“.

იესო განაგრძობს: „არიან უკანასკნელნი [ათვალწუნებული არაიუდეველები და ჩაგრული იუდეველები], რომელნიც პირველნი იქნებიან, და არიან პირველნი [მატერიალური და რელიგიური უპირატესობების მქონე იუდეველები], რომელნიც უკანასკნელნი იქნებიან“. ისინი უკანასკნელები არიან იმ გაგებით, რომ ასეთი უმოქმედო, უმადური ადამიანები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.

ახლა ფარისევლები მიდიან იესოსთან და ეუბნებიან: „წადი, გაეცალე აქაურობას, რადგან ჰეროდეს [ანტიპას] შენი მოკვლა უნდა“. შეიძლება ჰეროდემ თვითონ გაავრცელა ეს ხმები, რათა იესო გაქცეულიყო ამ მხარიდან. ჰეროდეს შეიძლება ეშინოდა, არ გარეულიყო ღვთის კიდევ ერთი წინასწარმეტყველის მკვლელობაში, როგორც ეს იოანე ნათლისმცემლის მოკვლის შემთხვევაში იყო. მაგრამ იესო ეუბნება ფარისევლებს: „წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღესა და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ“.

აქ მსახურების დამთავრების შემდეგ იესო მოგზაურობას განაგრძობს იერუსალიმისკენ, ვინაიდან, როგორც თვითონ ამბობს: „არ იქნება, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმს გარეთ დაიღუპოს“. რატომ არის სავარაუდო იესოს მოკვლა იერუსალიმში? იერუსალიმი არის დედაქალაქი, სადაც იმყოფება სინედრიონის, იუდეველთა უზენაესი სასამართლოს, 71 წევრი და სადაც სწირავენ ცხოველურ მსხვერპლს. ამიტომ დაუშვებელი იყო, რომ „ღვთის კრავი“ იერუსალიმის გარდა სადმე სხვაგან მოკლულიყო.

„იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა! — გოდებს იესო. — რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი კრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ. აჰა, სახლი ოხრად გრჩებათ“. ღვთის ძის უარყოფამ ერი დასაღუპავად გასწირა.

იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე ფარისეველთა ერთ-ერთი მთავარი იესოს სახლში იწვევს. შაბათია და ხალხი თვალყურს ადევნებს, რადგან ერთ-ერთი იქ მყოფი მამაკაცი იტანჯება წყალმანკით, ანუ წყლის დაგროვებით, შესაძლოა, მკლავებსა და ფეხებში. იესო მიმართავს იქ მყოფ ფარისევლებსა და რჯულის მცოდნეებს და ეკითხება: „შეიძლება თუ არა მკურნალობა შაბათს?“

ხმას არავინ იღებს. ამიტომ იესო კურნავს მამაკაცს და უშვებს. შემდეგ ის ეკითხება: „რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა იმ წამსვე არ ამოიყვანს, შაბათი დღეც რომ იყოს?“ კვლავ არავინ იღებს ხმას. ლუკა 13:22—14:6; იოანე 1:29.

▪ როგორც იესო ცხადყოფს, რა არის საჭირო გადარჩენისთვის და რატომ დარჩება მრავალი გარეთ?

▪ ვინ არიან „უკანასკნელნი“, რომლებიც პირველნი გახდებიან, და „პირველნი“, რომლებიც უკანასკნელნი გახდებიან?

▪ რატომ ამბობდნენ, რომ თითქოს ჰეროდეს იესოს მოკვლა სურდა?

▪ რატომ არის დაუშვებელი, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ მოიკლას?