არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო მოუწოდებს ოთხ მოწაფეს

იესო მოუწოდებს ოთხ მოწაფეს

თავი 22

იესო მოუწოდებს ოთხ მოწაფეს

მას შემდეგ, რაც მშობლიურ ნაზარეთში იესოს მოკვლას შეეცადნენ, ის გალილეის ზღვის პირას მდებარე ქალაქ კაპერნაუმში მიდის. ამით სრულდება ესაიას კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც ზღვის პირას მდებარე გალილეაში მცხოვრები ხალხი დიდ ნათელს იხილავდა.

იესო არის სინათლის მატარებელი და ის აქ განაგრძობს სამეფოს შესახებ ქადაგებას, რომლის დროსაც პოულობს თავის ოთხ მოწაფეს. ადრე ისინი მასთან ერთად დადიოდნენ, მაგრამ, როცა იესოსთან ერთად იუდეიდან დაბრუნდნენ, ისევ მეთევზეობას მიჰყვეს ხელი. ალბათ, იესო ეძებს მათ, ვინაიდან მას ახლა სჭირდება საიმედო, მუდმივი დამხმარეები, რომლებსაც ის მოამზადებს, რათა მის შემდეგ განაგრძონ მსახურება.

ზღვის პირას მოსეირნე იესო ხედავს სიმონ-პეტრესა და მის ამხანაგს, რომლებიც ბადეებს რეცხავენ და მათთან მიდის. ის ადის პეტრეს ნავში და სთხოვს, ნაპირს ცოტათი დააშოროს. როცა მცირე მანძილზე შედიან წყალში იესო ჯდება ნავში და იწყებს ნაპირზე მყოფი ხალხის დამოძღვრას.

შემდეგ იესო ეუბნება პეტრეს:

— შეცურდი ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად.

მოძღვარო, — პასუხობს პეტრე, — მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს.

როცა ბადეებს ისვრიან, იმდენ თევზს იჭერენ, რომ ბადეები დახევის პირასაა. ისინი სწრაფად ანიშნებენ მახლობელ ნავში მყოფ ამხანაგებს, რათა მივიდნენ და დაეხმარონ. მალე ორივე ნავი ისე ივსება თევზით, რომ ჩაძირვას იწყებს. ამის დანახვაზე პეტრე მუხლებზე ეცემა იესოს წინაშე და ეუბნება:

— გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.

— ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანებს დაიჭერ, — პასუხობს იესო.

იესო პეტრეს ძმას, ანდრიასაც, იწვევს. „მომყევით მე, — მოუწოდებს მათ, — და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“. მეთევზეობაში მათი პარტნიორები, იაკობი და იოანე, ზებედეს ძეები, იმავე მოწვევას ღებულობენ და ისინიც უყოყმანოდ ეხმაურებიან. ასე რომ, ეს ოთხი პიროვნება ტოვებს მეთევზეობას და იესოს პირველი საიმედო მუდმივი მიმდევარი ხდება. ლუკა 5:1–11; მათე 4:13–22; მარკოზი 1:16–20; ესაია 8:23; 9:1.

▪ რატომ მოუწოდებს იესო თავის მოწაფეებს, რომ მიჰყვნენ მას, და ვინ არიან ისინი?

▪ რომელი სასწაული აშინებს პეტრეს?

▪ რა სახის თევზაობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს იესო თავის მოწაფეებს?